ტაო-კლარჯეთის ძეგლები სასწრაფო შველას საჭიროებენ…

2014-01-14, 7:37 PM


ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე უძველესი ქართული ტაძრებისთვის ყოველი წამი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ქართული ძეგლები სავალალო მდგომარეობაშია… როგორია დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ტაძრების რეალური მდგომარეობა? დოლისყანა “ამბიონს” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი ესაუბრა, რომელმაც ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ახლახან იმოგზაურა

დოლისყანა

“არსებული ინფორმაციით, გასული წლის შემოდგომიდან დოლისყანის ეკლესიის შესასვლელში კედელი ჩამოშლილია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძარში ჯგუფი გახლდათ მისული, რომლებმაც თავი რესტავრატორების სახელით გააცნეს. მათი წასვლის შემდეგ მოსახლეობას ტაძრის კედელი ჩამონგრეული, საკურთხეველი კი საკმაოდ დაზიანებული დახვდათ. სავარაუდოდ, ისინი განძის მაძიებლები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის კარი დაკეტილია, ეკლესიაში შესვლა ყველასათვის შესაძლებელია და ის სრულიად დაუცველია. ძეგლის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ხდება ბუნებრივი დაზიანებებიც. დოლისყანა სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს და ყოველთვის არის იმის რისკი, რომ ძლიერი სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდეს. შესაბამისად, შესაძლოა მისი მდგომარეობა უფრო გართულდეს.



პარხალი

პარხლის ტაძარი ვიზიტორებისთვის ძირითადად დაკეტილია. ადრე ამ ტაძარში მეჩეთი ფუნქციონირებდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, დღეისათვის ის მედრესად, ანუ სასწავლებლადაა გადაკეთებული. პარხალი ეკლესიის გვერდით დაწყებითი სკოლაა. ტაძრის შინა ინტერიერში კი მედრესია მოწყობილი.

ბოლო დროს, ინტენსიური წვიმების შედეგად ეკლესიაში წყალი დიდი რაოდენობით ჩამოდის. ადგილობრივებმა თქვეს, რომ მათ მიმართეს შესაბამის ორგანიზაციებს, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ იძულებულნი გახდნენ, ძეგლის დაცვა გარკვეული ფორმით მოეხდინათ. სამწუხაროდ, წყლის ჩამოსვლის კვალი კვლავ შეინიშნება. ამ ტაძარში ფრესკები ისედაც მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი, წვიმის გამო კი მხატვრობა უფრო მეტად ზიანდება.



იშხანი

მისასალმებელია, რომ ქართულ-თურქული მოლაპარაკების შედეგად იშხნის ტაძრის აღდგენა გადაწყდა. ტაძართან მისულ ექსპედიციის წევრებს ტერიტორია გადათხრილი დაგვხვდა. თუმცა ვერ ვნახეთ ოფიციალური პირი, რომელიც მიმდინარე სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.

დღეს იშხანი ხარაჩოებშია ჩასმული. დაგეგმილი იყო სამხრეთი და ჩრდილოეთი მხარეების გამაგრება. ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ იაფი თანხის სანაცვლოდ დაიწყო ტაძარზე სამუშაოები. იაფი მუშახელი და საქმინობა კი ყოველთვის უხარისხობით გამოირჩევა.

მოგეხსენებათ, იშხნის ტაძარში კედელი იყო ჩაშენებული. მოხსნილი კედლის ფრაგმენტები მიმდებარე ტერიტორიიდან გატანილია. ამ დროს კი არაა გამორიცხული, ეს კედელი თავის დროზე იშხნის ნანგრევებისგან, ან სხვა ინტერიერის მასალიდან აეგოთ. ტაძრიდან გამოტანილი მასალა ეზოდან ტექნიკის საშუალებით გაჰქონდათ, თუმცა სად იყრებოდა და რა განძი იკარგებოდა, პასუხისმგებელი არავინ იყო.

ტაძრის იატაკის გაწმენდითი სამუშაოები ძალიან პრიმიტიული იარაღებით მიმდინარეობდა. წმენდის პროცესში აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ორნამენტებით შემკული მოზაიკური იატაკი. მუშებმა მას არ მიაქციეს ყურადღება და გასუფთავებისას მექანიკურად დააზიანეს.

იშხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გრუნტის წყლები ინტენსიურად გაედინება. მოსახლეობამ ის ძირითადად არხის სახით გაიყვანა და როდესაც 1 მეტრით დაბლა დაიწია სამუშაოებმა, ეს წყალი საკურთხეველთან ახლოს აღმოჩნდა. შემდგომი რესტავრაციის პირობებში, ალბათ, გრუნტის წყლების პრობლემა გადაჭრილი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლოა ტაძარს დიდი ზიანი მიაყენოს და გარკვეული კვალი წაშალოს. ამიტომ აუცილებელია სამუშაო პროცესებში არა მარტო ხელოვნებათმოცდნეების, ისტორიკოსების, არამედ გეოლოგებისა და ეკოლოგების ჩართვაც.

იშხანი სხვა რამდენიმე ქართულ ძეგლთან ერთად სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. ცნობილია, რომ 1791 წელს ძლიერი მიწისძვრა მოხდა, წარმოიქმნა თორთუმის ტბა და ჩანჩქერი. ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ მიწისძვრის შედეგად უნდა დაზიანებულიყო ოშკი და იშხანიც. ამის მერე დიდი დრო არაა გასული და ძლიერი მიწისძვრის განმეორების დიდი რისკია.

ტაძარზე სამუშაოები შეჩერებულია. იმედი მაქვს, იშხნის აღდგენის პროცესი ქართველი სპეციალისტების მონაწილეობისა და მეთვალყურეობის ქვეშ გაგრძელდება.



ოშკი

ტაო-კლარჯეთში ჩვენი მოგზაურობა განგებ შევარჩიეთ ოშკის ტაძრად კურთხევის 1050 წლისთავზე, რაც ხარება დღეს, 7 აპრილს აღინიშნება. ოშკში ამ დღეს ბევრმა ადამიანმა მოვიყარეთ თავი, იყვნენ ოფიციალური დელეგაციები, პრესის წარმომადგენლები, ორი ეპარქიის მრევლი და ეპისკოპოსები – ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე და ზუგდიდისა და ცაიშიც ეპარქიის მიტროპოლიტი გერასიმე. ალბათ, დიდი ხანია ოშკის კურთხევის დღეს ტაძარში არავინ შეკრებილა. ეს დღე გამორჩეული იყო…

ოშკში ბოლო 6-7 თვეში მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი ზიანდება. ტაძრის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ხანძთა

დენირელის კაშხლის შევსების დაწყების გამო საავტომობილო გზა, რომელიც ხანძთისა და ოპიზისკენ მიდის, დროებით არ ფუნქციონირებს. თუმცა შენდება გაცილებით უკეთესი გზა, რომელიც ხანძთის მონასტერთან უფრო ახლოს გაივლის. საფეხმავალო ბილიკი მდ. ბერთას ხეობიდან მიემართება 2 კილომეტრის სიგრძეზე და ჩვეულებრივ გავლადია. ოპიზასა და ხანძთის გადასახვევთან საინფორმაციო დაფები წყალში უკვე ნახევრად დატბორილია. ხანძთა ყველაზე ძლიერაა დაზიანებული ტაო-კლარჯეთში მდებარე ქართულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს შორის.



ოთხთა

ოთხთაში განძის მაძიებლების მიერ “სამუშაოები” უფრო გაფართოებულია. ტაძრის ქვედა ნაწილში მათ მთლიანად გაუძარცვავთ საფლავი, დიდი ფილა ამოუგდიათ. ამ ადგილზე გრუნტის წყლები გაედინება და მათ მიერ გადათხრილ საფლავებსა თუ ორმოებში საკმაო რაოდენობის წყალი გროვდება, რაც პირდაპირ საძირკველში მიდის. ოთხთა როგორც შევამჩნიეთ, ამ ზამთარში კედლებზე წყალი ინტენსიურად ჩამოდიოდა და ჩამოვარდნილია ჯერ კიდევ შემორჩენილი მხატვრობის მცირე ფრაგმენტები. ალბათ, ეს ნაპრალი დროთა განმავლობაში გაფართოვდება და ძლიერი წვიმის შედეგად წყლის ჩამოსვლა შიდა ინტერიერში გაგრძელდება, მხატვრობის კვალიც ნელ-ნელა დაიკარგება…

ხახული

ხახული დაცულია, გადახურულია. საბედნიეროდ, წყალი არ ჩადის. კვლავ მეჩეთად ფუნქციონირებს და თუ სხვა ქართულ ტაძრებში ნებისმიერ დროს შეგიძლია შესვლა, აქ კარი დაკეტილია და ვისაც გასაღები აბარია, ის 3-4 საათში სტუმრობს ძეგლს. შეიძლება ისე იცადო 4 საათი, ტაძარში ვერც შეხვიდე. ჩემი აზრით, ხახულის ღვთისმშობლის ტაძარი ყველაზე კარგ მდგომარეობაშია ტაო-კლარჯეთში.

ბანა

ბანაში ტერიტორია 3 წლის წინ ინტენსიურად იყო გადათხრილი, მას შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილება არაა. ჩამოშლის ფრაგმენტები არაა დაფიქსირებული. ბანა ყველაზე მეტად იმითაცაა დაჩაგრული, რომ ის არანაირ ტურისტულ მარშრუტში არ ფიგურირებს. თუ სხვა ძეგლებთან საინფორმაციო დაფები გვხვდება, ბანას მიგნება ამ მხრივაც ჭირს, რადგან არანაირი მინიშნება არ არსებობს. მთავარი გზის გადასახვევიდან ტაძრისკენ 300 მ.-ის გრუნტის გზაა გასავლელი, წვიმიან ამინდში კი შეიძლება აქ ვერც გადაადგილდე”.

ტაო-კლარჯეთში არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ქართული ტაძრები გადაუდებელ და სასწრაფო შველას საჭიროებენ.

მასალის წყარო - Ambioni.Ge - ავტორი თეონა ნოზაძე
სტატიაში გამოყენებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს






გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: oshki, xandzta, parxali, khandzta, ishkhani, parkhali, ambioni.ge, ishxani, ამბიონი, otkhta Views: 1758 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: