ლოცვა ცოცხალთათვის

2013-07-27, 4:24 PM


მოიხსენე, უფალო იესო ქრისტე ღმერთო ჩვენო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, საუკუნითგან მყოფნი, რომელთათვის განკაცენ, და ჯვარცმა და სიკვდილი თავს იდევ ცხოვრებისათვის მართლ-მორწმუნეთა შენთასა, აღსდეგ, ამაღლდი ზეცად, და დასჯედ მარჯვენით ღვთისა და მამისა; მოხედენ მოწყალებით მვედრებელთა შენთა, რომელნი ყოვლითა გულითა გხადიან შენ; მოყავ ყური შენი და ისმინე ჩემ მდაბლისა და უხმარისა მონისა შენისა, და ყოვლისა ერისა შენისა. პირველად მოიხსენე, უფალო, შენი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელი პატიოსნითა სისხლითა შენითა მოიყიდენ, და დაამტკიცენ, განაძლიერენ, აღამაღლენ, განამრავლენ, მშვიდობით დამყარებულ-ჰყავ. წარმართთა ზედა მოსვლისაგან განათავისუფლენ და უძღებისა ჯოჯოხეთისა ბჭეთაგან უკუნისადმე დაიცვენ, მწვალებელთა გესლოვანება განაქარვენ, და მეტყველება მათი ცუდ-ჰყვენ, ძალითა წმიდისა სულისა შენისათა და მოაქციენ იგინი (მეტანია)..
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღვთთივ-დაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.
მოიხსენე, უფალო, და შეიწყალენ ღვთთივ-დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი, გარე შეზღუდე მპყრობელებანი მათნი და დაუმორჩილენ ქვეშე ფერხთა მათთა ყოველნი მტერნი და მბრძოლნი მათთნი, და შთაუთხრენ გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობა წმიდისა ეკლესიისათვის, და ყოვლისა ერისა შენისა, და მიეც მათ მშვიდობა და დაწყნარება, რათა მყუდროებასა შინა მათსა, დაწყნარებული ცხოვრება გვაქვნდეს, მართლითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით ვცხოვრობდეთ (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, მამაი ჩვენი ილია, წმიდანი მსოფლიოს მართმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზნო წესნი ზიარნი ეკკლესიისანი, რომელნი დაადგინენ მწყსად სიტყვიერთა ცხოვართა შენთა ზედა, და ლოცვითა მათითა მეცა ცოდვილი შემიწყალე და მაცხოვნე (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი (სახელი), მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღვწის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მშობელნი ჩემნი (სახელი), ძმანი და ნათესავნი ხორციელნი, და ყოველნივე მახლობელნი და მეგობარნი ჩემნი, და მოანიჭე მათ მშვიდობა შენი და აღავსენ იგინი ყოველთა კეთილთა (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოხუცებულნი და ყრმანი, ობოლნი და ქვრივნი, და მდებარენი უძლურებასა და დახსნილობასა შინა, მწუხარენი, განსაცდელსა შინა მყოფნი, ტყვეობასა და საპყრობილესა შინა მყოფნი, დევნილნი სიმართლისათვის მართლმადიდებლობასა შინა, უღმორთოთა და წარმართთაგან, მწვალებელთა და უარისმყოფელთაგან, მონანი შენნი მოიხსენენ, განანათლენ, აღადგინენ, განათავისუფლენ, განამტკიცენ ძალითა შენითა შენდობა და ხსნა მოანიჭე მათ. (მეტანია).
აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ მოძულენი და მაჭირვებელნი ჩემნი, და მოქმედნი ჩემზედა უსჯულოებისანი, და რომელნი მმძლავრობენ და მყვედრიან მე, ნუ დასჯი ცოდვათა და უსჯულოებათა შინა მათთა ჩემთვის, არამედ მოაქციენ იგინი ბოროტისაგან, რომელ აქვნ ჩემდა მომართ, და შეიწყალენ დიდითა წყალობითა შენითა (მეტანია).
უარისმყოფელნი მართმადიდებელთა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილნი წვალებათაგან დაბნეულნი, ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა, და ზიარ-ჰყვენ წმიდისა შენისა კათოლიკე სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ, მხოლოი ჭეშმარიტი ღმერთი და თაყვანის-გცენ (მეტანია).







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: ლოცვანი | Added by: InterestingSite | Tags: locvani, ufali ieso qriste, martlmadidebloba, locva cocxaltatvis, locvebi, locva cockhaltatvis, metania, ufalo shegvitskalen Views: 3992 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: