ახალ მოსულთა წეს-განგებისა და იმის შესახებ, თუ რა შეჰფერის მათ - წმინდა ისააკ ასური

2014-04-04, 7:37 PM


უბიწო და ღმრთისათვის სათნო ქცევა ესაა: აქეთ-იქით თვალების ცეცებას მოერიდე და მუდამ წინ იყურე, ამაოსმეტყველებას გაექეცი და მხოლოდ ისა თქვი რაც აუცილებელია, უბრალო სამოსი იკმარე, უბრალო საზრდელი მიიღე, შიმშილის დასაოკებლად და არა გემოთმოყვარეობის დასაცხრობად. ყველაფერი ცოტ-ცოტა ჭამე, ერთს ნუ შეიძულებ და მეორეს ნუ შეიყვარებ, და რაც გიყვარს, იმით ნუ ამოიყორავ მუცელს. ყოველ სათნოებაზე მაღლა დგას განსჯის უნარი. ღვინოს კი, თუ მეგობრები არ გწვევიან, ან თუ ავად არა ხარ, ან ძალიან სუსტად თუ არა გრძნობ თავს, საერთოდ ნუ დალევ. კაცი რომ ლაპარაკობს, სიტყვას ნუ გააწყვეტინებ, და რაიმეს თუ გკითხავენ, უმეცარივით ნუკი უპასუხებ, ბრძენთა სიმტკიცეს მოუხმე. სადაც არ უნდა იყო, უმცირესად შერაცხე თავი და სხვა ძმათა მსახურად. ნურასოდეს გაიშიშვლებ სხეულის რომელიმე ნაწილს, ნურავის სხეულს ნუ შეეხები რაიმე აუცილებლობის გარეშე და ნურც ნურავის მისცემ ნებას, ასეთივე მიზეზის გარეშე შეგეხონ. სიკვდილივით ერიდე კადნიერ ლაპარაკს. ძილშიაც უბიწოება დაიმარხე, რათა მფარველი ანგელოზი არ განგეშოროს, და თუ ეს შესაძლებელია, ეცადე ვერავინ გნახოს მძინარე. კარგი იქნება, თუ ვერც შენს ნახველს დაინახავს ვინმე. თუ ტრაპეზზე მჯდომს ხველება აგიტყდა, თავი უკან მიაბრუნე და ისე დაახველე. სმა-ჭამაც მორიდებული შეგფერის, როგორც შვილს ღმრთისას.

ხელს ნუ გაიწვდი იმის ასაღებად, რაც შენს მეგობარს შესთავაზეს. თუ შენთან ერთად ტრაპეზზე უცხო ზის, სთხოვე რაიმე იხმიოს, თან წესრიგი დაიცავი. წყნარად და მოკრძალებულად იჯექი, ნუ გაიშიშვლებ სხეულის რომელიმე ნაწილს. როდესაც ამთქნარებ, პირზე ხელი აიფარე, რომ სხვებმა ვერ დაინახონ, რამეთუ, თუ სუნთქვას შეიკავებ, მთქნარება გაგივლის. წინამძღვრის, მეგობრის ან მოწაფის სენაკში, რომ შედიხარ ეცადე ვერ დაინახო რა ნივთები აწყვია იქ. თუ გულისსიტყვა ამისკენ გაქეზებს, ნუ დაემორჩილები მას, რამეთუ ვინც ამ საქმეში მოურიდებელია, მისთვის უცხოა მონაზვნური სახე და თვით ქრისტე, ვინც ეს სახე მოგვანიჭა. თვალს ნუ მიაპყრობ შენი მეგობრის სენაკში იმ ადგილებს, სადაც ჭურჭელია შენახული. ჩუმად გააღე და დახურე შენი სენაკის კარიც, და შენი მეგობრის სენაკის კარიც. გაუფრთხილებლად ნურავისთან შეხვალ, ჯერ დააკაკუნე, ნებართვა სთხოვე და მერე მორიდებულად შედი.

თარგმნა რუსიკო ბუაჩიძემ
წყარო: http://www.shemoqmedi.ge








გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: tsminda isaak asuri, wminda isaak asuri, religia, cminda isaak asuri, martlmadidebloba, martlmadideblebi, წმინდა ისააკ ასური, martlmadidebeli Views: 2538 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: