თქმული ბასილი დიდისა

2013-05-18, 4:12 PM


თქმული დიდისა ბასილისა 

არა რომელიმე ერთი სხვათა წიგნთაგანნი ესრეთ ღმერთსა ადიდებს, ვითარ ფსალმუნთა წერილი, რამეთუ ფრიად მარგებელ არს სულისა და განმწმენდელ გონებისა, შეაერთებს ზეცისა ძალთა და მათთანა ერთხმობით აღამაღლებს დიდებულებასა ღვთისასა და ხმითა ანგელოზებრივითა ღაღადებს შვენიერად, ჰსწყევს ეშმაკთა ძლიერებითა საშინელითა, და შეაძრწუნებს მანქანებასა მათსა, ესე არს ძალი მეფეთა და დიდება მთავართა. ესე სიმხნე მხედართა და დამცველი ერისაგანთა: ესე ევედრების ღმერთსა ვედრებითა ტკბილოვანითა და უაღმატესობს ყოველთა წმიდათა წერილთა. ესე ფსალმუნად სახელდებული მსგავს არს სიდიდესა ზღვისასა , ვითარცა მას არა დააკნინებს წარდინებანი წყაროთანი და არცა მოაკლდებიან შედინებანი მდინარეთანი. ეგრეთვე წერილსა ამას ფსალმუნთასა არა მოაკლდებიან გალობათა ხმატკბილობანი,
რამეთუ ფსალმუნი ესრეთ გამოითარგმანების- უფლისა მიმართ , ცხოვრება სულთა; ხოლო სხვანიცა ღვაწლნი ფრიად მარგებელ არიან: მარხვა, გინა მუხლთ-დრეკანი, არამედ არა ეგრე, ვითარცა აღმოკითხვა ფსალმუნთა ამათ. უკეთუ სთქვა კაცო, რამეთუ ხორციელ ვარ და გვამისა უძლურებათა არა ძალმიძს აღმოკითხვა წერილისა, მიხედე ჰაერსა და განიცადე მზე და მთოვარე და ვარსკვლავნი ცისანი, ვითარცა დღე და ღამე არა დასცხრებიან მიმოვლობასა თვისსა, და დაუშრომელად აღასრულებენ ბრძანებასა ზეგარდამოსა, რამეთუ იგი ეთერთა შექმნულობა, არცა ჭამადთა მიმღებელ არს და არცა მოელის განკითხვასა სასჯელისასა, არამედ განჩინებასა ღვთისასა მიმღებელ არს. ხოლო შენ, ძმაო, უკეთუ ხორციელ ხარ , გვამი შენი იმოსების სამოსლითა ფეროვანითა და გამოზრდისათვის მიმღებელ ხარ სანოვაგეთა მრავალგვართა და განისვენებ წადილისაებრ შენისა, არამედ არა მიხედავ , რამეთუ არიან სხვანი , რომელნი შუაღამესა ოდენ აღდგომილნი ევედრებიან და დაუშრომელად თაყვანის-სცემენ უფალსა და იღვწიან ცხოვრებისათვის სულთა თვისთათვის და მადლობენ ყოველთა მომავალთა საქმეთა ზედა დამბადებელსა ცისა და ქვეყანისასა, კვალად გულისხმა-ჰყავ, რამეთუ მდინარეთა წყალთასა არა აქუნ საგრძნობელნი, არამედ მასცა ეშინის დამბადებელისა თვისისაგან, რომელი დაუდგრომელითა წარმდინარებითა განრცხის მწიკვლოვანებასა ცხოველთასა, და მწყურნებ ჰყოფს სიხმელესა საწუთოსასა. ხოლო შენ არა გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ ყოველი კაცთაგან შეუძლებელი ღვთისა მიერ შესაძლებელ არს, რამეთუ მიიღე სარწმუნოებით და უფალი შემწე გეყოს შენ. რამეთუ დავით იტყვის: "დაუთმე უფალსა და იცევ გზა მისი და უფალმან აღგამაღლოს შენ დამკვიდრებად ქვეყანისა, ნუ თავს იდებ ნუცა ერთსა დღესა დატევებასა ფსალმუნთასა და თუცა რომლითამე მიზეზითა დაუტეო, მუნვე აღნიშნე და კვალად განთიად ნეშტი იგი აღასრულე, ნუმცა დაგიშთებიან მცონარებისათვის, რამეთუ იტყვის მოციქულთა პეტრე , დღენი ცხოვრებისა ჩვენისანი ათას წელ და ათას წელ, ვითარ ერთი დღე, და არარა სარგებელ მას შინა სრულიად დაუდგრომელ არს, რამეთუ დღეს მზე და ნათელი, ხოლო ხვალ წვიმა და ბნელი, აწ შვება და განცხრომა, ხოლო კვალად ვაება და ჭმუნვა, რამეთუ ყოველივე უქმ და ამაო თვინიერ მოღვაწებისაგან ვიდრე, რამეთუ თუმცა ღვაწლი მოიღვაწო ცხოვრებისათვის სულისა, და აღასრულო თქმული ესე და ისწაო მცნებანი ღვთისანი. მეყსეულად აღგეხილოს თვალნი გონებისა შენისანი და შეიგნო საკვირველებანი სახიერებისა ღვთისანი, თუ ვითარობენ, რამეთუ ჟამსა ერთსა კითხულ იქმნა დიდი იოანე ოქროპირი ძმათა ვიეთგანმე, თუმცა ვითარ კეთილ არს დატევება ფსალმუნთა აღმოკითხვისაო ,ხოლო მან მიუგო: ფრიად უკეთილეს არს, რათა დაშრტეს მზე ბრწყინვალებისა თვისისაგან, ვიდრეღა ფსალმუნი აღმიკითხვისაგან. დიდ სარგებელ არიან სწავლანი ფსალმუნთანი, რამეთუ საღმრთო წერილნი ყოველნივე კეთილ არიან და განმდევნელ ეშმაკთა, არამდე არა ეგრე ვითარცა ფსალმუნნი.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: zedazneli-ako | Tags: rwmena, sarwmunoeba, basili didi, ბასილი დიდი, თქმული ფსალმუნთა შესახებ, fsalmunebi, tqmuli, martlmadidebloba Views: 2310 | Downloads: 0 | Rating: 5.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: