სამი წმინდა დედის ნატვრა / sami tsminda dedis natvra

2018-05-09, 1:47 PM


პავლე ეპისკოპოსმა გვიამბო:
აღმოსავლეთში წმინდა ადგილთა მოსალოცად რომ ვიყავი ერთ მონასტერში მივედი. წინამძღოლი და ბერები გამომეგებნენ. მოვიკითხეთ ერთმანეთი და მონასტრის კართან ჩამოვსხედით. იქვე ნაყოფიერი ხეები იყო. მიდიოდნენ, მიფრინავდნენ დიდი ფრინველები ნაყოფიერად, ატეხნენ ტოტებს ხეებს და მაშინვე უკან მიფრინდებოდნენ.
წინამძღვარს ვკითხე, პატიოსანო მამაო, რატომ აქვე არ ჭამენ და თან მიაქვთ ხილიანი ტოტები-მეთქი.
მან მიპასუხა, წმინდაო მეუფეო, უკვე თორმეტი წელია, ისე იქცევიან ეს ფრინველები, როგორც დღეს ნახეთო.
მე ვიფიქრე იქნებ ღვთის განგებით ხდება ასე. შესაძლოა, მთაზე წმინდა დედები ან მამები არიან და ღვთის ბრძანებით, იმ წმინდანებისთვის მიაქვთ ხილი.
ამას რომ ვლაპარაკობდით, ერთი ყორანი შემოფრინდა, მოტეხა ხილი და ნაყოფიერი ტოტი და წაიღო.
წინამძღვარს ვუთხარი, ჩვენც უკან გავყვეთ მეთქი და წავედით.
ყორანი თავისი ნაყოფიერი რტოთი ჩვენს წინ მიფრინავდა.
ავიდა გორაზე, დაჯდა და რტო დადო.
ჩვენც ავედით იმ მთაზე. ყორანმა მაშინვე აიღო ის რტო, კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულში ჩაფრინდა, მაშინვე დატოვა და ამოფრინდა ცარიელი.
ჩვენც მივადექით ნაპრალს, ჩავედით ძირს და დავათვალიერეთ.
უცებ იქიდან ხმა მოგვესმა — თუ ქრისტიანები ხარ, არ დაგვხოცოთო.
ჩვენ ვკითხეთ, თუ ვინ იყვნენ ისინი.
გვიპასუხეს — თუ ჩვენი ნახვა გინდათ, ჯერ სამი სამოსელი ჩამოგვიგდეთ, რადგან დედაკაცები ვართ და ტანთ არაფერი გვაცვიაო, მერე მოდით ამ მთის ძირში და ვიწრო გზა ამოგიყვანთ ჩვენდამდეო.
ეს რომ გავიგონეთ, მაშინვე სამმა ბერმა გაიხადა ზედა სამოსელი, ჩადეს შიგ ქვა და ჩაუგდეს მათ.
შემდეგ, როგორც გვასწავლეს, ჩავედით მთიდან, ვიპოვეთ როგორც იქნა, ძნელად სავალი გზა და მივედით იქ, სადაც ის წმინდანები იყვნენ. ვნახეთ სამი დედა. მათ მიწამდე თაყვანი გვცეს. ერთი მათგანი იჯდა, ორი კი წინ ედგნენ.
წინამძღვარმა ჰკითხა მჯდომას — ქალბატონო, დედაო ჩემო, საიდან ხარ და როგორ მოხვდი აქო?
მან უპასუხა — წმინდაო მამაო, მე კონსტანტინეპოლელი ვარ. მეფის ერთადერთი ვაჟი იყო ჩემი ქმარი, მაგრამ იგი ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა. ერთდროულად ვტიროდი ქვრივობას და უშვილობას. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთმა წარჩინებულმა კაცმა გაიგო ჩემს შესახებ და მონები გამომიგზავნა, რომ იძულებით წავეყვანე და ცოლად შევერთე. მე ვევედრე ჩემს უფალს, იესო ქრისტეს, რომ ვეხსენი მათგან, რომლებიც ჩემი სულის და ხორცის გახრწნას აპირებდნენ. ვიხმე ის მსახურები და ვუთხარი, ბატონებო, მეც მოხარული ვარ თქვენი ბატონი გადაწყვეტილებით, მაგრამ ძალიან ავად ვარ და მადროვეთ სანამ გამოვჯანმრთელდები. ისინი მაშინვე სიხარულით დაბრუნდნენ და დამიბარეს, რაკი ასეა, ჩვენი ბატონი, ორმოც დღესაც კი დაგელოდებათ. მათი წასვლის შემდეგ, ყველა ჩემი მონა გავათავისუფლე და ოქრო დავურიგე. დავტოვო მხოლოდ ეს ორი მხევალი, რომელთაც ხედავთ. მთელი დანარჩენი სიმდიდრე გლახაკებს გავუყავი. იყო ჩემი ნათესავი ქრისტიანი კაცი, რომელსაც პირობა ჩამოვართვი, რომ ჩემს შემდეგ სახლ-კარს გაყიდდა და იმასაც გლახაკებს დაურიგებდა. ასე მოვიშორე ამსოფლიური საზრუნავი. ღამით წამოვიყვანე ეს მხევლები, ამჟამად ჩემი სულიერი დები. შევედით ნავში და ღვთის წინამძღვრობით ამ ადგილამდე მოვაღწიეთ. უკვე თვრამეტი წელია, რაც ადამიანი არ გვინახავს. დღეს პირველი შემთხვევა იყო, რომ თქვენ გიხილეთ. ჩვენი სამოსელი ორი წლის შემდეგ დაიფლითა და ტანზე შემოგვეხია.
წინამძღვარმა ჰკითხა, რით საზრდოობდნენ ამ ხნის მანძილზე.
მან უპასუხა — ყოვლადღირსო მამაო, კეთილმოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთმა ჩვენმა, რომელმაც ისრაელ ერს, უდაბნოში ორმოცი წლის მანძილზე მანანა უწვიმა, მანვე, ტკბილმა მეუფემ, ჩვენ, მის უღირსს მხევლებსაც მოგვცა საზრდო. ყოველ წელს ფრინველებს მოჰქონდათ ჩვენთვის ყოველგვარი ხილი, საკმარისზე მეტადაც კი, თუმცა შიშვლები ვართ, ის თავისი მადლით გვიფარავს და გვაძლიერებს, რომ ზამთარში სიცივის არ გვეშინოდეს და ზაფხულში სიცხის. ვართ ასე, როგორც დასასვენებელ სამოთხეში და განუწყვეტლივ ვმადლობთ წმინდა სამებას.
ჩვენ ეს რომ გვესმოდა, ძალიან გვიკვირდა.
წინამძღვარმა ჰკითხა, ღმერთშემოსილო დედაო, თუ გნებავთ ბერებს გავგზავნი მონასტერში, რომ საჭმელი ამოიტანონ და ერთად ვისადილოთ.
მან კი მიუგო, ღმერთშემოსული მამაო, თუ წყალობა გინდა, უბრძანე რომ მღვდელი მოვიდეს, წირვის საღვთო მსახურება ჩაატაროს და ქრისტე ყოვლადპატიოსან საიდუმლოს გვაზიაროს, რაც ქალაქიდან გავედით, არ გვღირსებია საიდუმლოს მიღებაო.
ეს რომ გაიგო წინამძღვარმა ბერები გაგზავნა მონასტერში, მათ მოიყვანეს მღვდელი და საკვებიც მოიტანეს.
თავდაპირველად მღვდელმა საღვთო ჟამის წირვა აღასრულა და ის ღირსი სანატრელი დედა და მისი მხევლები აზიარა ქრისტეს ყოვლადწმინდა საიდუმლოს.
შემდეგ ღვთის მადიდებლებმა ყველამ ერთად ვისადილეთ.
ნეტარმა დედამ წინამძღვარს უთხრა — ვევედრები შენს სიწმინდეს, ყოვლადპატიოსანო მამაო, რომ წყალობა ჰქმენ და სამ დღეს დარჩით აქო.
მან თხოვნის შესრულება აღუთქვა.
ადგა ნეტარი დედა, გულმოდგინედ ილოცა და იმავე საღამოს მიაბარა სული უფალს.
ჩვენი ნეტარის წმინდა ცხედარი, დიდი გულის ტკივილით, ცრემლით და გალობით, დიდი პატივით დავმარხეთ.
მეორე დღეს სხვა/გზა დამილოცა და ისიც მიიცვალა უფლის მიმართ.
მესამე დღეს კეთილად აღესრულა მესამე დაც.
ჩვენ ყველანი დავკრძალეთ და უკან გამოვბრუნდით იმ ღმერთის მაქებარი და მადიდებელნი, რომელმაც თავისი განგებულობით ამ სასწაულის ღირსი გაგვხადა. ჩვენც, ყველანი, ღმერთის ამ დიდებულ სასწაულთან მსმენელნი განცვიფრებულნი უნდა ვადიდებდეთ ყოველგვარ სიკეთის მიზეზს, მამას, ვმადლობდეთ, ყოველი კეთილის განმახორციელებელ ძეს და თაყვანს ვცემდეთ ყოველივეს სრულმყოფ წმინდა სულს რომელსაც ჰშვენის მადლობა და თაყვანისცემა, საუკინითგან, აწ და უკუნისამდე. ამინ.





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: wminda dedebi, მამაო, samoseli, დედები, ნატვრა, qristianebi, ufali ieso qriste, sachmeli, mamao, ziareba Views: 8111 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: