წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770)

2016-02-07, 2:09 PM


წმიდა ახალმოწამე გიორგი გურჯი (ივერიელი) (+1770)
ხსენების დღე - 2 (15) იანვარი
წმიდა ახალმოწამე გიორგი წარმოშობით ივერიიდან იყო. იგი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად „სალი“ დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა.

70 წლის ასაკში მასში გაიღვიძა სინდისმა და გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი ნებით ისე, რომ არავის დაუძალებია. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: „დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი“.

მსაჯული და ყველა მასთან მყოფნი იცნობდნენ სალის, როგორც კარგ, პატიოსან ადამიანს. როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ეს პატივსაცემი მოხუცი, თავისი თეთრი წვერით, „ჭკუას დაკარგავდა“ და მოითხოვდა ქრისტესთვის სიკვდილს? თვალცრემლიანმა მოხუცმა კვლავ აღიარა ქრისტეს სჯული და მოითხოვა მოწამეობრივი სიკვდილი, თავისი ცოდვების აღსახოცად.

ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.

ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და აძალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა „სალავატი“, რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე, რომელსაც „პარმაკ-კაპუ“ ერქვა. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამებრივი გვირგვინი 1770 წელს.

„საპატრიარქოს უწყებანი“, № 31, 2005 წ.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: წმინდანთა ცხოვრება | Added by: nikolozqartveli | Tags: ივერია, martlamadidebloba, გიორგი ივერიელი, iveria, giorgi iverieli, saqartvelo, მართლმადიდებლობა, gurji iverieli, საქართველო, გურჯი ივერიელი Views: 4185 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: