A A
RSS
Main » Files » ლიტურგიკა

ქრისტიანული ეკლესიის მიზანი ერთია - აზიაროს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს, რასაც შედეგად ადამიანის განღმრთობა უნდა მოჰყვეს
2014-05-15, 8:28 PM

ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარება ანუ ევქარისტია მოციქულთა დროიდანვე ღვთისმსახურების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას პურის განტეხვაც ეწოდებოდა და თავდაპირველად სახლებში აღესრულებოდა, რადგან პირველ საუკუნეში ქრისტიანებს თავიანთი ტაძრები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. "მოციქულთა საქმეში" მრავალი მითითება გვხვდება, რომლებიც გვაფიქრებინებს, რომ ამა თუ იმ სახლში ერთად ლოცვისთვის საგანგებო ოთახი გამოიყოფოდა და რაკი მას შემდეგში მხოლოდ ეს დანიშნულება ენიჭებოდა, ეკლესიად იწოდებოდა.

პურის განტეხვა ანუ ევქარისტია, რა თქმა უნდა, იმ სახით აღესრულებოდა, როგორც ეს უფალმა შეასრულა. მისი რამდენიმე სიტყვა ლიტურგიის მთელ არსს გამოხატავს. მათ მოციქულებმა მიუმატეს მხოლოდ ვედრება პურსა და ღვინოზე სულიწმინდის გარდამოსვლისათვის.

ღვთისმსახურება შედგებოდა აგრეთვე წმინდა წიგნების კითხვისგან, ფსალმუნებისა და სხვა საგალობლების გალობისა და ლოცვებისაგან, რომლებშიც გამოითხოვებოდა კურთხევა ღმრთისა საიდუმლოს აღსასრულებლად შემოწირულ პურსა და ღვინოზე. მას შემდეგ, რაც ძღვენი სულიწმინდის გარდამოსვლით იკურთხებოდა, იმ მორწმუნეებს ურიგდებოდა, რომელნიც ღმრთისმსახურებას ესწრებოდნენ. დიაკვნებს ის მხოლოდ მათთან მიჰქონდათ, ვისაც ავადმყოფობის გამო ლიტურგიაზე დასწრება არ შეეძლო.

საიდუმლოს აღსრულების წინ დამსწრენი ერთმანეთს ამბორით ესალმებოდნენ ნიშნად იმ სიყვარულისა, რომელიც ქრისტეს შვილებს უნდა აერთებდეს. შემდეგ ეს წესი შეიცვალა, როგორც ჩანს, მორწმუნეთა კრებულის რიცხობრივად გაზრდის გამო, მაგრამ ხსოვნა მისი აქამდე შემორჩა სიტყვებში, რომლებიც დღევანდელ ლიტურგიაზე გაისმის: "იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა". საკურთხეველთან მდგარი მღვდელმსახურნი ამ წესს ახლაც ძველებურადვე აღასრულებენ და ერთმანეთს ეამბორებიან. ძღვენი, რომელიც საკურთხეველზე უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის იყო საჭირო, თავად მორწმუნეებს მოჰქონდათ.

ქრისტეს მორწმუნენი ყოველდღე ეზიარებოდნენ, ხოლო როცა დევნის გამო ღვთისმსახურების ყოველდღე შესრულება შეუძლებელი გახდა, იგი უფლის დღეს - კვირას დაადგინეს. თავიდან, ვიდრე ყველა მოციქული იერუსალიმში იმყოფებოდა, ისინი სალოცავად ტაძარში დადიოდნენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქ ევქარისტიის საიდუმლოს აღსრულება არ შეეძლოთ. ლოცვისთვის განსაკუთრებით მესამე, მეექვსე და მეცხრე ჟამი იყო დადგენილი, მესამე - რადგან ამ დროს სულიწმინდა გარდმოვიდა, მეექვსე - როცა უფალი ჯვარზე გააკრეს და მეცხრე - როცა იგი ჯვარზე აღესრულა.

მგზნებარე სიყვარულითა და მადლიერებით სავსე გული პირველ ქრისტიანებს განუწყვეტელი ლოცვის ძალას აძლევდა. მაგრამ როგორ ევედრებოდნენ, როგორ ადიდებდნენ ისინი უფალს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამის შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ერთი რამ ცხადია: მსახურების წესი და რიგი თავიდანვე დადგენილი ყოფილა. როგორც გადმოცემა გვამცნობს, იაკობისა და მარკოზის ლიტურგიის წესები მოციქულთა დროიდანვე არსებობდა. არსებითად ეს ერთი ლიტურგია იყო, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ დეტალებით განსხვავდებოდა. ღვთისმსახურებას ქრისტიანები თავიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. ამაზე მეტყველებს პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელშიც იგი კორინთელებს ლიტურგიის წესის მიხედვით აღსრულებისკენ მოუწოდებს.

გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ "მამაო ჩვენოსთან" ერთად "უფალო, შემიწყალეც" მოციქულების დროიდანვე იგალობებოდა. თავიდანვე უნდა ყოფილიყო ლიტურგიაში შეტანილი ანგელოზთა გალობანიც: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი ღმერთი საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანანი დიდებითა მისითა; დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება"; ასევე ქერუბიმთა გალობა - "ალილუია" და "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა". აღსანიშნავია, რომ მეორე საუკუნის დასაწყისიდან წერილობითი ძეგლები უკვე ამ სიტყვებით მთავრდება.

ადრევე უნდა შეეტანათ ღვთისმსახურებაში აგრეთვე გალობანი ღვთისმშობელისა - "ადიდებს სული ჩემი უფალსა" და სვიმეონ მიმრქმელისა - "აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით".

გარდა ფსალმუნებისა, ქრისტიანები ძველი აღთქმიდან იმ საგალობლებსაც გალობდნენ, რომელნიც ებრაელთა მსახურებაშიც შედიოდა, მაგრამ მათში გამოხატულ წინასწარმეტყველებათა ახდენის გამო ახალი და უფრო მაღალი გაგება შეიძინეს, როგორიც იყო, მაგალითად, ისრაელის სიმღერა მეწამული ზღვის გადალახვის შემდეგ, გალობა ანასი - სამუელის დედისა, გალობა ბაბილონელ ყრმათა და სხვა.

როგორც "საქმე მოციქულთადან" ვიგებთ, გარდა დადგენილი საათებისა, ქრისტიანები ღამის ლოცვებზეც იკრიბებოდნენ. რაც შეეხება ევქარისტიის საიდუმლოს, დევნის პერიოდში იგი ან ღამით, ან ცისკრისას აღესრულებოდა. შეკრების ადგილები ხშირად მიწისქვეშა აკლდამები და მღვიმეები იყო. ღვთისმსახურებისას გამოიყენებოდა სანთლები და ჩირაღდნები, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სიბნელის გასაფანტად. მათი ანთება სულიერ ზეიმსა და სიხარულს, სიმბოლურად იმ ნათელს გამოხატავდა, რომელიც განკაცებულმა უფალმა სამყაროში მოიტანა.

ქრისტიანული ეკლესიის მიზანი ერთია - აზიაროს ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს, რასაც შედეგად ადამიანის განღმრთობა უნდა მოჰყვეს. ბუნებრივია, ამ პრინციპის მატარებელი იყო პირველ მორწმუნეთა ეკლესიაც და ასე იქნება მუდამ, სანამ ხილული სამყარო არსებობს. რა თქმა უნდა, ლიტურგიის გარეგნული მხარე დღევანდელისგან განსხვავდებოდა, მაგრამ არსით ამჟამინდელი ღვთისმსახურება და პირველი საუკუნეების წირვა ერთი და იგივეა. ორი ათასი წელია გაისმის მაცხოვრის უკვდავი სიტყვები: "ეს არის ხორცი ჩემი..." და "ეს არის სისხლი ჩემი..." და ასე იქნება უფლის დიდებით დაბრუნებამდე.

როგორც ითქვა, პირველ საუკუნეებში ქრისტიანულ თემებსა და ეკლესიებს დევნიდნენ და მათ საშუალება არ ჰქონდათ, თავისუფლად ელოცათ. ასე რომ, იმდროინდელი ლიტურგიის გარეგნული მსგავსება თუ განსხვავება დღევანდელი ეკლესიის ღვთისმსახურებასთან არ უნდა ვეძებოთ.

IV საუკუნის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა რომის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, ღვთისმსახურების ფორმები ნელ-ნელა დალაგდა, გაიმართა და დაიხვეწა. ეს ღვაწლი თავის დროზე იერუსალიმის პირველმა ეპისკოპოსმა იაკობ მოციქულმა იტვირთა, შემდგომ კი - ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ საუკუნეთა მორწმუნენი გამუდმებით იდევნებოდნენ (ან იქნებ სწორედ ამიტომ), იმდროინდელ ქრისტიანებში უფრო დიდი სულიერება და სიყვარული სუფევდა. მათ საერთო ქონება ჰქონდათ, რათა მორწმუნეთა შორის ქონებრივი ცენზის გამო უთანხმოება არ ჩამოვარდნილიყო და ამით ხელი არ შეშლოდათ მოყვასის სიყვარულსა და ღვთისმსახურებაში. ლიტურგიის მთავარი ნაწილის - ზიარების ანუ ევქარისტიული კანონის აღსრულების დროს მორწმუნენი პირველ რიგში სიყვარულს, ჭეშმარიტ სიყვარულს ეზიარებოდნენ, ამიტომ ლიტურგიას პირველი ქრისტიანები სიყვარულის საღამოებს - აღაპებს უწოდებდნენ (ბერძნულად "აღაპოს" სიყვარულს ნიშნავს).

პირველი ქრისტიანების ასეთ ცხოვრებას მხოლოდ წმინდა წერილი როდი ადასტურებს; ეს კარგად ჩანს ქრისტიანთა მდევნელის, რომაელი პროკონსულის პლინიუს სეკუნდუსის იმპერატორ ტრაიანესადმი გაგზავნილი წერილიდან (I-IIსს). აი ერთი ამონარიდი: "ზოგიერთი ე.წ. ქრისტიანი აცხადებს, რომ ის არასდროს ყოფილა ქრისტიანი, რომ ისევე, როგორც მე, მოუწოდებდა ღმერთებს და უარყოფდა ქრისტეს, ამას კი, როგორც ამბობენ, ვერ აიძულებ მათ, ვინც ნამდვილად ქრისტიანია. ამიტომ მე შესაძლებლად მივიჩნიე მათი გათავისუფლება... მათი (ქრისტიანების) თქმით, მათი დანაშაული მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომ დათქმული დღის გარიჟრაჟზე (ეს უკვე ლიტურგიის ისტორისთვის მეტად მნიშვნელოვანი ცნობაა - ავტ.) იკრიბებოდნენ, რიგრიგობით აღავლენდნენ ლოცვას ქრისტესადმი, როგორც ღვთისადმი და არამცთუ რაიმე დანაშაულს არ სჩადიოდნენ, არამედ პირიქით, აღთქმას დებდნენ, რომ სხვისი არაფერი მიეთვისებინათ, სიძვას არ მისცემოდნენ, არ ეცრუათ, ბოროტად არ ესარგებლათ ვისიმე ნდობით, ამის შემდეგ იშლებოდნენ და რამდენიმე ხნის მერე ისევ იკრიბებოდნენ, რათა მიეღოთ საჭმელი, საერთო ყველასთვის და ყველაზე უბრალო (პური და ღვინო)... მე საჭიროდ ჩავთვალე, მეწამებინა ორი მოსამსახურე ქალი, რომლებზეც მომახსენეს, ეკლესიის მსახურები არიანო.

ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მათგან სრული სიმართლე გამეგო, მაგრამ არაფერი ახალი არ შემიტყვია. მათმა ჩვენებებმა მხოლოდ განმიმტკიცა შეხედულება, რომ ეს სექტა (ქრისტიანები) მავნე და ზღვარს გადასული ცრურწმენაა..." პლინიუსის წერილი ცხადყოფს, რომ იმ ოლქებში, რომელთაც იგი მართავდა, ქრისტიანებს უკვე ჰქონდათ ორგანიზებული საზოგადოებები და ეკლესიები; ისინი განსაზღვრულ დღეებში საერთო ლიტურგიისა და სინანულისთვის ანდა საერთო საზრდოს მისაღებად იკრიბებოდნენ, ხოლო კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან ვიგებთ, რომ ასეთ შეკრებებზე ლიტურგია, შესაბამისად, ევქარისტიის საიდუმლო (ზიარება) აღესრულებოდა.

მაასალის წყარო: ჟურნალი "კარიბჭე" - მოამზადა დიაკონმა - ლევან მათეშვილმა




გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: ambebi, ამბები, religia, რწმენა, რელიგია, rtsmena, მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლები, temebi, თემები
Views: 1258 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 3
Guests: 3
Users: 0