A A
RSS
Main » Files » საკითხავი თემები

იღუმენი დიონისე გვიმრაძე - მერვე ნეტარება – ” ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა”
2015-08-31, 7:52 AM

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ღმერთმა გაკურთხოთ!
ჩვენ შვიდი ნეტარების მამა დიონისე შესახებ უკვე ვისაუბრეთ. დღეს შევეცადოთ, რომ ცხრა ნეტარების მერვე მუხლი, მერვე საფეხური განვიხილოთ.

როგორც ავღნიშნეთ, ცხრა ნეტარება არის სულიერი კიბე, რომელიც თითოეულმა ქრისტიანმა უნდა აიაროს; ყოველ შემთხვევაში, უნდა ვცდილობდეთ მაინც მასზე ასვლას. ჩვენს ბოლო საუბრებს თუ გავიხსენებთ, მაშინ ავღნიშნეთ, რომ ადამიანი, რომელიც გულის სიწმინდეს მოიპოვებს, იგი ღმერთს იხილავს, ანუ ღვთის მადლი მიეცემა; ვისაც ღვთის მადლი მიენიჭება, ის არის მშვიდობისმყოფელი, ანუ ის ადამიანი არამარტო შინაგანად მშვიდდება, არამედ გარემოზეც დიდ ზეგავლენას ახდენს და პირიქით, გარემო ვერ ახდენს მასზე უარყოფით ზეგავლენას, არ კარგავს შინაგან წონასწორობასა და გონიერებას.

დღეს უნდა ვისაუბროთ ნეტარების მერვე საფეხურზე, რომელიც ჩვენთვის შეიძლება ცოტა მოულოდნელიც აღმოჩნდეს. ქრისტე ბრძანებს: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა” (მთ. 5,10). აქამდე მოგვიწოდებდა, რომ იყავით სულით გლახაკნი, მგლოვარენი საკუთარი ცოდვების გამო, მშვიდნი, სიმართლის მაძიებელნი, მოწყალენი, გულის სიწმინდით დამცველნი და მშვიდობისმყოფელნი. ყოველი ნეტარება მის წინა საფეხურისგან გამომდინარეობს და საბოლოოდ ადამიანი მშვიდობისმყოფელობას შეიმოსავს. თითქოს რაღა დარჩა?! ადამიანმა ყოველგვარ სათნოებას მიაღწია, ნუთუ კიდევ რაიმე დარჩა მიუღწეველი?! არ დაგვავიწყდეს, წინ კიდევ ორი საფეხური დაგვრჩა გასავლელი და მათგან პირველი ნეტარად სახელდებს მათ, ვინც დევნულია სიმართლისათვის.

როგორ გავიგოთ ახლა ეს სიტყვები? ნუთუ დევნა უნდა ვეძებოთ?! არა! მაცხოვარი ამას არ გულისხმობს. მისი სწავლება ერთგვარი გაფრთხილებაა; ვინც ქრისტეს მცნებების მიხედვით იცხოვრებს, ვინც ამ საფეხურებს გაივლის და გულის სიწმინდემდე და მშვიდობისმყოფელობამდე ამაღლდება, მას ქრისტეს სჯულის აღსრულებისათვის დევნა ელის. თუმცა, დევნა კი არ არის ზოგადად ნეტარება, არამედ სიმართლისთვის დევნა.

თუკი საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით, მარტივი დაკვირვებაც გვიჩვენებს, რომ დღეს არავინ გვდევნის, ამისდა მიუხედავად დიდი სულიერებით ვერ გამოვირჩევით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ დევნა დაგვიწყონ ჩვენი სჯულისათვის, განა მზად ვართ ამგვარი განსაცდელისათვის? ბევრი ჩვენთაგანი ამისთვის არ ვართ მზად. ქრისტე კი გვეუბნება, რომ ნეტარ იყვნენ ის ადამიანები, ვინც სიმართლეს ეძებენ, პოულობენ, მას აღასრულებენ, შემდგომ კი ისე იცავენ მას, რომ ამ სიმართლიდან არავითარ შემთხვევაში არ გადავლენ; დევნას, ყოველგვარ შეურაცხყოფას თუ ტანჯვა-წამებას და თავად სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.

ასეთია ქრისტიანობა: ერთი მხრივ, შინაგანი მშვიდობისა და სიყვარულის მომტანია, მაგრამ, მეორე მხრივ, გარედან დიდი განსაცდელებითა და უმოწყალო დევნით გვირგვინდება. წმიდა პავლე მოციქული გვასწავლის: „ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღმრთისმსახურებით ცხორებაი ქრისტე იესუს მიერ, იდევნნენ”(2 ტიმ. 3,12). ვისაც ღვთისმსახურება სურს, ვინც ქრისტეს შეუდგება, ანუ ვინც ქრისტიანია, ის დევნულიც იქნებაო. როგორც ვხედავთ, ქრისტიანობა მარტოოდენ სიხარულთან არ არის დაკავშირებული, არამედ დიდ დევნასთან, შეურაცხყოფასთან და ტანჯვასთანაც ყოფილა გაიგივებული.

თავად ქრისტე გვაფრთხილებს და გვასწავლის, რომ მისი მიმდევრები დევნულნი იქნებიან: „მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათვის, რამეთუ არა იციან მომავ- ლინებელი ჩემი”(იო. 15,20-21).

როგორც ავღნიშნეთ, დღეს ჩვენ არავინ გვდევნის, მაგრამ ხშირად ტაძარში მოსვლაც კი გვეზარება და თავს ვარიდებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გვითხრან, თუ ტაძარში მიხვალთ, სიკვდილით დასჯა დაგეკისრებათო. ვინ მოვა მაშინ აქ?! გაცილებით ცოტანი, ვიდრე ახლა ვდგავართ. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ მხოლოდ ის ადამიანი იქნება მზად სარწმუნოებისთვის ამხელა მსხვერპლის გაღებისთვის, ვისაც ნეტარების ყველა მუხლი გავლილი აქვს და სულიერად უკვე განმტკიცებულია. თუ ადამიანი სულიერად მტკიცე და რწმენაში შეუპოვარი არ იქნება, როგორ შეიძლება მან სასტიკ დევნას გაუძლოს?!

ნუ დაგვავიწყდება, პირველი საუკუნიდან დაწყებული როგორი სასტიკი დევნა მიმდინარეობდა ქრისტიანთა; არც დღეს წყდება ქრისტიანთა დევნა, თუმცა ქრისტიანობამ დღევანდელ დღემდე მაინც მოაღწია. მრავალსაუკუნოვანმა სასტიკმა დევნამ მრავალი მოწამე შესძინა წმიდა ეკლესიას. ოცსაუკუნოვან ისტორიაში იყო მთელი რიგი ისტორიული ეპოქები, როდესაც ადამიანებს მხოლოდ იმის გამო აწამებდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ, რომ თავს ქრისტიანებად მიიჩნევდნენ, განსაკუთრებით ამგვარი პროცესები პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა; თუმცა არც მეოცე საუკუნე იყო ამ მხრივ დიდად გამონაკლისი. დევნას ჰქონდა სხვადასხვა ხასიათი, სასულიერო პირებს უმეტესად სიკვდილით სჯიდნენ ან ასახლებდნენ, ხოლო ერის ხალხს ეკლესიაში სიარულს კატეგორიულად უკრძალავდენ. თუ მორწმუნე ადამიანი ეკლესიაში მაინც მივიდოდა, მაშინ მასაც სხვადასხვა სახის სასჯელს აკისრებდნენ. ვინც არ უარყოფდა ქრისტეს და ჭეშმარიტებას, ის სასჯელს ექვემდებარებოდა, შესაბამისად, ისინი იყვნენ დევნული სიმართლისათვის.

ამრიგად, ქრისტეს მსახურება დიდ სულიერ სიმტკიცესა და შეუპოვარ რწმენას მოითხოვს. ალბათ ვხვდებით, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ის არის, ვინც სასტიკი დევნის მიუხედავად მაინც არ უარყოფს ქრისტეს. სწორედ ამიტომ, ნეტარი უწოდა ქრისტემ ამგვარი რწმენით აღვსებულ ადამიანებს. მაგრამ, რატომ გვეუბნება ქრისტე, რომ დევნულნი უნდა იყოთო?! სხვანაირად არ შეიძლება, რომ ქრისტიანები ვიყოთ?! რა თქმა უნდა, ეს სხვანაირადაც არის შესაძლებელი, მაგრამ, როგორც წესი, ღირსეული ქრისტიანი უმეტესად დევნული ხდება, რასაც მრავალი მიზეზი აქვს.

მაგალითად, უღმრთო ხელისუფალნი დაუნდობლად ებრძოდნენ ქრისტიანებს, მაგრამ არც მარტო ხელისუფალთ შეიძლება გადავაბრალოთ ქრისტიანთა დევნა; ზოგადად ხალხი და ხშირ შემთხვევაში თავად ქრისტიანული საზოგადოება უპირისპირდება ხოლმე სიმართლის დამცველ ადამიანს, რადგან სიმართლის მოსმენა მცირედს თუ სურს. მართლაც, ძნელად რომ ვინმე ყოველთვის სიმართლის მხარეს იდგეს. ვინც სიმართლეს მუდმივად და განუხრელად იცავს, ის უკვე თავისი საქმით ხდება მრავალთა მამხილებელი; ხოლო თუ სიმართლის დამცველი ადამიანი საქმეს აშკარა სიტყვიერ მხილებასაც თან დაურთავს, მაშინ მას მოიძულებენ ხოლმე მისგან მხილებულნი და საბოლოოდ მის წინააღმდეგ ხშირად დევნის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. შესაბამისად, კაცთაგან მოძულებული და მტრად ქცეული მრავალგვარი ცილისწამებისა და უსამართლობის მსხვერპლი ხდება.

აი, ამგვარია სიმართლის დამცველთა საბოლოო ხვედრი, რომელთაც ქრისტე ზეციურ სასუფეველს ჰპირდება და ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ თუ არა მართალთ, ქრისტეს მცნებათა ერთგულთ და სიმართლისთვის დევნულთ, აბა, ვისღა უნდა მიაკუთვნოს უფალმა ზეციური წყალობა და ნეტარება?!
უფალმა შეგვაძლებინოს სიმართლის მსახურება ისე, რომ ვერც იწროებამ, ვერც ტანჯვამ, ვერც ცილისწამებამ, ვერც

ამაქვეყნის წარმავალმა დიდებამ თუ შიშმა ვერ გატეხოს ჩვენში ქრისტესადმი ერთგულება.
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ!”




გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: religia, იღუმენი დიონისე გვიმრაძე, dmanisis sion, martlmadidebloba, mama dionise gvimradze, ighumeni dionise gvimradze, merve netareba, დმანისის სიონი
Views: 1135 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 1
Guests: 1
Users: 0