Vardzia / ვარძია – ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი

2013-12-06, 3:03 PM


ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაოები რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს.

ვარძია მდებარეობს თბილისიდან სამას კილომეტრზე, საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონში. გამოქვაბული მონასტერი გამოკვეთილია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ნახევარ კილომეტრზე გადაჭიმული ცამეტსართულიანი ანსამბლი განლაგებულია ზღვის დონიდან 1 300 მეტრის სიმაღლეზე. კომპლექსის საერთო ფართობი 40 000 კვ.მ. შეადგენს.

ვარძია

ვარძიის წმიდათა-წმიდა სახელი უცვლელად აცოცხლებს პირველ ქართველ ქალ – მეფეთა-მეფის თამარის სახეს, რომელთანაცაა დაკავშირებული ამ მონასტრის მშენებლობა ფეოდალური საქართველოს “ოქროს ხანაში”.

არაჩვეულებრივია ვარძიის ბუნებრივი გარემო. უძველესი დროიდან დასახლებული მხარე მდებარეობდა იმ მთავარ გზაზე, საქართველოს რომ უკავშირებდა წინა აზიას.

გამოქვაბულთა მშენებლობა საქართველოში ვითარდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, ვიდრე შეიქმნებოდა ვარძია.

ვარძიის წარსული თქმულებებში გადაიზარდა. თხრობა ხშირად მოკლე და მარტივია, მაგრამ მუდამ შთამბეჭდავი.

ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება “ვარძია” შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: “აქა ვარ ძია!”. მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა.

მოთხრობილ ამბებში საგულისხმოა სამი მომენტი: მონასტრის დაარსების დაკავშირება მეფე გიორგი III და, განსაკუთრებით, თამარ მეფის სახელთან; ვარძიის მშენებლობის ადგილის შეცვლა და აქ მონასტრის დაარსებამდე ძველი გამოქვაბულების არსებობა.

მართლაც, მონასტერი რომ შეიქმნა მეფე გიორგი III და თამარ მეფის დროს, ამის შესახებ პირდაპირი ცნობებია „ქართლის ცხოვრებაში“. ეს დასტურდება თვით ვარძიის ტაძრის მოხატულობითაც. ვარძიის მშენებლობის გადატანას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ადგილი, ზედა ვარძიის სახელწოდებით. მაგრამ თუ ამ ორი ფაქტის შესახებ მაინც არსებობს ზოგი ისტორიული ცნობა, სამაგიეროდ თანამედროვე ვარძიის ადგილზე გამოქვაბულების არსებობა უკვე თამარის ბავშვობაში, ადრე ცნობილი იყო მხოლოდ ლეგენდიდან. ვარძიის ისტორიულ- არქიტექტურული გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მის აქ დაარსებას წინ უძღოდა კლდის სოფლის ანანაურის არსებობა.

თამარ მეფის დროინდელი მემატიანე ვრცლად და მხატვრულად მოგვითხრობს ვარძიის დაარსებას.

ადგილის შერჩევა განპირობებული იყო კლდის საუკეთესო სამშენებლო თვისებებით, ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, საყოფაცხოვრებო, სამხედრო თვალსაზრისით და, აგრეთვე, აქ სასმელი წყლის არსებობით.

მშენებლობის პირველი ეტაპია გიორგი III (1156 – 1184) მეფობის წლები, ჩანაფიქრი და მშენებლობის გეგმის შემუშავება მის სახელთანაა დაკავშირებული. ვარძია იმავე დროსაა გამოკვეთილი პირველი საცხოვრებელი სახლები წყაროს მახლობლად.

მშენებლობის მეორე ეტაპი თავსდება გიორგი III სიკვდილისა და თამარ მეფის ქორწინებას შორის (1184 – 1186). თამარ მეფის მითითებით თავდაპირველი გეგმა ნაწილობრივ შეიცვალა. წყაროსთან, უკვე იქ არსებულ გამოქვაბულთა ადგილზე, შეიქმნა მონასტრის ცენტრი – კლდეში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ტაძარი, მოხატული ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. ეს გამოირკვა ქტიტორთა პორტრეტულ გამოსახულებებთან არსებული წარწერების წაკითხვის შედეგად.

ვარძია, როგორც მონასტერი, ცნობილია ტაძრის კურთხევის მომენტიდან და მისი პოპულარობა განუხრელად იზრდება.

მშენებლობის მესამე ეტაპი მოიცავს წლებს ტაძრის მოხატვას და ბასიანის ბრძოლას შორის (1186 – 1208). მთავრდება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გარშემო მონაზონთა კლდის სახლების, თავდაცვითი სამალავის და რთულ საირიგაციო ნაგებობათა – წყალსადენის გვირაბისა და სარწყავი არხის – გამოკვეთა.

1203 წ. მონასტერმა სრული ბრწყინვალებით მიიღო საქართველოს ყველა კუთხიდან შეკრებილი მრავალრიცხოვანი ლაშქარი. აქვე მობრძანდა თამარ მეფე. ვარძიიდან საომრად გასულმა ქართველებმა სძლიეს მუსლიმანთა კოალიციის ოთხასათასიანი ლაშქარი ბასიანის ბრძოლაში.

მემატიანეს ცნობით ვარძიის სახელს და „გამმარჯუებელ“, „სასწაულთმოქმედ“ ვარძიის ღვთისმშობელს უკავშირდება ყველა ძლევამოსილი ომები, რომელთაც იმ ეპოქაში აწარმოებდა საქართველო მაჰმადიანთა ექსპანსიის წინააღმდეგ. ფრესკა ვარძიაში” XII – XIII საუკუნეთა მიჯნაზე, ვარძია მნიშვნელოვანი პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრია, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში.

საქართველოს მონღოლთა ბატონობის მძიმე ხანაში, XIII საუკუნის მეორე ნახევარში, ვარძიის მონასტერი და მისი წინამძღვარი, საქართველოს კათოლიკოსთან ერთად, იცავდნენ ქრისტიანობას, როგორც ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებას.

1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ვარძიას. ამ სტიქიური უბედურების შემდეგ მონასტრის ნაწილობრივ აღდგენას უკავშირდება მშენებლობის მეოთხე ეტაპი, ათაბაგ ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის დროს (1285 – 1306).

ამ წლებში, მიუხედავად მონღოლთა ბატონობისა, ვარძიის მონასტერი წინანდებურად მდიდარია და კვლავ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ცხოვრებაზე.

XV – XVI საუკუნეები ქვეყნის შინაგანი რღვევისა და ირან-თურქეთის მხრივ საქართველოს დაპყრობის უკიდურესად აგრესიული მისწრაფების ხანაა. ვარძიას თვით უხდება თავდაცვითი ბრძოლების წარმოება. იგი საიმედო დასაყრდენია საქართველოს მეფისათვის ქვეყნის გაერთიენებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. 1551 წელს მონასტერში გამაგრებული ქართლის მეფის ლუარსაბ I სამხედრო ძალები იგერიებდნენ სპარსეთის ჯარების შემოტევას. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა თვით გამოქვაბულებში, ამაზე წერს XVII ს. ქართველი ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანისძე.
მესხეთი 1578 წელს თურქეთის ბატონობაში მოექცა. თურქეთის წყობილების შემოღების შემდეგ ეკლესია და სამღვდელოება იდევნება, მონასტრები ცარიელდება, მონაზვნები თავშესაფარს იმერეთსა და ქართლში ეძებენ.
ვარძიის გაუკაცრიელებული გამოქვაბულები ინგრევა. დიდებულმა სავანემ არსებობა შეწყვიტა.

გამოქვაბულთა ცამეტსართულიანი ანსამბლი გადაჭიმულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, სახლები კი გამოკვეთილია კლდის სიღრმეში სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.

მთლიანად ანსამბლი ისტორიულად ჩამოყალიბებული ორი ნაწილისაგან შედგება: ვარძია და უფრო ადრეული ხანის X-XII საუკუნეების კლდის სოფელი – ანანაური. ამ ორივე ტერიტორიას აკავშირებს აქ უფრო გვიან აგებული ვარძიის მონასტრის სამრეკლო. ვარძიის თანამედროვე დასახელებაში იგულისხმება ორივე ეს ნაწილი.

ანანაურის კომპლექსი - ანანაურს ფართე ტერიტორია უკავია; გამოქვაბული კომპლექსის გარდა, მასში შედის ყოფილი ბაღებისა და ვენახების ჩამოწოლილი ტერასები და ეს ტერიტორია ვრცელდება სარწყავი არხის ნანგრევებამდე. აქ ყურადღებას იპყრობს საერო კლდის სახლები – მათ შორის რთული ორსართულიანი სახლი ბოსლით, კლდის ლოდში გამოკვეთილი საწნახელი და წყალსაცავი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ანანაურის კლდეში გამოკვეთილი ეკლესია შექმნილი არა უგვიანეს X საუკუნისა, მცირე სახიზარი – ქვაბით. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, მისი შინაგანი ზომები საკურთხევლის ჩათვლით 2,2X4,5 მ. კედლები და კამარა მთლიანად მოხატულია. ანანაურის მოხულობა ბოლომდე არ არის შესწავლილი, ის შეიძლება XIV საუკუნეს მიეკუთვნოს.

ვარძიის მონასტრის სამრეკლოს მახლობლად ყურადღებას იპყრობს მარტივი საერო კლდის სახლი ბოსლით, ოდნავ ქვემოთ კი გამოქვაბულთა დიდი კომპლექსი. ზემო ტერასაზე მდებარეობს ამ ანსამბლისათვის ტიპური რთული სამონასტრო ქვაბული დარბაზული ეკლესიით, რომელსაც “ლიტანიის ეკლესია” ეწოდება.

ვარძიაში არსებობდა ოროთახიანი, სამოთახიანი და ოთხოთახიანი კლდის სახლები, მათ შორის ორსართულიანებიც.
ანსამბლის დასავლეთით, ცამეტსართულიან ნაწილში მეტად საინტერესოა IX სართულზე სატრაპეზო პურის საცხობით. IV სართულზე მოთავსებულია საყურადღებო კონსტრუქციის ლითონის დამამუშავებელი სახელოსნო. III – IV სართულებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მრავალოთახიანი სახლები ინდივიდუალური ეკლესიებით, მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ორსართულიანი სახლი.

ანსამბლის აღმოსავლეთის რვასართულიან ნაწილში სრულიად ან ნაწილობრივ შერჩენილია სამოცდაცხრამეტი კლდის სახლი. აქ სათავსოთა საერთო რიცხვი ორასორმოცდაორს შეადგენს. ამ ნაწილში საინტერესოა ცამეტქვევრიანი მარანი და ეგრეთ წოდებული “სალხინო” – სადგომი ლხინისათვის. ანსამბლის მშვენებაა დამუშავებით გამორჩეული კლდის სახლები, ესენია: ეგრეთწოდებული “სადარბაზო” – მონასტრის საკრებულო ეკლესიით, თამარ მეფის ოთახი და მონაზონთა სენაკები. ამ სენაკებს შორის შემორჩა გასასვლელი – ურთიერთდამაკავშირებელი ამ საცხოვრებელი ოთახებისა. აქვეა მონასტრის მთავარი შესასვლელი – კლდეში გამოკვეთილი გრძელი, ციცაბო, ზევითკენ ამავალი გვირაბი ფართე კამარით და საფეხურებით.

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, რომელიც ანსამბლის შუაგულში მდებარეობს. ეკლესიის კამარა, საკურთხეველი და იატაკი გამოკვეთილია კლდეში, ხოლო სამხრეთის, ჩრდილოეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ამოყვანილია ქვიტკირით. კლდის სიღრმეში, ტაძრის მახლობლად, მოწყობილია აუზი წყაროს წყლისათვის, რომელიც ნაკურთხ წყლად ითვლებოდა. თამარის ფრესკა ვარძიაში” ეკლესიის გვერდით კლდეში გამოკვეთილია სამარხები. ჩრდილოეთით აგებულია აგურის აკლდამა, ფასადზე შემორჩენილი მოჭიქული შორენკეცების ნაშთებით. კლდის სირღმეში გამართულია ფარული გვირაბები და სახიზარი ქვაბები. ტაძარი მოხატულია უნიკალური ფრესკებით. იგი მოხატა მხატვარმა გიორგიმ, მხატვართა ჯგუფმა ქართლის ერისთავის რატი სურამელის თაოსნობითა და სახსრებით. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.

თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი – მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის “გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი”.

დღეს ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ვარძიის კომპლექსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ექვემდებარება.

ვარძიას დღემდე მრავალი მნახველი ჰყავს, არა მარტო საქართველოდან, არამედ – სხვა ქვეყნებიდანაც.

მოამზადა თეონა ნოზაძემ
წყარო: www.ambioni.ge - გივი გაფრინდაშვილი – “ვარძია” გამომცემლობა “ავრორა”, პეტერბურგი, 1975 წ. -





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: kldeshi nakveti vardzia, vardzia, კულტურა, ambioni.ge, მართლმადიდებლობა, martlmadideblebi, martlmadidebloba, martlmadidebluri, ვარძია, კლდეში ნაკვეთი ვარძია Views: 6181 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: