წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელი

2013-11-21, 8:02 PM


ქრისტესთვის თავდადებულ მოღვაწეთაგან განსხვავებით გამორჩეულია წმ. მამა ნეოფიტე, გაქრისტიანებული არაბი, რომელიც მოღვაწეობდა შიომღვიმის მონასტერში, შემდგომში კი ურბნისის ეპისკოპოსი გახდა.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გაწეული ამაგისა და ღვთისათვის თავისშეწირვის გამო ურბნელი ეპისკოპოსი ნეოფიტე წმიდანად შერაცხეს. ნეოფიტე ურბნელი ეკლესია მის ხსენებას 10 ნოემბერს (ძვ. სტ. 28 ოქტომბერს) დღესასწაულობს. ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით ურბნისისა და რუისის ეპარქიაში აღინიშნება, სადაც იმოღვაწა და მოწამეობრივი გვირგვინი დაიდგა თავზე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტე ურბნელმა.

გაქრისტიანებამდე წმ. მღვდელმოწამე ნეოფიტეს სახელი უმარი იყო, ის სულთან მაჰმედის ლაშქრობაში მონაწილეობდა საქართველოს წინააღმდეგ. სულთანი მტკვრისა და ლიახვის შესართავთან დაბანაკდა, ხოლო თავისი რაზმის უფროსები – უმარი და ბურული, მტკვრის გადაღმა გააგზავნა. სოფელ ციხედიდთან მისულებმა მდინარის გადაღმა კლდეებში გამოკვეთილი გამოქვაბულები დაინახეს. არაბმა სარდლებმა ეს კლდეები სამხედრო სიმაგრედ მიიჩნიეს და მისი დაპყრობა გადაწყვიტეს. ჩავიდნენ მტკვარში, მაგრამ დიდი მცდელობის მიუხედავად მთელი დღის განმავლობაში ერთ ადგილს ვერ გასცდენ. სასწაულით გაოცებულმა სარდლებმა ქართველი ტყვისაგან შეიტყვეს, რომ იმ გამოქვაბულებში შიო მღვიმელის მიმდევარი წმიდა ბერები ცხოვრობდნენ. უმარმა და ბურულმა სარდალს ნანახის შესახებ აცნობეს და უკან მდიდრული ძღვენით დაბრუნდნენ.

მონასტრის ბჭესთან მისულმა მხედართმთავარმა იხილა “სიმრავლეჲ უჴორცოთა მჴედართა ნათლისათა, საკუირველ მავალნი ჰაერთა ზედა და შორის მათსა კაცი მოხუცებული მონაზონი ფრიადითა ელუარებითა შესახედავისათა”. მონასტრის მკვიდრთა თავმდაბლობამ და ისეთმა მოკრძალებულმა ყოფამ, თითქოს “ანგელოსნი ჰბრწყინვიდეს ჴორცთა შინა”, უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ომარზე. ის მიხვდა, რომ უცხო მხედარნი უფლის ანგელოზები იყვნენ, მოხუცებული მონაზონი კი – ამ მონასტრის წინამძღვარი და ბერებს უთხრა: “წმიდანო ღმრთისანო, რაჲსთჳს-მე მოშიშ ხართ თქუენ კაცთაგან? რამეთუ ვხედავ ჭეშმარიტად მცუელთა მონასტრისა თქუენისათა, მჴედართა ნათლისათა მცუელად თქუენდა, მფრინუალეთა ჰაერთა ზედა და შორის მათსა მონაზონსა ვისმე საკჳრველსა მჴცოვანსა წუერითა და თმითა, რომლისა ხილვისა სიკეთეჲ ვერ შესაძლებელ არს ჩემდა თქმად, ხოლო მრწამს, ვითარმედ მჴედარნი იგი არიან ანგელოსნი ღმრთისანი და მონაზონი იგი არს მოძღუარი თქუენი”.

უმარმა მონაზონთა წინაშე აღთქმა დადო: “დამეკუეთოს რა ჟამი მარჯუე, მოვიდე თქუენდა და ვიქმნე ქრისტიანე და ნათელვიღო და მონაზონ ვიქმნე და თქუენ თანა დავადგრე სიკუდილამდე ჩემდა”. მართლაც, ერთი თვის შემდეგ თავის ორ ერთგულ მსახურთან ერთად დაბრუნდა შიომღვიმის მონასტერში, მოინათლა, ბერად აღიკვეცა და მონასტერში დაემკვიდრა. და უწოდეს მას ნეოფიტე, რაც ბერძნულად ნიშნავს “ახალნერგს”, ანუ ახლად მოქცეულს. (ხოლო მისი ორი მონა მასთან ერთად მოინათლა და ეწოდათ მათ ხრისტოდულოს – ქრისტეს მონა, და ხრისტოფოროს – ქრისტე შემოსილი. ქრისტოფოროსი შემდგომში მკოდოვანის მონასტრის წინამძღვარი გახდა).

ამ დროიდან მოყოლებული წმ. ნეოფიტემ თავგამოდებით დაიწყო მოსაგრე ცხოვრება და ღვთის მადლიც მოიპოვა, იგი სავანის წინამძღვარიც გახდა და დიდება მისი ანგელოზებრივი ცხოვრებისა მთელს საქართველოს მოედო. ქართლის კათალიკოზმა სამოელ IV-მ (581-591 წწ) თავისთან მოუწოდა მას და ქ. ურბნისის საეპისკოპოსო კათედრაზე დაადგინა მღვდელმთავრად, რომელიც ყველას განაკვირვებდა თავისი სიბრძნითა და შემართებით, ის თავისი სამწყსოს ნამდვილი მამა გახლდათ: “მოუძლურებული მათი განაძლიერა, სნეული განამრთელა, შემუსრვილი შეჰკრა და ბოროტად მყოფსა უსხეულსაქმა, ცთომილი მოაქცია და წარწყმედული მოიძია, დაადგრა მათ თანა, დაიცუნა და არა განაბნივნა”.

წარმართებმა და ცეცხლთაყვანისმცემლებმა ვერ აიტანეს ნეოფიტეს მიერ სახარების ქადაგება. ისინი საეპისკოპოსო სამყოფელში ლოცვის დროს შეეჭრნენ წმიდანს, შეიპყრეს და მტანჯველი სიკვდილით მოაკვდინეს – ქვებით ჩაქოლეს ქრისტეს რჯულის აღიარებისათვის, წმ. პირველმოწამე სტეფანეს მსგავსად. წმ. ნეოფიტე ურბნელი სწორედ, რომ წმ. სტეფანეს მსგავს აღსასრულს შესთხოვდა უფალს. წმიდანის უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი”.

მოამზადა - თეონა ნოზაძემ
მასალის წყარო - Ambioni.Ge


 





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: წმინდანთა ცხოვრება | Added by: InterestingSite | Tags: რწმენა, martlmadidebluri, martlmadidebloba, martlmadideblebi, მართლმადიდებლობა, neofite urbneli, ნეოფიტე ურბნელი, neofite, qristianoba, martlmadidebeli Views: 2252 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: