ღირსი მამა ზაბულონი და ღირსი დედა სოსანა - წმინდა ნინოს მშობლები

2014-06-02, 10:05 PM


გადმოცემის თანახმად წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ნათესავები იყვნენ. წმინდა გიორგის წამების დროს რომში ჩავიდა კაცი ვინმე მთავართა შესაბამი, მონა ღვთისა სახელად ზაბულონი, რომელმაც მეფის არმიაში დაიწყო სამსახური და მალე გაითქვა სახელი როგორც ნიჭიერმა მხედარმა და მეომარმა. ფრანგებთან ბრძოლის დროს მოსცა უფალმან ძალი ზაბულონს, შეიპყრო ფრანგთა მეფე და მთავარნი და რომაელთა მეფეს მიჰგვარა, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს. სიკვდილის წინ მათ ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონმა ამის შესახებ მეფეს და პატრიარქს აუწყა. სიკვდილმისჯილებს მისცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბულონისა. წმინდანმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა და მეფემან შეუნარჩუნა მათ სიცოცხლე. წმინდა ზაბულონის ქადაგებით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს ნათელს. წმინდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა იქაური სიწმინდეების მოსალოცად. იქ მან მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა და მსახურება დაიწყო იერუსალიმის პატრიარქ იუბენელთან, რომელმაც ღვთისმოშიშებითა და სიბრძნით სრულ ზაბულონს თავისი და სოსანა მიათხოვა. ცოლ-ქმარი წავიდა კაპადოკიაში, სადაც შეეძინათ ქალიშვილი ნინო. როდესაც გოგონა 12 წლისა გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და წმინდა ქალაქში იერუსალიმში წავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქ იუბენელისგან აიღო კურთხევა და სამოღვაწეოდ მიეშურა უდაბნოს, სადა ყოფა მისი უწყის ღმერთმან. წმინდა სოსანას კი ძმამ გლახაკი და უძლური დედების მსახურება დაავალა. წმინდა ნინოს მშობლების შესახებ ცნობები მხოლოდ ქართულმა წყაროებმა შემოგვინახეს.
1996 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ განაჩინა, რომ ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოს მშობლები ღვთივსათნო, მოსაკრე ცხოვრებისა და ქალწული ნინოს აღზრდისთვის შეირაცხონ წმინდანთა დასში და ეწოდოთ ღირსი მამა ზაბულონი და ღირსი დედა სოსანა. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვითა და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო, ამინ!



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: წმინდა ნინო, ghirsi mama zabuloni, წმინდა ნინოს მშობლები, tsminda ninos mshoblebi, ღირსი მამა ზაბულონი, ღირსი დედა სოსანა, ghirsi deda sosana, tsminda nino Views: 2913 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: