10:02 PM
"გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია...დედა შიმშილობს და ბავშვისთვის ყიდულობს წამლებს..."- 3 წლის სესილის საზოგადოების დახმარება სჭირდება
ამ 3 წლის გოგონას სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია. მისი სუნთქვა ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეწყდეს. ღმერთის წყალობით იგი ჯერ-ჯერობით უმკლავდება უმძიმეს მდგომარებას.

უკვე წელიწადნახევარია, რაც სესილი ბოლქვაძე უგონოდ არის და სპეციალური ზონდის მეშვეობით იკვებება. დედას შვილი დაჰყავს ერთი კლინიკიდან მეორეში, ბოლო დანაზოგებს ხარჯავს მისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავად შიმშილობს, მაგრამ ბავშვისთვის ყიდულობს პამპერსებს და წამლებს, ღამეებს თეთრად ათენებს, სტირის და დახმარებას ითხოვს, თუმცა ეს უკანასკნელი არსაიდან ჩანს.

პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - თანადგომისა და დახმარების ნაცვლად სოციალური მომსახურების სააგენტომ მას ზურგში დანა ჩასცა. ბოლქვაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ფინანსური დახმარება შეუჩერეს. საუბარია 60 ლარის ოდენობის თანხაზე, რომლითაც ავადმყოფი ბავშვისთვის საფენებსა და წამლებს ყიდულობდნენ.

სანამდე უნდა გაგრძელდეს სოციალური აგენტების ასეთი არასწორი ქმედებები? სანამ საზოგადოება ერთიანი ძალებით არ მოითხოვს სოციალურიო მომსახურების სააგენტოს სისტემაში წესრიგის დამყარებას, ასობით ჩვენი თანამოქალაქე თავს დაჩაგრულად იგრძნობს. ჩვენ ვესაუბრეთ სესილის დედას, ნესტან ბოლქვაძეს:

-რა მიზეზი დაასახელა სოციალურმა სააგენტომ, როდესაც შეაჩერა დახმარება?

ნესტანი: კომუნალურ გადასახადებს იხდითო და ესე იგი გაქვთო ფული. დიახ, ვიხდით ელექტროენერგიის ფულს, აბა რა უნდა ვქნათ? როგორ უნდა გავათბოთ ზამთარში საცხოვრებელი? 8 სული ვართ შეყუჟული ერთ პატარა ოთახში: ბებია, ბაბუა, ბიძია თავისი ოჯახით...

-რა მდგომარეობაში თქვენი საცხოვრებელი?

ნესტანი: ეს არის ჩემი მეუღლის მშობლების ძველი სახლი, რომელიც ბათუმის შემოგარენში მდებარეობს. იქ უკიდურესად ცუდი პირობებია, რადგან მატერიალური საშუალება არ გაგვაჩნია, რომ გავამაგროთ შენობა და რემონტი გავაკეთოთ.

-თქვენი მეუღლე რითია დაკავებული?

ნესტანი: მას არ აქვს სამსახური. თუ რამე სეზონური გამოჩნდა, ეს ჩვენთვის დიდი დღესასწაულია, რადგან გამომუშავებული თანხა სესილის წამლებზე იხარჯება.

-როგორია ამჟამად ბავშვის მდგომარეობა?

ნესტანი: ძალიან მძიმე. წელიწადნახევარია, რაც იგი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება. როდესაც ბავშვი წლინახევრის იყო, ეპილეფსიამ იჩინა თავი და კრუნჩხვების დროს გონება წაერთვა...

-ვინ იხდის სესილის სტაციონალური მკურნალობის თანხას?

ნესტანი: 80%-ს სახელმწიფო იხდის, დანარჩენს - მე. ჩვენს შემოსავალს წარმოადგენს ბავშვის პენსია- 200 ლარი. სხვა შემოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ძალიან გვიჭირს. პრაქტიკულად ვშიმშილობთ.

-მიმართეთ ხელისუფლებას დახმარებისთვის?

ნესტანი: მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ უარით გამომისტუმრეს.

-გაქვთ იმედი, რომ თქვენი შვილი გამოჯანმრთელდება?

ნესტანი: არ ვკარგავ იმედს, არ ვვარდები სასოწარკვეთაში, რადგან მჯერა, რომ გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დაგვეხმარებიან. ვლოცულობ, ღმერთს ვეხვეწები და მწამს, რომ დახმარების ხელიც გამოჩნდება!

მეგობრებო, პატარა სესილი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით. თქვენ შორის უამრავი ქველმოქმედი ადამიანია და ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ დატოვებთ სესილის უყურადღებოდ. გფარავდეთ უფალი!

ეს გოგონა საჭიროებს მედიკამენტებს, ჰიგიენურ საშუალებებს, სპეციალურ კვებას.

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სესილი ბოლქვაძე).


Attachments: Image 1
Category: ბავშვები | Views: 636 | Added by: nikadzamiashvili | Tags: დაავადება, დავეხმაროთ, davexmarot, დახმარება, მკურნალობა, dakhmareba, daxmareba, ქველმოქმედება, kvelmokmedeba, sikete, mkurnaloba, davekhmarot, qvelmoqmedeba, daavadeba, სიკეთე | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: