ღვთისმსახურება - ეკლესიაში ადამიანს შესაძლებლობა აქვს, სასუფევლის მდგომარეობაში აღმოჩნდეს

2014-05-15, 8:23 PM


ადამისა და ევას შეცოდება უფალმა საკუთარი სისხლით გამოისყიდა. ადამიანთა მოდგმას კვლავ გაგვეხსნა გზა სასუფევლისაკენ. მაგრამ მისი დიდი წყალობა ამით არ ამოწურულა - ცოდვებითა და საზრუნავით დამძიმებულ წუთისოფელში მასთან რეალური შეხვედრის საშუალება მოგვცა. უფალი საბაოთი საიდუმლო სერობაზე თითოეულ ჩვენგანს ეპატიჟება. გვეპატიჟება ლიტურგიაზე, სადაც ხილულად მღვდელმსახურისა და უხილავად თავად უფლის მიერ ზეციურ მხედრობასთან ერთად უსისხლო მსხვერპლი შეიწირება, სადაც ჩვენი სულები საზრდოობს, ქრისტეს ეზიარება.

ხშირად ჩვენთვის ლიტურგიის ხილული, ხორციელი მხარის მნიშვნელობაც ნაკლებად არის ცნობილი, არადა, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, მთელი არსებით მივეცეთ ღვთისმსახურებას, როდესაც ვიცით, სინამდვილეში რა ხდება და როდის ხდება, თუმცაღა, არც მხოლოდ ეს ცოდნა განსაზღვრავს ლიტურგიაზე გულისყურით ყოფნას... ღმერთმა შეგვაძლებინოს. ჩვენი სტუმარი კი გახლავთ არქიდიაკონი დემეტრე (დავითაშვილი).

- მამაო, რას ნიშნავს ლიტურგია, რა დანიშნულება აქვს მას?

- ლიტურგია ბერძნული წაროშობის სიტყვაა და საზოგადო მსახურებას ნიშნავს. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველი მორწმუნისთვის, ვინაიდან ამ მსახურების დროს წმინდა ძღვენი შეიწირება - ლოცვისას პური და ღვინო მაცხოვრის უხრწნელ ხორცად და პატიოსან სისხლად გარდაიქცევა. ლიტურგიის დროს ადამიანი უფლის თანაზიარი ხდება, ღმერთი განხორციელდება ადამიანში და მასაც განაღმრთობს. ფაქტობრივად, აქ, ეკლესიაში ადამიანს შესაძლებლობა აქვს, სასუფევლის მდგომარეობაში აღმოჩნდეს, განიცადოს იგივე, რასაც კაცი გარდაცვალებისა და სასუფეველში მოხვედრის შემთხვევაში განიცდის. მაცხოვრის ხორცთან ზიარებით ადამიანის სულის განღმრთობა ხდება.

- ლიტურგიის დროს, უსისხლო მსხვერპლის შესაწირად მზადებისას, ხდება სახარებისეული მოვლენების გახსენება, მათი ერთგვარი თეატრალური გათამაშება...

- საზოგადოდ, მიმაჩნია, რომ ღვთისმსახურება გარკვეულწილად თეატრალური უნდა იყოს, თეატრალური ლამაზი სანახაობის მნიშვნელობით, რადგან ბევრი ეკლესიაში სწორედ სანახაობისთვის მოდის და შემდეგ იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას. მეც, ფაქტობრივად, ასე მოვედი ტაძარში: მომწონდა გალობა, მომწონდა თვლებით შემკული ქუდები (მაშინ, მიტრა რა იყო, არ ვიცოდი), მომწონდა ისიც, როგორ აკმევდა პატრიარქი (პატრიარქი ძალიან ლამაზად ასრულებს თავის მსახურებას)... ეს ყველაფერი სანახაობრივად ლამაზი იყო.

ღვთისმსახურების დროს სახარებისეული მოვლენების გახსენება, რა თქმა უნდა, ხდება. მაგალითად, საღამოს ლოცვაზე არის ასეთი კმევა - "ღაღადვყავის" კმევა ჰქვია - დიდ მწუხრზე საცეცხლურით ჩრდილოეთ კარიდან გამოდიან მნათე სანთლით ხელში, დიაკონი და მღვდელი. წინ მომავალი მნათე იოანე ნათლისმცემელს განასახიერებს, ამ დროს "ნათელი მხიარულიც" იგალობება, რაც ნათლისმცემლის ნათელთან არის დაკავშირებული; ლიტურგიაზე მცირე შესვლა, როცა გამოაქვთ სახარება, მაცხოვრის გამოჩინებაა, პირველი ქადაგებაა მთაზე, როდესაც მან ცხრა ნეტარება წარმოთქვა; დიდი შესვლა (ბარძიმ-ფეშხუმით შესვლა) ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვრის წასვენებას და საფლავში დასვენებას განასახიერებს; ზიარების დამთავრების შემდეგ ხდება ბარძიმის გადასვენება ტრაპეზიდან სამკვეთლოზე, რაც მაცხოვრის ამაღლების სიმბოლური სახეა. ასეთი მომენტი ბევრია და მრევლსაც ამ დროს მეტი ყურადღება მართებს.

- ამ ყოველივეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს თუ რაიმე პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია?

- უდავოდ გააჩნია. მაგალითად, წეღან ვახსენეთ მცირე შესვლა და დიდი შესვლა, ამ დასახელებებს პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა: სახარება ადრე ტრაპეზზე კი არა, ტაძარშივე, რომელიმე განსხვავებულ ადგილას ინახებოდა, მის ასაღებად ღვთისმსახურს მცირე მანძილის გავლა უწევდა, რის გამოც ამ შესვლას მცირე დაერქვა, ხოლო სამკვეთლო ტაძარს გარეთ მდებარეობდა და გასავლელი მანძილიც დიდი იყო, ამიტომ ბარძიმ-ფეშხუმით გამოსვლას დიდი შესვლა ეწოდა.

ასევე, ყველას შეუმჩნევია, მრწამსის გალობისას დიდ დაფარნას აამაღლებენ და ანიავებენ ხოლმე. სიმბოლური განმარტებით ეს სულიწმინდის გარდამოსვლას ნიშნავს, პრაქტიკულად კი ხდებოდა დიდი დაფარნის გათავისუფლება ნაკვეთი ნაწილებისაგან - ადრე მხოლოდ ერთ დიდ დაფარნას იყენებდნენ (დღეს ის სამია). ბარძიმზე იდებოდა ფეშხუმი, ზევიდან დიდი დაფარნა ეფარებოდა და დრო რომ არ დაკარგულიყო, მრწამსის თქმის კვალდაკვალ დიდ დაფარნას ნაწილებისაგან ათავისუფლებდნენ. შემდეგ კი ამას სიმბოლური მნიშვნელობა მიეცა.

- მამაო, იქნებ შეგვახსენოთ, რა ნაწილებისაგან შედგება ლიტურგია და რა დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს?

- ლიტურგია შედგება სამი ნაწილისაგან: პირველია პროსკომიდია - მომზადება წინადაგებული ძღვენისა. ამ დროს სამკვეთლოში მზადდება პური და ღვინო. მეორე ნაწილია კათაკმეველთა ლიტურგია, რომელიც მოსანათლად გამზადებულ ადამიანებს ეკუთვნით. დიაკვანი ამბობს ასამაღლებელს "რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით... ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი ანუ რაოდენი მორწმუნენი ვართ, მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ". კათაკმეველთა კვერექსს მოსდევს პატარა, ორმუხლიანი კვერექსი, რომელიც ეშმაკეულებს ეკუთვნოდათ. ამ დროს გაჰყავდათ ისინი, ვინც ზიარებას ფსიქიკური დაავადების გამო იყო მოშორებული. შემდეგ მოდიოდა მონანულთა ექვსმუხლიანი კვერექსი. ის მათთვის იყო განკუთვნილი, ვისაც რაიმე ცოდვის გამო ეპიტიმია ჰქონდა დადებული და სინანულში მყოფი კათაკმეველებთან ერთად სტოაში იდგა. ასამაღლებელზე: "რათა ძლიერებითა შენითა ყოვლადვე დაცულნი" - ტაძრიდან მონანულებიც გადიოდნენ, ამის შემდეგ კი "რომელი ქერუბიმთათი" იწყებოდა ლიტურგიის მესამე ნაწილი - მართალთა ლიტურგია.

- ვინ არიან ლიტურგიის მოქმედი პირები?

- ლიტურგიის მთავარი მოქმედი პირები არიან მღვდელი და დიაკვანი. სამღვდელმთავრო მსახურებისას, რა თქმა უნდა, ჯერ მღვდელმთავარი და შემდეგ მღვდელი და დიაკვანი. დიაკვანს ევალება კმევა, კვერექსის თქმა, სამკვეთლოში პროსკომიდიის მომზადება, შემდეგ დასუფთავება. მღვდლის მოვალეობაა უშუალოდ საიდუმლოს შესრულება - ღვთისმსახურებაში წირვის შესრულება. მღვდელმთავარი მსახურების დროს უფალს განასახიერებს, როცა მღვდელმთავარი არ არის, ეს პატივი მღვდელს აკისრია.

- ვინ არიან მედავითნე და სტიქაროსანი?

- სტიქაროსნები ჰყავთ მხოლოდ იმ ეკლესიებს, რომლებიც სლავური ტრადიციების გავლენას განიცდიან. თუმცა ისინი ღვთისმსახურებისას დიდ დახმარებას გვიწევენ, მათ გარეშე მთელი ტვირთი დიაკვანზე გადავიდოდა, ის კი ამდენს ვერ აუვიდოდა. ბერძნულ ეკლესიაში დიაკვანს იპოდიაკვანი ანუ კერძო დიაკვანი ეხმარება. ისიც ხელდასხმულია - დიაკვანია არასრულ მდგომარეობაში.

მედავითნე ის პირია, რომელსაც წიგნის კითხვა ევალება. მას ამისთვის საგანგებო ლოცვა-კურთხევა აქვს მიცემული. მედავითნეები ერთგვარად ძველი აღთქმის ლევიტელებს განასახიერებენ. ლევიტელებს აღთქმის კიდობნის მომსახურება ევალებოდათ, მათ გარდა კიდობნის შეხების უფლება არავის ჰქონდა. ასეთივე კდემა და მოწიწება გვმართებს მედავითნეობის მიმართ. უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძარში წიგნის ხმამაღლა კითხვა განსაკუთრებული პატივია.

- რამდენად აქტიური უნდა იყოს მრევლი ლიტურგიის დროს, რა სახით უნდა მონაწილეობდეს მასში?

- მრევლი ღვთისმსახურებაში არ მონაწილეობს. მისი მოვალეობაა, იდგეს, მსახურებას თვალყური ადევნოს, უსმინოს და ილოცოს.

გამოდის ბროშურები, სადაც აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს მრევლი ღვთისმსახურებისას. მორწმუნენიც, იმის მაგივრად, ღვთისმსახურებაში იყვნენ ჩართულნი, ცდილობენ, არც თვითონ გამორჩეთ რამე და თუ მღვდელიც ზუსტად არ მიჰყვება იქ დაწერილს, აღშფოთდებიან ხოლმე. ეს არ შეიძლება.

- როდის იხურება აღსავლის კარი და რას ნიშნავს ეს?

- ესეც რუსული ტრადიციის გავლენაა, ბერძნულ მსახურებაში აღსავლის კარი მთელი წირვის მსვლელობისას ღიაა, რუსებმა კი ეს მღვდლისთვის ერთგვარ ჯილდოდ აქციეს. მთელი წირვის შესრულება ღია აღსავლის კარში განსაკუთრებულ პატივად მიიჩნეოდა. ეს ტრადიცია ჩვენთანაც დღემდეა შემორჩენილი. საპატრიარქო და სამღვდელმთავრო ტაძრებში აღსავლის კარი ყოველთვის ღიაა, რაც მწირველის უპირატესობას განასახიერებს.

- როდის შეიძლება ლიტურგიის მსვლელობისას დაჯდომა ან როდის არის აუცილებელი დგომა?

- ტაძარში სკამი იმისთვის დგას, რომ მასზე დასხდნენ, სხვა დანიშნულება მას არ გააჩნია. დიდი მწუხრის დასაწყისში დიაკვნის ასამაღლებელი - "აღსდეგინ" იმას ნიშნავს, წამოდექით, ლოცვა იწყებაო. ლიტურგიაზეც, თუ მორწმუნე მოხუცია ან ავად არის, უწმინდესი ჯდომის ნებას აძლევს. მაგრამ აუცილებლად ფეხზე უნდა ავდგეთ "მამაო ჩვენოზე", განსაკუთრებულ ასამაღლებლებზე, როგორიცაა მღვდელმთავრისა - "გარდამოიხილე, ღმერთო, ზეცით", სახარების დროს, "მრწამსის" დროს. კარგი იქნება, თუ ევქარისტიული კანონისას დაჩოქებას შევძლებთ. თუ ვინმე უძლურების გამო ზის, უფლება არ გვაქვს, ადგომა მოვთხოვოთ, მაგრამ თუკი ახალგაზრდა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ლიტურგიის დროს ზის, რა თქმა უნდა, უნდა დაუშალო, რადგანაც ეს უპატივცემულობაა იმ დიდი საიდუმლოსი, რაც აქ აღესრულება.

- რატომ არის აუცილებელი წირვაზე დასწრება ყოველ კვირას და დღესასწაულებზე?

- მოდით, ასეთი კითხვა დავსვათ: რატომ ვართ ქრისტიანები? ქრისტიანობა ცხოვრების წესია. ბევრს ჰგონია, რომ ადამიანი ეკლესიის წევრი ხდება აღსარებითა და ზიარებით, სინამდვილეში კი იგი ეკლესიის წევრი ნათლისღებით ხდება, ხოლო თუ ის არ ეზიარება, აღსარებას არ ამბობს, უბრალოდ, დანაშაულს სჩადის, ღალატობს იმას, რისი აღთქმაც დადო. ადამიანი ხომ აღთქმას დებს ნათლისღების დროს: მღვდელი სამგზის ეკითხება - შეუდგები ქრისტესა? ის პასუხობს - შევუდგები ქრისტესა; კიდევ ეკითხება: შედგომილ ხარ? - შედგომილ ვარ; თაყვანის ეც მას! - თაყვანის ვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა. და რაში გამოიხატება ჩვენი შედგომა, თუ არა მარხვის დაცვაში, აღსარების თქმაში, ლიტურგიაზე დგომაში, ეკლესიის საქმიანობაში მონაწილეობაში? ასე რომ, ეს ყოველივე ქრისტიანის მოვალეობაა. სხვაა, თუ კაცს განსაკუთრებული სამსახური აქვს, მორიგეა, ოცდაოთხსაათიანი მუშაობა უწევს. უფალი სამართლიანი და მოწყალეა, სამართლიანად მოგვთხოვს, მაგრამ წყალობითაც მოგვექცევა. თუ რაღაც მართლაც არ შეგვიძლია, ამისთვის არავინ განგვსჯის.

- აქვს თუ არა საერთო ძველაღთქმისეულ მსახურებას დღევანდელ ლიტურგიასთან?

- რა თქმა უნდა. მართალია, მაცხოვარმა პირველი ქადაგება მთაზე წარმოთქვა, მაგრამ სწავლება სინაგოგაში დაიწყო. სახლი მყარი რომ იყოს, კედელი საძირკველზე უნდა დააშენო. ახალი აღთქმისათვის საყრდენია ძველი აღთქმის ეკლესია. ღვთისმსახურება სინაგოგური მსახურების გაგრძელებაა. დღევანდელ მსახურებაში გვაქვს ამის სახეები, მაგალითად, იკითხება ფსალმუნები, საწინასწარმეტყველოები. თუნდაც "მშვიდობა ყოველთა", რომელიც ძველაღთქმისეული მისალმება და დალოცვაა. გახსოვთ, ალბათ, როცა აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მოციქულებთან მიდის, პირველად ამას ეუბნება: "მშვიდობა თქვენთანა". ღვთისმეტყველებაში არსებობს ასეთი გამონათქვამიც: "ახალი აღთქმა ძველ აღთქმაში დაფარული და ძველი აღთქმა ახალში გაცხადებული". ახალი აღთქმის გარეშე ძველში ბევრი რამ გაუგებარია. შესაბამისად, როდესაც ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, მოძღვარი არ სთხოვს, "შესაქმის" კითხვა დაიწყოს; ავალებს, ჯერ ახალი აღთქმა იკითხოს, შეისწავლოს და "დასაბამის" კითხვას მერე შეუდგეს. თუ არ იცი იოანეს სახარების დასაწყისი: "პირველითგან იყო სიტყვა", - ვერ მიხვდები, რას ნიშნავს "დასაბამად ღმერთმან ქმნა ცაი და ქვეყანაი". ესენი ერთმანეთზეა დაფუძნებული.

- ცნობილია, რომ ლიტურგიის პირველსახე დღევანდელისაგან განსხვავდებოდა. დროსთან ერთად მსახურებაშიც ბევრი რამ შეიცვალა. რა არის ლიტურგიაში არსებითი და უცვლელი, რაც დროის დინებას არ ემორჩილება?

- ის, რაც უცვლელია და რასაც ვერასოდეს ვერავინ შეცვლის, ვერ შეეხება ვერანაირი რეფორმა (თუმცაღა, ჩვენ ვიცით, რეფორმები მომხდარა - ბასილი დიდმა საერთოდ ახალი წირვა დაწერა, რომელიც მერე იოანე ოქროპირმა შეამოკლა), ეს არის ევქარისტიული კანონი. ევქარისტიული კანონი ყოვლადწმინდაა, ის თავად უფალმა დააწესა, როცა წარმოთქვა: "მიიღეთ და ჭამეთ და სუთ ამისაგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი".

- ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვების წაკითხვისას მორწმუნენი ხშირად კითხულობენ, თუ ვისი წირვა იყო. რა არსებითი განსხვავებაა იმ ლიტურგიებს შორის, რომლებიც დღეს არის მიღებული მართლმადიდებელ ეკლესიაში და რომელი როდის აღესრულება?

- უნდა დავიმახსოვროთ, რომ სისტემატურად, მთელი წლის განმავლობაში, გარდა დიდი მარხვისა, აღევლინება იოანე ოქროპირის წირვა, დიდმარხვაში იოანე ოქროპირის წირვა სრულდება შაბათობით, გარდა დიდი შაბათისა, და დიდმარხვის მეექვსე კვირას - ბზობას. დიდმარხვის შუა კვირაში, ოთხშაბათობითა და პარასკეობით, აღევლინება გრიგოლ დიოლოღოსის - გრიგოლ რომის პაპის პირველშეწირულის წირვა. მეორენაირად მას განახლებული, ძველის განახლების წირვა ჰქვია. თუმცაღა მცირემრევლიან ტაძარში ის შეიძლება არც ჩატარდეს.

ბასილი დიდის წირვა წელიწადში ათჯერ სრულდება: დიდმარხვისას კვირაობით - პირველ ხუთ კვირას, დიდ ხუთშაბათს, დიდ შაბათს, ასევე ბასილი დიდის ხსენების დღეს, შობის წინა დღეს და ნათლისღების წინა დღეს.

დიდი მარხვის შუა კვირაში არაფრით არ შეიძლება შეკვეთილი წირვის შესრულება, რადგან ამ დროს მხოლოდ და მხოლოდ განახლების ძღვენი იწირება. ეს უძველესი ტრადიციაა - დიდი მარხვა გლოვას განასახიერებს, ხოლო სადაც სინანულია, შეუძლებელია ზეიმი, იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის წირვებისათვის კი ზეიმურობაა დამახასიათებელი.

- რა დანიშნულება აქვს დიდი ხუთშაბათის ძღვენს?

- დიდ ხუთშაბათს ორი ტარიგი იწირება, ერთი უშუალოდ იმ დღისთვის არის განკუთვნილი, მეორე კი ავადმყოფთა საზიარებლად მზადდება. რაკი ბარძიმის ტაძრიდან გატანა არ შეიძლება, ავადმყოფს აუცილებლად დიდ ხუთშაბათს გამზადებული ძღვენით აზიარებენ, რომელიც ტრაპეზზე, სანაწილეში ინახება. თუმცაღა იყო შემთხვევა - როცა 1988 წლის ნოემბერში მთავრობის სახლის წინ შიმშილობდნენ, უწმინდესი ლოცვა-კურთხევას აძლევდა და მოშიმშილეებს ქაშუეთიდან გამოტანილი ბარძიმიდან აზიარებდნენ.

- რა მნიშვნელობა აქვს მოსახსენებლის დაწერას, რა ხდება მას შემდეგ, როდესაც მას საკურთხეველში ვაგზავნით?

- მოსახსენებლის დაწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთია, ვიხსენიებდეთ ადამიანს პირად ლოცვებში, მაგრამ სხვაა, როდესაც მას ღვთისმსახური იხსენიებს. ასეთი გამოთქმა არსებობს - მღვდელმსახურის ამოოხვრაც კი მიდის ღმერთთანო. ვიღაც უძლურებაშია, ვიღაც განსაცდელშია, ვიღაც გზაშია... მრევლი ვალდებულია, ტაძარში წირვის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე მივიდეს, რომ შეძლოს მოსახსენებლის დაწერა და საკურთხეველში შეგზავნა სეფისკვერთან ერთად. სეფისკვერიდან დანის ფორმის ლახვარით ნაწილებს ამოკვეთენ და მოსახსენიებელში ჩაწერილებს იხსენიებენ. ამოკვეთილი ნაწილები ფეშხუმზე იდება. ზიარების დასრულების შემდეგ, როდესაც ბარძიმს საკურთხეველში შეაბრძანებენ, ფეშხუმზე დასვენებულ ნაწილებს წმინდა ბარძიმში ჩაასვენებენ და ისინი ქრისტეს სისხლით იჟღინთება. როგორც ისინი იჟღინთება ქრისტეს სისხლით, ასევე იჟღინთებიან ქრისტეს მადლით ჩვენი და გარდაცვლილთა სულები, რომლებიც ჩვენს ლოცვას მოელიან.

- ბევრ ტაძარში არის ბარძიმში მოხსენიების ტადიცია. რა დანიშნულება აქვს ამას? აღემატება თუ არა ბარძიმში მოხსენიება ჩვეულებრივ კვეთაში მოხსენიებას?

- მთავარია, კვეთაში ვის მოვიხსენებთ, ამბიონზე მოხსენიება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა ვინმეს ძალიან უჭირს ან ახლადშესვენებულია. ამბიონზე მოხსენიებით მღვდელი ატყობინებს მრევლს ამ ამბავს და სთხოვს, ერთად ილოცონ მისთვის. ეს არის ამბიონზე მოხსენიების ძირითადი დანიშნულება.

- ხშირად ადამიანები ერთმანეთს იხსენიებენ. გამოდის, ერთი და იგივე პირი ბევრჯერ მოიხსენება. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რამდენჯერ მოგვიხსენებენ ერთ წირვაზე?

- ერთხელ მოხსენიებაც საკმარისია. უბრალოდ, ამით "ვიყვარებოდეთ ურთიერთას" გამოვხატავთ. ბევრჯერ მოხსენიებით მეტი სიყვარული მიდის ადამიანთან. შარშან უწმინდესმა ლოცვა-კურთხევა გასცა - დაწერეთ დალოცვა და ერთმანეთს გაუგზავნეთო. რამდენიმემ მასაც მისწერა და ძალიან გაუხარდა, იმ წერილებს დღესაც ინახავს. ამითაც სიყვარული გამოიხატება.

- აუცილებელია თუ არა მაინცდამაინც წითელი (შავი) ღვინის გამოყენება ბარძიმში?

- ღვინო წითელი უნდა იყოს, რადგანაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს სისხლია უფლისა. გარდა ამისა, ზიარების საიდუმლო დასაბამს იღებს ძველაღთქმისეული პასექიდან, როდესაც მაცხოვარმა მოციქულები შეკრიბა და ევქარისტიული კანონი დააწესა, პასექის ჟამს კი ებრაელები თეთრ ღვინოს არ იყენებენ, ასე რომ, მაცხოვარმაც წითელი ღვინო მიიღო. ლათინებმა ეს წესი შეცვალეს - ისინი თეთრი ღვინით აზიარებენ. ვიკითხე მიზეზი და ძალიან უსუსური პასუხი მივიღე - ნაჭერი, რომლითაც პირს ვწმენდთ, თეთრია და შავი ღვინო დაალაქავებსო... ვფიქრობ, უფრო საინტერესო და დასაბუთებული პასუხიც ექნებათ.

- თქვენი თვალთახედვით, რა პრობლემებია ტაძარში ლიტურგიის დროს პრაქტიკული თვალსაზრისით?

- როცა დიაკვანი ამბობს ასამაღლებელს: "ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ", - ყველა ხედავს, რომ საკურთხეველში მღვდლები ერთმანეთს ემთხვევიან და ტაძარშიც იწყება ქაოსი, ერთმანეთის მთხვევა. სინამდვილეში ეს არანაირად არ ეხება მრევლს. ის უნდა იდგეს და ლოცულობდეს.

როცა მღვდელი ჯვარს სახავს ამბიონიდან ან როცა მღვდელი ან დიაკვანი აკმევს, ხშირად მრევლი ხელებს გადააჯვარედინებს ხოლმე, თითქოს ლოცვა-კურთხევის მისაღებად ემზადება. ხელების გადაჯვარედინება გვმართებს, როდესაც მღვდელს ვთხოვთ: "მამაო, მაკურთხე". მღვდელიც ჯვარს გვსახავს და მერე ხელს გვადებს გადაჯვარედინებულ ხელებზე. ამ შემთხვევაში გადაჯვარედინებული ხელები მაცხოვრის პატიოსან ჯვარს განასახიერებს, მღვდლის ხელი კი - მაცხოვრის მარჯვენას, ანუ ჩვენ ჯვარზე გაკრული მაცხოვრის მარჯვენას ვემთხვევით. მხოლოდ ამ დროს არის საჭირო ხელების გადაჯვარედინება. სხვა შემთხვევაში, როცა ჯვრის გამომსახველი მღვდელი ამბიონიდან გვიძღვნის ლოცვა-კურთხევას, როდესაც დიაკვანი გვიკმევს, უბრალოდ, ხელებჩამოშვებულნი, ქედს ვუხრით.

წესრიგი არ არის ზიარების დროს, განსაკუთრებით - ხალხმრავალ ტაძრებში. წესით, ზიარებისთვის უნდა მიდიოდნენ ჯერ ბავშვები, შემდეგ მამაკაცები, ქალები კი მათ რიგს უნდა უთმობდნენ. ჩოჩქოლში კი დროც მეტი იკარგება. იგივე ითქმის ზეთისცხებაზეც, მით უმეტეს, როდესაც უწმინდესთან ხდება ზეთისცხება. თუ წმინდა ნინოს ჯვარია გამოსვენებული, მაშინ ხომ...

იმედია, ღვთის შეწევნით ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება და ჩვენი ერი უფრო ღირსეულად დაესწრება ლიტურგიას. ღმერთმა დაგლოცოთ.

ესაუბრა - მარი აშუღაშვილი.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: თემები, temebi, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლები, rtsmena, რელიგია, რწმენა, religia, ამბები, ambebi Views: 3887 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: