როგორი უნდა იყოს ჩვენი ლოცვა / rogori unda ikos chveni locva

2019-03-21, 2:13 PM


„…ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანისცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს“

(1 ტიმ. 2, 1)

ყოველი დღე ქრისტიანისა იწყება და მთავრდება ღვთის ხსენებით. ვდგებით ხატების წინ, პირით აღმოსავლეთისაკენ, ვიწერთ პირჯვარს და ვამბობთ:

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!“, ან „დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“. ამის შემდეგ ვიწყებთ დილის ლოცვების შესრულებას იმ თანმიმდევრობით, როგორც წერია შესაბამის „ლოცვანში“. ლოცვისას ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ და გვახსოვდეს, რომ წარმდგარნი ვართ თვით ზეციური მამის წინაშე. ასევე უნდა მივეჩვიოთ მცირე თუ დიდი მეტანიების შესრულებას, რომელნიც ჩვენი ლოცვითი კანონის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.

ჩვენი ლოცვა მხურვალე და წმინდა რომ იყოს,
უნდა ვეცადოთ ლოცვისას ყოველგვარი ხორციელი საზრუნავი დავივიწყოთ.

ვიდრე ლოცვას შევუდგებოდეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ინფორმაციები აქვს მიღებული და გაზიარებული ჩვენს სულს. რადგან ყოველივე ის, რაც დღის განმავლობაში აღვიქვით, ლოცვის დროს გვაგონდება და ხელს გვიშლის. ამიტომ, თუ გვსურს, ლოცვისას ყურადღებით ვიყოთ, ამისათვის საკუთარი თავი შესაბამისად უნდა შევამზადოთ.

ადამიანის გონება მსუბუქი ბუმბულის მსგავსია. თუკი ბუმბული მშრალია, სიოს ოდნავი მობერვითაც კი მაღლა ცაში აიწევს, ხოლო თუკი დასველდა – ძირს დაეცემა და მიწას მიეკვრება. ასევეა ჩვენი გონებაც, თუკი მას არ ამძიმებს ვნებები და მიწიერი საზრუნავი, – წმინდაა და სულიერი საზრდოს მისაღებადაა მომართული. ამიტომაც გვმოძღვრავს უფალი: „ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა…“ (ლუკ. 21, 34). ე.ი. იმისათვის, რომ ჩვენი გონება ლოცვისთვის მოვამზადოთ, უნდა ვერიდოთ ნაყროვანებას, მემთვრალეობასა და ამაო საზრუნავს.

იმისდა მიხედვით, თუ როგორაა მომზადებული სული ლოცვისათვის, – ლოცვაც განსხვავებულია. ერთფეროვანი ლოცვა არ არსებობს. ყველა სხვადასხვაგვარად ლოცულობს თავისი მდგომარეობის მიხედვით – ზოგი გულმხურვალედ, ზოგი გონებაგაფანტულად, ზოგი რამოდენიმე საათს უთმობს ლოცვას, ზოგი კი რამოდენიმე წუთს. ეს დამოკიდებულია ადამიანის სულიერ განწყობაზე, მისი ლოცვისადმი დამოკიდებულებასა და აგრეთვე იმ დროზე, რომელიც მას აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოცვითი კანონი შესრულდეს რეგულარულად, თუნდაც სულ მცირე მაინც, ოღონდ სისტემატურად, მაგრამ მან არ უნდა მიიღოს ფორმალური სახე.

მრავალი მორწმუნის გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთიდაიმავე ლოცვის კითხვისას ადამიანი ეჩვევა მათ სიტყვებს და მნიშვნელობას ყურადღებას აღარ აქცევს. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს საშიშროება თავიდან ავიცილოთ. თუ ლოცვის სიტყვებს აზრი არ დავატანეთ, უგულისყურო ლოცვა უქმი, არაფრისმომცემი ხდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თითოეული ჩვენგანი სხვადასხვა მდგომარეობაში სხვადასხვაგვარ ლოცვებს აღავლენს, და მართლაც სხვაა ჩვენი ლოცვა მხიარულების ჟამს; სხვაა – მწუხარებისას; სხვაა, როცა სულიერად ამაღლებულნი ვართ, და სხვაა, – თუკი დაცემულ მდგომარეობაში ვიმყოფებით; სხვაა, როცა ცოდვათა შენდობას ვითხოვთ, და სხვაა, როცა მადლის მიღება გვსურს ან რაიმე ვნების დათრგუნვას ვითხოვთ; სხვაა, როცა განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ცეცხლით შეძრწუნებულნი ვართ, და სხვაა, როცა მომავალი ნეტარებისა და მშვიდობის სასოებით ვართ აღვსილნი, და სულ სხვაა – თუკი გაქვავებული გულისა და სულის უნაყოფობაზე ვტირით.

პავლე მოციქული ლოცვის 4 სახეობას განასხვავებს: „…ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათჳს “ (1 ტიმ. 2, 1).

ლოცვის ამ 4 სახეობის შემდგომ არის სულის იმგვარი ამაღლებული მდგომარეობა, როდესაც ვჭვრეტთ ერთარს უფალს, მთელი არსებით გვიყვარს იგი და მისი სიყვარულით მოცული ჩვენი გონება მას განსაკუთრებული სიწრფელით ესაუბრება, მაგრამ განსაკუთრებული ლოცვითი განწყობა, მარტოოდენ ლოცვის სიტყვების სრულყოფილებაზე არ არის დამოკიდებული. ამისთვის საჭიროა საკუთარ თავზე განუწყვეტელი მუშაობა. მხურვალე ლოცვა კი ღვთის განსაკუთრებული წყალობაა.

წმინდა მამების გამოცდილებით ცნობილია, რომ ლოცვითი განწყობა ადამიანებს, შესაძლოა, სხვადასხვა შემთხვევაში დაეუფლოს. ზოგჯერ ფსალმუნთა კითხვის დროს, რომელიღაც ადგილი უეცრად გულში უხილავ სიმს შეარხევს და მხურვალე ლოცვაც წარმოიშვება. ზოგჯერ გალობის კეთილხმოვანება გა- ნაწყობს მხურვალე ლოცვისათვის. ზოგჯერ ამგვარი განწყობა მოძღვართან საუბრის შემდეგ გვეუფლება. შესაძლოა, მხურვალე ლოცვა ახლობელი ადა- მიანის გარდაცვალებამაც განაპირობოს. ზოგჯერ საკუთარი სიცივისა და უდე- ბების (სიზარმაცის) გახსენებაც აღძრავს ჩვენში მხურვალე ლოცვის სურვილს. ამგვარი შემთხვევები, როდესაც უფლის მადლი ჩვენს სულებს უგულისხმობისა და მცონარებისაგან აფხიზლებს, ურიცხვია.

ჩვენი ლოცვა უნდა იყოს მუდმივი,
რწმენით აღსავსე და სათნო საქმეებთან შერწყმული.

უფლისთვის ასევე სათნოა ერთობლივი ლოცვა.

ლოცვის ძალა რწმენის სიძლიერეზეა დამოკიდებული: „…უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს; და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ“ (მათ. 17, 20), – გვმოძღვრავს უფალი. ამასთან, ჩვენ მტკიცედ უნდა გვწამდეს, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილი იქნება, – მაშინ რწმენისამებრ მივიღებთ, „…რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად“ (იაკ. 5, 16).

უფლისთვის სათნოა განმარტოებული, ფარული ლოცვაც. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ უფლისათვის არა თავისთავად ერთობლივი ან განმარტოებითი ლოცვაა მოსაწონი, რადგან შეიძლება ხალხში თავის მლოცველად წარმოსაჩენად დგებოდეს დიდებისმოყვარე ადამიანი, ან სხვა მორწმუნეთა უსიყვარულობის გამო არჩევდეს განმარტოებით ლოცვას ვინმე ამპარტავანი, არამედ ერთსულოვანი წარდგომა შემოქმედის წინაშე და პიროვნული პასუხისმგებლობის გაცნობიერებით განმარტოება.

ისევე, როგორც სათნოა ღვთისათვის დახურულ კარს მიღმა ლოცვა, მსგავსად ამისა, სათნოა დახურული ბაგეებით ლოცვის წარმოთქმა, ანუ გულში ლოცვა. მხურვალე გულითა და ფხიზელი გონებით აღვლენილ ლოცვას ვერაფერი შეედრება. ეს ლოცვა მარტოოდენ უფალმა უწყის. მაგრამ მრავალწლიან გამოცდილებას მოითხოვს. ამიტომ ერისკაცისთვის აუცილებელია ჯერ ხმამაღლა წარმოთქმული ლოცვა ისწავლოს.

მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, დღის განმავლობაში ასევე შეიძლება წავიკითხოთ სხვა ლოცვებიც, ფსალმუნები, სახარება, მივმართოთ ლოცვით ჩვენს მფარველ წმინდანებს, და ვილოცოთ საკუთარი სიტყვებით.

ლოცვითი განწყობის შესაქმნელად უფალ იესო ქრისტეს უნდა ვუხმობდეთ: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ (ფსალმ. 69, 2).

ლოცვითი განწყობა, მხურვალე და წმინდა ლოცვა განსაკუთრებული ღვაწლით მოიპოვება. ღვთის შეწევნისა და მადლის გარეშე იგი ადამიანისთვის მიუღწეველია.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikadzamiashvili | Tags: როგორი, კანონი, mshvidoba, მშვიდობა, ufali, locva, ამინ, როგორ, ყურადღება, ლოცვა, kanoni, ქრისტიანი, kuradgeba, rogori, amin, netareba, rogor, dideba, qristiani, ნეტარება Views: 3555 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: