საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს კრების განჩინება







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-02-16, 6:34 PM
2003 წლის 18 აგვისტოს, ურბნისისა და რუისის ეპარქიაში შესდგა წმ. სინოდის კრება, რომელიც მიეძღვნა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ რუის-ურბნისის საეკლესიო კრების 900 წლისთავს.

წმ. სინოდის კრებას თავმჯდომარეობდა მისი უწმინდესობა, სრულიად აქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც წმ.სინოდის მღვდელმთავრებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი თარიღი და მიმოიხილა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების მნიშვნელობა.

წმიდა სინოდმა იმსჯელა ქართული საეკლესიო გალობის შესახებ.

აღნიშნა, რომ ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, რომ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები VI-VII საუკუნეებს განეკუთვნება (ხანმეტი ლექციონარი, უძველესი იადგარი), ხოლო ნევმირებული ნიმუშები – X საუკუნის პირველ ნახევარს. საგულისხმოა, რომ ამ კრებულებში მოცემული ქართული სამუსიკო დამწერლობა და მათი პრინციპები განსხვავდება იმდროინდელი ბიზანტიური სამუსიკო დამწერლობისაგან.

რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, მაგ. გიორგი მთაწმინდელის მიერ თარგმნილი და მისი ხელით გადაწერილი პარაკლიტონის მინაწერში საუბარია ბერძნულიდან ნათარგმნ შუაღამის გალობათა ძლისპირების „ქართულ ავაჯზე“ ანუ ქართულ ჰანგზე.

სხვაგან, – მარხვანის კრებულში, – გიორგი მთაწმინდელი შუაღამის დასდებლების შესახებ საუბრისას განასხვავებს ამ საგალობლებისბერძნულ ჰანგს და ქართულ რვა ხმათა ძლისპირთა ჰანგს, რომელსაც იგი 400 წელზე მეტი ხნისად მიიჩნევს („…რომელი ძველთაგან ვიცით, იგი ეგრეთვე ითქუმოდის… რვათამცა ხმათა შინა არს და კმა არს ჩუენდა თუ არა, ამას გუერდსა ოთხასი წელი უფრო ახსოვს“).

ცნობილია, ასევე, იოანე პეტრიწის მსჯელობა, სადაც იგი მიუთითებს, რომ სამუსიკო ქმნილებებში სწორედ სამი ფთონგის, სამი ხმის მეშვეობით ხორციელდება სიმებისა და ხმების ნებისმიერი შეწყობა („სამთა მიერ ფთონგთა… შეინაწევრების… რანივე მრთველობანი ძალთა და ხმათანი…“); ამასთან, იგი სამი ხმის ერთობის საღვთისმეტყველო გააზრებას გვთავაზობს და აღნიშნავს, რომ ხმათა ეს ჰარმონია სულიწმიდის მიერია („… ყოვლითურთ სამოსო არს ჩუენი ესე სამოყუსოი მორთული წმიდისა მიერ სულისა, და ესეცა სამთა მიერ ფრონგთა, ვიტყუი სამთა დაბამვათა…“).

ქართული საეკლესიო გალობის ტრადიციის უწყვეტობას ადასტურებს XIX საუკუნის ნევმირებული ხელნაწერები, საუკუნეთა განმავლობაში ქართული სამუსიკო დამწერლობის პრინციპები არ შეცვლილა. დღეს მეცნიერულად არის დამტკიცებული გვიანდელი ნევმური ნოტაციის პირდაპირი, გენეტიკური კავშირი X-XI საუკუნეების სამუსიკო დამწერლობასთან.

ცნობილია, რომ ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, განსაკუთრებით კი ათეისტურ პერიოდში, მორწმუნენი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მრავალი სასულიერო პირი მგალობელი და მრევლი ეკლესიას იძულებით ჩამოაშორეს. ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარ ეკლესიაში, ბუნებრივია, რომ კანონიკური გალობაც დაიჩაგრა და იგი თანდათანობით შეცვალა ახლადშეთხზულმა არაქართულმა (რუსული, ევროპული და სხვა) ჰანგებმა, რისი გამოვლინებებიც დღესაც გვაქვს სხვადასხვა ტაძრებში.

ბოლო ხანებში კი ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქისა და წმ. სინოდის ლოცვა-კურთხევის გარეშე ცდილობს დანერგოს ბიზანტიური გალობის კილო და მას მიუსადაგოს საგალობლის ქართული სიტყვები, რითაც მახინჯდება და არაბუნებრივი ხდება როგორც ბერძნული საგალობელი, ისე ჩვენი ეკლესიის ტრადიცია.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არავის შეჰპარვია ეჭვი ქართული მრავალხმიანი გალობის კანონიკურობაში. ეს ტრადიცია ჩვენამდე ცოცხლად მოიტანეს წმიდა მღვდელმთავრებმა გაბრიელმა (ქიქოძე) და ალექსანდრემ (ოქროპირიძე). სასულიერო პირებმა: გრიგოლ, ვასილ (სტეფანე), პოლიევქტოს და ფილიმონ კარბელაშვილებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ექვთიმე კერესელიძემ; საერო მოღვაწეებმა: წმიდა ილია მართალმა, ფილიმონ ქორიძემ, ანტონ დუმბაძემ, არტემ ერქომაიშვილმა და სხვებმა.

ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებმა: წმიდა მღვდელმოწამე კირიონ II დაწყებული ვიდრე დავით მეხუთემდე. ქართველმა ბერ-მონაზვნებმა, მათ შორის არქიმანდრიტმა იოანე მაისურაძემ, რომელიც 17 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე, შემდეგ მოუწია საქართველოში დაბრუნება და ბეთანიაში მსახურება.

დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესიაში მრავალ კეთილ საქმეს დაედო სათავე, აუცილებელია გალობის საეკლესიო ტრადიციის სრულად აღდგენა და დაცვა.

წმიდა სინოდმა განაჩინა: ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისათვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
Category: ლიტურგიკა | Added by: InterestingSite | Tags: rwmena, wminda sinodi, qartuli saeklesio galoba, martlmadidebloba, tsminda sinodis kreba, bizantia, evropa, ruis urbnisis saeklesio kreba, com
Views: 2215 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: