A A
RSS
Main » Files » წმინდანთა ცხოვრება

წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე), გურიისა და სამეგრელოს ეპისკოპოსი (+1907)
2013-05-29, 6:54 PM

წმიდა ეპისკოპოსი ალექსანდრე (ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე) დაიბადა 1824 წელს გორის მაზრის სოფელ დისევში, მღვდლის ოჯახში. ბავშვობიდანვე ეკლესიურ ცხოვრებას ნაზიარევმა, სწავლა ჯერ გორის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. 1845 წელს, თბილისის სემინარიის კურსის დამთავრებისთანავე იგი თბილისის ფერისცვალების მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ალექსანდრე უწოდეს, იმავე წლის 18 აგვისტოს წმიდანი მთავარდიაკვნად აკურთხეს.

ალექსანდრე სწავლის გასაგრძელებლად ყაზანის სასულიერო აკადემიაში გაემგზავრა, წარჩინებით დაამთავრა იგი და სამშობლოში ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა. პირველ ხანებში, 1851 წლის 27 ივნისამდე, იგი თბილისის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა საღმრთო წერილსა და ლათინურს, ზნეობრივ ღვთისმეტყველებასა და არქეოლოგიას. ამის შემდეგ, უწმიდესი სინოდის ბრძანებით (1851 წ. 21 სექტემბერი), მღვდელმონაზონი ალექსანდრე დაინიშნა აფხაზეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედვლად და მასვე მიენდო აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმსახურთა შორის მღვდელმონაზონთა ხელმძღვანელობა, შეთავსებით ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

ალექსანდრე უმთავრეს საქმედ თავის ირგვლივ მყოფთა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოქცევა-განმტკიცებასა და მათთვის სასწავლებელთა დაარსებას მიიჩნევდა, აფხაზეთში ჩასვლისთანავე მან დიდი გულმოდგინება გამოიჩინა აფხაზთათვის ილორში დაარსებულ სასწავლებლების წარმატებული მუშაობის ხელშესაწყობად. მისი მოღვაწეობა, ჯერ როგორც პედაგოგისა, შემდეგ კი არქიმანდრიტისა (1856 წლის 26 თებერვლიდან) და ეპისკოპოსისა (1862 წლის 4 მარტიდან), როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ასევე სრულიად საქართველომ დამსახურებისამებრ დააფასა და, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, მას აფხაზეთის მეორე მოციქული უწოდა. სამწყსოსა და მას შორის არსებობდა მამაშვილური კავშირი, დაფუძნებული ჭეშმარიტ ქრისტიანულ სიყვარულზე.

1869 წელს ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზეთიდან ქართლ-კახეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გადაიყვანეს ორგზის (1869-1882 და 1886-1898 წლებში). ალექსანდრე ოქროპირიძე ოცდახუთი წელი გორის ეპისკოპოსი და ქართლ-კახეთის ეპარქიის პირველი ქორეპისკოპოსია. 1882-1885 წლებში იგი მართავდა გურიის ეპარქიას, ხოლო 1903 წლამდე - გურია-სამეგრელოს ეპარქიას.

ალექსანდრე ეპისკოპოსის სამღვდელმთავრო მოღვაწეობა ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: საქართველო ყოფნა-არყოფნის პირას იყო მისული - საქართველოში ქართული წირვა-ლოცვა აღარ აღევლინებოდა, რის გამოც ისედაც უმძიმეს ყოფით პირობებში ჩაყენებულ ქართველ ერს ეკლესიისთვისაც ზურგი ჰქონდა შექცეული. ძველთაგანვე მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებად მიჩნეული ქართული ეკლესია-მონასტრები უდაბნოებად ქცეულიყო, სკოლებში ქართული ენა არ ისწავლებოდალ ეკონომიურად გაჭირვებულ მოსახლეობას თავიანთი შვილებისათვის სწავლა-განათლების მისაცემი სახსარი არ გააჩნდა, აუცილებელი იყო სულისათვის სასარგებლო და გონების გასანათებელი ქართულენოვანი წიგნების გამოცემათა გამრავლება, მუხლჩაუხრელი და შეუსვენებელი გარჯა ესაჭიროებოდა ქვეყანას ჩამკვდარი ეროვნული ცნობიერების აღსადგენად.

წმიდა ალექსანდრემ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო ეკლესია-მონასტრების აღდგენა-განახლების საქმეს. მან აღმშენებლობითი საქმე აფხაზეთიდანვე დაიწყო - სოხუმში თავისი ღვაწლითა და საფასით აღადგინა ორი ეკლესია, ქართლ-კახეთსა და შემდეგ გურია-სამეგრელოში მოღვაწეობისას განაახლა და აღაშენა შიო-მღვიმის, ზედაზნის, დავით გარეჯის მონასტრები, დიდძალი თანხა გაიღო შემოქმედის მონასტრის აღდგენის დასაწყებად, აღადგინა და განაახლა მცხეთის ჯვრის მონასტერი, მცხეთის ათორმეტ მოციქულთა სახელობის დიდი ტაძარი, მშობლიური სოფლის, დისევის ეკლესია, უამრავი ეკლესია გურია-სამეგრელოსა, აჭარასა და იმერეთში. მისი განსაკუთრებული ღვაწლი და მზრუნველობა თითქმის უდაბნოდ ქცეული შიო-მღვიმის მონასტრისა და მისი შემოგარენისკენ იყო მიმართული. მან მთლიანად აღადგინა მონასტერი, ბერებისთვის ააგო სავანეები, შიომღვიმეში გაიყვანეს გზა, მდინარე მტკვარზე გამართა ბორანი, ძეგვში დააარსებინა რკინიზგის ბაქანი მატარებლის გადაჩერებლად, მონასტრის შემოგარებსა და მცხეთაში, მტკვრის გასწვრივ მონასტრისთვის შეიძინა ბაღები და ვენახები, აღადგინა ძველი სამონასტრო ტრადიციული მეურნეობა: მევენახეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა... მისი პირადი მაგალითი სხვა ეპისკოპოსებმა და მონასტრებმაც გადაიღეს და დაიწყეს მონასტრებთან ბაღ-ვენახთა მოშენება.

წმიდა ალექსანდრეს ფინანსური დახმარებით 1878 წელს თბილისში დაარსდა ეპარქალური ქალთა სასწავლებელი, რომელმაც ჩვენს ერს აღუზარდა მრავალი განათლებული ქალი და შესანიშნავი დედა.

წმიდა ალექსანდრეს მიერ გაღებული საფასით, მისივე ინიციატივითა და რეკომენდაციით დაიბეჭდა მრავალი სასულიერო და ისტორიული წიგნი, სახელმძღვანელო და საგალობლების კრებული.

წმიდა ალექსანდრეს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე საქართველოში არ დაწყებულა არც ერთი სარწმუნოებრივ-ეროვნული საქმე მისი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე.

მღვდელმთავარი მთელი ცხოვრების მანძილზე თავგამოდებული დამცველი იყო ქართული ენისა. მან ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა სამეგრელოს სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების დასაცავად. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ დარჩენილა მხცოვანი ეპისკოპოსი გურია-სამეგრელოს ეპარქიაში. ეგზარქოსისა და უწმიდესი სინოდის განკარგულებით, „საკუთარი თხოვნის" საფუძველზე განთავისუფლებულ იქნა ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და „მოსასვენებლად" თავისსავე აღდგენილ შიომღვიმის მონასტერში გაიგზავნა. მონასტრიდან მხოლოდ ერთხელ, 1907 წელს, წმიდა ილია მართლის (ხს. 20 ივლისს) დასაფლავებისას გამოვიდა და დაიტირა თავისი სულიერი შვილი. ოთხმოცდასამი წლის მხცოვანმა მღვდელმთავარმა, ყოვლადსამღვდელო ალექსანდრემ თვითონაც იმავე წელს, 9 ნოემბერს მიიძინა საუკუნო ძილით მის მიერვე აღდგენილ შიო-მღვიმის სავანეში. იგი 16 ნოემბერს დაკრძალეს იმავე მონასტერში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი", თბილისი, 2004 წ.





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:




Category: წმინდანთა ცხოვრება | Added by: InterestingSite | Tags: ეპისკოპოსი, გურია, ოქროპირიძე, მღვდელმთავარი, სამეგრელო, ალექსანდრე, episkoposi, martlmadidebloba, wminda aleqsandre oqropiridze, წმიდა
Views: 2274 | Downloads: 0 | Rating: 2.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:



LIKE Facebook-ზე

შესვლის ფორმა

რეკლამა



სტატისტიკა


   


Total online: 1
Guests: 1
Users: 0