A A
RSS
Main » Files » ღვთიური სასწაულები

წმინდა ნიკოლოზის ხატთან „ცეკვის“ გამო გაქვავებული ქალიშვილი
2013-06-03, 3:48 AM

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს, მისმა ქალიშვილმა ზოიამ, თავისი შვიდი მეგობარი გოგონა და ახალგაზრდა ყმაწვილები თავისთან, სახლში დაპატიჟა წვეულებაზე, სადაც დროსტარებასთან ერთად ცეკვებით გართობაც ჰქონდათ გადაწყვეტილი. შობის მარხვა იდგა და დედამ სთხოვა ზოიას,ხმაურიანი ლხინი არ გადაეხადა, მაგრამ ქალიშვილმა დაიჟინა და თავისი გაიტანა. როცა შვილთან ვერაფერი გააწყო,  დედა საღამოხანს ეკლესიაში წავიდა ლოცვაზე.

სტუმრები თითქმის უკლებლივ მოვიდნენ, მაგრამ ზოიას საქმრო, კოლია, არ ჩანდა. ახალგაზრდები მას აღარ დაელოდნენ და დაიწყეს საცეკვაო სამზადისი. გოგო-ბიჭები დაწყვილდნენ, ზოია კი კენტად დარჩა. ამით განაწყენებულმა, მან კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი და ხმამაღლა თქვა: "რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზს ჩავჭიდებ ხელს და მასთან ერთად ვიცეკვებ!" გოგონებმა სთხოვეს, არ ჩაედინა ამგვარი მკრეხელობა, მან კი ირონიული ღიმილით უპასუხა: "თუ ღმერთი არსებობს, დაე, დამსაჯოს!"

ჩართეს საცეკვაო მელოდია და ჯერ ხეირიანად არც კი აჰყოლოდნენ ტაქტს, რომ ანაზდად, ოთახში წარმოუდგენელი გრიალი გაისმა, შუაგულიდან ქარბორბალა ავარდა და მთელი ოთახი ელვისებურმა კაშკაშა შუქმა გაანათა. მხიარულება ელდამ შეცვალა. შიშისგან თავზარდაცემული ახალგაზრდები ოთახიდან გაცვივდნენ. მხოლოდ ზოია ვერ დაიძრა ადგილიდან. იგი ოთახში დარჩა, იატაკს მიყინული, მარმარილოსავით ცივი და გაქვავებული, გულში ჩაკრული წმინდა ნიკოლოზის ხატით.

გამოძახებაზე მოსული ექიმების ვერანაირმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. ყველა ნემსი, რომელთა გაკეთებასაც ექიმები ცდილობდნენ, იღუნებოდა და ტყდებოდა ზოიას თითქოსდა მარმარილოდ ქცეულ სხეულზე. უნდოდათ მისი გადაყვანა საავადმყოფოში, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს - ფეხებით თითქოს შეზრდოდა იატაკს, მხოლოდ გული უცემდა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ იგი ფიზიკურად ცოცხალი იყო, მაგრამ ამ დროიდან ზოიას უკვე აღარც სმა შეეძლო და აღარც ჭამა.

როცა დედა ეკლესიიდან  დაბრუნდა და შვილი ასეთ ყოფაში ნახა, გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. იგი მხურვალედ ლოცულობდა და ცრემლებით ევედრებოდა უფალს, შეენდო მისი ქალიშვილისთვის და დაებრუნებინა სასიცოცხლო ძალა.

პირველ დღეებში სახლი ფუტკრების სკას წააგავდა - უამრავი ხალხი ირეოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ მორწმუნეები, სასულიერო პირები. მაგრამ მალე ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო მითითება და გარეშე პირთაგან სახლში არავის უშვებდნენ. დაწესდა მორიგეობა და ყოველ 8 საათში ერთხელ იცვლებოდა ორი მილიციელი. იმ მორიგეთაგან, რომლებიც, ძირითადად, 28-32 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მრავალი ნაადრევად გაჭაღარავდა სიტყვების გამგონე, რომელსაც ზოია დროდადრო შემზარავად გაჰყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით, დედა, ილოცე! ილოცე!!!" - ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ზოია ჩვეულებრივად აღებდა პირს, მაგრამ მათი დასრულებისთანავე ბაგეები ეკუმებოდა, ქვასავით უმაგრდებოდა და მხოლოდ თვალებს აცეცებდა უაზროდ.

მოგვიანებით ზოიასთან რამდენიმე ადამიანი დაუშვეს. მოსკოვიდან ჩამოსულმა მედიცინის პროფესორმა მხრების აჩეჩვით დაადასტურა, რომ ზოიას გულისცემა არ შეწყვეტილა გარეგნული გაქვავების ფონზე. დედის თხოვნით მოიწვიეს სასულიერო პირებიც, თუმცა მათ ვერც გოგონას ადგილიდან დაძვრა მოახერხეს და ვერც ის, რომ წმინდა ნიკოლოზის ხატი მისი ხელებიდან გამოეხსნათ. მოგვიანებით, ქრისტეშობის დღესასწაულზე ჩამოვიდა მღვდელმონაზონი სერაფიმე, აღავლინა ლოცვა, აკურთხა ოთახი, რის შემდეგაც მას მინებდა ხატი და სათანადო პატივის მიგებით იგი ადრინდელ ადგილზე დააბრძანეს. "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც ის აღდგომისთვის მოგვივლენს. თუ ასე არ მოხდა, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული".- თქვა ბერმა. იგივე გაიმეორა მოსკოვის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმაც.

ხარების დღესასწაულის წინ მოვიდა ერთი სათნო გამომეტყველების მოხუცი და ზოიასთან შეშვება ითხოვა, მაგრამ მილიციელებმა უარი უთხრეს. მეორე დღესაც მოვიდა, მაგრამ ისევ უარი მიიღო. მესამე დღეს, უშუალოდ ხარების წინადღეს მოხუცი შეუშვეს მაშინ, როცა სახლში არავინ იყო და მორიგეებმა გაიგონეს, როგორ ეუბნებოდა იგი ზოიას დაყვავებით: "რაო, მოგბეზრდა, განა, დგომა?" ცოტა ხნის შემდეგ, როცა მორიგეებს სურდათ, უკან გამოეყვანათ მოხუცი, იგი ოთახში არ დახვდათ. მორიგეები დარწმუნებით ყვებოდნენ, რომ ის მოხუცი თვითონ საკვირველთმოქმედი ნიკოლოზი იყო.

ასე იდგა ზოია 4 თვის განმავლობაში, ზუსტად 124 დღე, ახალი წლის ღამიდან აღდგომამდე, რომელიც იმ წელს 6 მაისს უწევდა.

აღდგომის ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად ხმამაღლა დაიწყო მოწოდება: "ილოცეთ! ყველამ ილოცეთ! დედამიწა საშინელი ცეცხლით იწვის!"

და ამ დროს მას უეცრად დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი. მისი კუნთები მოეშვა და სხეულიც დამყოლი გახდა.ზოია ლოგინში ჩააწვინეს, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა განუწყვეტლივ: "ილოცეთ! ილოცეთ! ილოცეთ!"

მოგვიანებით ის უფრო კონტაქტური გახდა და კითხვებზეც პასუხობდა. როცა ეკითხებოდნენ, რას გრძნობდა ან გრძნობდა თუ არა შიმშილის გრძნობას, ამბობდა, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ფეხზე იდგა, საკენკის მსგავსი საკვები თეთრ მტრედებს მოჰქონდათ და აჭმევდნენ. ხელისუფლებამ ზოიას ფსიქატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა მოინდომა, თუმცა მოწვეულმა ფსიქიატრებმა დაადგინეს, რომ ზოია სრულიად ჯანმრთელი იყო, მათ თვალწინ მომხდარი სასწაულის მცოდნეებმა კი ყალბი დასკვნის დაწერა ვერ გაბედეს.

მომხდარმა საწაულმა იმდენად იმოქმედა სამარის მცხოვრებლებზე, რომ მრავალმა ადამიანმა, ვინც ამ სასწაულს ხედავდა, ვისაც - სახლთან ჩავლილს, ზოიას სულისშემძვრელი მოწოდება ესმოდა - ღმერთი იწამა. მოუნათლავები ინათლებოდნენ, მოუნანიებლები ეკლესიებში მიდიოდნენ აღსარების ჩასაბარებლად, ვინც მანამდე ჯვარს არ ატარებდა, ყველამ დაიწყო ტარება. იმდენად დიდი იყო ახალმოქცეულთა რაოდენობა, რომ ეკლესიებში ყველასთვის სამყოფი ჯვრები არ აღმოჩნდა.

ზოია აღდგომიდან მესამე დღეს გარდაიცვალა, გამთენიისას - მშვიდად, აღსარებისა და ზიარების შემდეგ. 

მისი ბოლო სიტყვები იყო: "ილოცეთ! არა მარტო ჩემთვის..."





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: ღვთიური სასწაულები | Added by: zedazneli-ako
Views: 1130 | Downloads: 0 | Rating: 2.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 3
Guests: 3
Users: 0