ნეტარი ქსენია პეტერბურგელი

2014-02-09, 11:10 PM


ხსენება ახალი სტილით 6 თებერვალი…

ნეტარი ქსენია (გრიგოლის ასული პეტროვა) XIX საუკუნეში სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის მაშინდელ დედაქალაქში ცხოვრობდა. მისი წარმოშობის შესახებ, სამწუხაროდ, ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მეუღლე, ანდრეი თეოდორეს ძე პეტროვი, მეფის კარის მომღერალი 26 წლის იყო, როცა ცოდვათა მოუნანიებლად და უზიარებლად გარდაიცვალა. ქსენია პეტერბურგელი ამ მოულოდნელმა დარტყმამ ისე ძლიერ იმოქმედა ახალგაზრდა 26 წლის, უშვილო ქვრივზე, რომ მან თითქმის ერთბაშად დაივიწყა ყოველივე მიწიერი, ადამიანური, სიხარული და გართობა. ამის გამო ბევრს შეშლილად, გონებაარეულად ეჩვენებოდათ ის. ასე დაუწყეს ყურება მას ნათესავებმა და ნაცნობებმაც კი და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქსენიამ მთელი თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლი კი თავის კარგ ნაცნობს – პარასკევა ანტონოვას აჩუქა.

გაოცებულები უყურებდნენ ხორციელი ადამიანები მხევალს ღვთისას, ქსენიას და არ ესმოდათ, რომ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მის სულში დიდი გადატრიალება ხდებოდა – ხორციელი ქალისა სულიერ ქალად.

მან თავისი ცხოვრება სრულიად შეცვალა და სალოსობის მძიმე გზა აირჩია. ქმრის კოსტუმში გამოწყობილმა დაიწყო ყველას დარწმუნება იმაში, რომ ანდრეი თეოდორეს ძე არ მომკვდარა, არამედ გარდაიცვალა მისი მეუღლე – ქსენია გრიგორის ასული და არასოდეს ამის შემდეგ არ გამოპასუხებია მას, ვინც ქსენია გრიგორის ასულს ეძახდა და ყოველთვის ხალისით პასუხობდა, როდესაც ანდრეი თეოდორეს ძეს უწოდებდნენ.

რაიმე განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი ქსენიას არ ჰქონდა. უმეტესად იგი მთელი დღე დაეხეტებოდა პეტერბურგში, უპირატესად წმიდა მოციქულ მათეს სახელობის ეკლესიის მრევლის რაიონში, სადაც მაშინ პატარა ხის სახლებში ღარიბი ხალხი ცხოვრობდა. უცნაური სამოსი ღარიბი, ძლივს შემოსილი ქალისა, რომელსაც არ ჰქონდა ადგილი, სადაც თავს მიიდრეკდა, მისი გადაკრული ლაპარაკი, მისი სიმდაბლე, ურისხველობა ხშირად ბოროტ ხალხს და განსაკუთრებით კი ქუჩის ბიჭებს აძლევდა საბაბს, ეჭვით ეცქირათ, თამამად გაეკილათ და დაეცინათ ნეტარი დედისთვის.

მაგრამ ნეტარ დედას ყოველთვის თვალწინ ედგა ტანჯული ქრისტეს სახე, რომელმაც უდრტვინველად გადაიტანა ლანძღვა-გინება, ფურთხება, ჯვარცმა და სიკვდილი. აი, რატომ იყო, რომ ნეტარი დედაც უსიტყვოდ იტანდა ყოველგვარ დაცინვას.

თანდათანობით ნეტარი დედის უცნაურობებს შეეჩვივნენ, მიხვდნენ, რომ ის უბრალო მთხოველი – გლახაკი არ არის, არამედ რაღაც განსაკუთრებული. ამიტომ ეცოდებოდათ და ცდილობდნენ, რამით დახმარებოდნენ. საზრდელს კეთილი ადამიანები აწვდიდნენ. ეს სიბრალული განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც კამზოლი და კოფთა ნეტარ დედას მთლიანად შემოაცვდა და ზამთარ-ზაფხულ საცოდავი ძონძებით დადიოდა. შიშველ ფეხებზე კი, ყინვისაგან დასიებულსა და წითელზე, დახეულ ფეხსაცმელს ატარებდა. ძლივსშემოსილი, სველი და გათოშილი სალოსის შემხედვარე ბევრი აძლევდა მას თბილ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მოწყალებას, მაგრამ ქსენია არაფრით არ თანხმდებოდა თბილი ტანსაცმლის ჩაცმაზე და მთელი ცხოვრება საცოდავი ძონძებით დადიოდა – წითელი კოფთითა და მწვანე ბოლოკაბით, ან პირიქით – მწვანე კოფთითა და წითელი ბოლოკაბით. მოწყალებაზეც ასევე არ თანხმდებოდა. მხოლოდ ხანდახან კეთილი ადამიანებისგან იღებდა “მეფეს ცხენზე” (კაპიკებს მხედრის გამოსახულებით) და მაშინვე აძლევდა ამ „მეფეს ცხენზე“ ისეთივე ღარიბებს, როგორიც თვითონ იყო.

ქსენია პეტერბურგელი როცა სმოლენსკის სასაფლაოზე ქვითკირის ტაძრის მშენებლობა დაიწყეს, ქსენია ღამით მალულად ეზიდებოდა ტყიდან აგურებს: ეკლესიის აგებაშიც მონაწილეობდა და ხორცის მოუძლურებით სულსაც შეეწეოდა მუდმივი ლოცვის ღვაწლში.

სად ატარებდა ღამეებს, დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო. ამით დაინტერესდნენ არა მხოლოდ პეტერბურგის მცხოვრებნი, არამედ ადგილობრივი პოლიციაც, უთვალთვალებდნენ და დაიკმაყოფილეს ცნობისმოყვარეობა. აღმოჩნდა, რომ ქსენია, მიუხედავად წელიწადის დროისა, ამინდისა, ღამით მინდორში მიდიოდა, მუხლს იყრიდა, ლოცვაზე დგებოდა და თვით მზის ამოსვლამდე არ წყვეტდა მუხლმოდრეკილი ლოცვას, პერიოდულად კი დიდ მეტანიებს აკეთებდა ოთხივ კუთხით.

მან მარტომ განვლო თავისი ცხოვრებისეული გზა. ამასთან, ეს გზა გრძელი იყო: მთელი 45 წელი ცხოვრობდა იგი ქმრის სიკვდილის შემდეგ, მთელი 45 წლის მანძილზე დაუღალავად ებრძოდა კაცობრიობის მტერს – ეშმაკს და ამსოფლიურ ამპარტავნებას!

ნეტარ ქსენიას მართლაც ჰქონდა იმგვარი რწმენა, რომლითაც ყველაფერი შესაძლებელია. დიდი სიმდაბლით, სულიერი ღვაწლითა და ხორციელი სიგლახაკით, მოყვასისადმი სიყვარულითა და ლოცვით მოიპოვა მან წინასწარხედვის მადლმოსილი ნიჭი. ამ თავისი ნიჭით იგი ბევრს დაეხმარა ცხოვრების მოწყობასა და სულის ხსნაში.

1988 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმიდა ნეტარი ქსენია პეტერბურგელი წმიდანად შერაცხა. ხსენების დღედ ძველი სტილით – 24 იანვარი, ახალი სტილით კი 6 თებერვალი დაწესდა.

ლოცვა

ჰოი, წმიდაო ყოვლადნეტარო დედაო ქსენია, მამაზეციერის საფარველსა ქვეშე მყოფი, ღვთისმშობლისა მიერ ძღვანებული და განმტკიცებული, შიმშილისა და წყურვილის, სიცივისა და სიცხის, შეურაცხებისა და დევნის დამთმენელი, წინასწარ ხედვისა და სასწაულთქმედების ნიჭის ღმრთისაგან მიმღებელი, ყოვლადძლიერის ბაგასა შინა განისვენებ.

ახლა კი წმიდა ეკლესია, ვითარცა ყვავილსა კეთილსურნელოვანსა, განგადიდებს შენ. საფლავისა შენისა და შენი წმიდა ხატის წინაშე წარდგომილნი, ვითარცა ცხოველსა, ჩვენთანა მყოფსა, გევედრებით შენ: მიითვალე თხოვანი ჩვენნი და მიართვ იგინი ყოვლადმოწყალე ზეციერ მამას მისი საყდრის წინაშე წარდგომილმან, ვითარცა კადნიერების მქონემ, გამოითხოვე შენდამი მოლტოლვილთათვის ცხოვრებაი სამარადისო, ყოველგვარ კეთილ საქმეთა და წამოწყებეთა ჩვენთა ზედა გულუხვი კურთხევაი, ყოველგვარ ჭირთა და მწუხარებათაგან ხსნაი.

წარსდექ შენი წმიდა ლოცვებით ჩვენი ყოვლადმოწყალე მაცხოვრის წინაშე, ჩვენ უღირსთა და ცოდვილთათვის.
შეგვეწიე, წმიდაო ნეტარო დედაო ქსენია, რათა ჩვილნი ჩვენნი წმიდა ნათლობის შუქით განათლდნენ და სულიწმიდის ნიჭით აღიბეჭდონ ყრმანი ჩვენნი, ქალიშვილნი და ჭაბუკნი რწმენით, პატიოსნებითა და ღვთისმოშიშებით აღიზარდონ და სწავლასა შინა წარემატონ. სნეულებასა და უძლურებასა შინა მყოფნი განკურნენ, ოჯახის მქონეთა სიყვარული და თანხმობა მოუვლინე, შემონაზვნებულნი კეთილისა ღვაწლისა ღირს ჰყავ და დაიცევ შეურაცხებათაგან. მწყემსნი სულიწმიდის ციხე-სიმაგრესა შინა განამაგრე, ერი და მამული ჩვენი მშვიდობითა და უშფოთველობით დაიცევ, სიკვდილის ჟამს ქრისტეს წმიდა საიდუმლოთა ზიარებასა მოკლებულთათვის წყალობაი გამოითხოვე.

შენ ხარ ჩვენი იმედი და სასოება, მსწრაფლშემსმენელი და მხსნელი, შენდამი მადლობასა აღვავლენთ და შენთანა ვადიდებთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმე, ამინ.

დავით დანელია - Ambioni.Ge





გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: წმინდანთა ცხოვრება | Added by: InterestingSite | Tags: saidumlo, sasoeba, amindi, ნეტარი ქსენია პეტერბურგელი, eklesia, netari qsenia peterburgeli, martlmadidebloba, mindori, tskaloba, mamuli Views: 2636 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: