წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი / abibos nekreseli (VI)

2013-12-15, 2:16 PM


წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღე 12 დეკემბერია. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ.

აბიბოს ნეკრესელი

აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც VI საუკუნის შუა წლებში ჩამოვიდნენ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების მიზნით და რომელთა თაოსნობით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მრავალი სავანე არსდება. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ იოანე ზედაზნელის კურთხევით ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. განაგებდა ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას.

წმიდანის მღვდელმთავრობა საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ცეცხლი ჩაუქრობლად ენთო. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

აბიბოს ნეკრესელი დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ როცა მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, მათ წინაღმდეგ მკაცრად გაილაშქრა, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო – “დაასხა მცირე წყალი ხენეში და დაშრიტა”. მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ სპარსელები განარისხა. მათ შეიპყრეს აბიბოსი, სასტიკად ცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. სპარსეთის მარზპანმა, რომელიც იმ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა, აბიბოსი თავისთან დაიბარა.

ღირს მამა სვიმონ მესვეტეს, რომელიც წმიდა აბიბოსის მეგობარი იყო, ღვთისგან ეუწყა მღვდელმთავრის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდანს. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა, რამაც ძალზედ გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული მოწამე. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს, თუმცა უშედეგოდ.

აბიბოს ნეკრესელმა ითხოვა, მისთვის წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. … მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს.

სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა: “რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?” წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: “მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ”. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: “მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?” ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. “აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?” განრისხებულმა მარზპანმა მისი წამება ბრძანა.

ნეტარი აბიბოსი ჯალათებმა “ქვით განტვინეს, მოკლეს და განათრიეს გარეშე ქალაქსა”. ცხედარი უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა ნეშტი. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში დიდი პატივით დაასაფლავეს. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს მისი უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.

ნეკრესელი მღვდელმთავრის შეუპოვრობამ, თავგანწირვამ გარკვეული როლი შეასრულა ეპარქიის გაძლიერებისა და სამწყსოს გაზრდის საქმეში. მან დიდი წვლილი შეიტანა მთიანეთის მოსახლეობის ქრისტიანებად მოქცევაში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

მასალის წყარო: Ambioni.Ge


 





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: წმინდანთა ცხოვრება | Added by: staatsmann | Tags: religia, martlamadidebloba, rtsmena, martlmadideblebi, martlmadidebeli Views: 2258 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: