ქრისტიანის ურთიერთობა საკუთარ თავთან







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2015-08-31, 11:03 AM
1. დროის განაწილების პრობლემა

დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში დროის სწორი განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემათაგანია. ჩვენი თანამედროვე ჩივის, რომ მას აღარ ჰყოფნის დრო, რომ იგი ვერ ახერხებს აკეთოს სასურველი საქმე, ჰყოს სიყვარული მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთანაც კი, რაც სულიერად ისედაც დაუძლურებულ ადამიანში იწვევს კიდევ უფრო მეტ გაუცხოებას ახლობლებთან, გაუცხოებას საკუთარ თავთან.
ქრისტიანი უნდა ეცადოს, გარკვეული კონტროლი გაუწიოს თავის დროს, წარმართოს იგი, რაც თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას მისცემს, სწორად გაანაწილოს თავისი ძალები იმ სულიერ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩაბმულნი. Uნდა ვეცადოთ, შევადგინოთ დროის გარკვეული განაწესი, თუნდაც სულ ზოგადი, მაგრამ მყარი, ამისთვის ცხოვრების მიმდინარეობიდან ჯერ უნდა გამოვყოთ ის მოვლენები და პროცესები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით მეორდება (მაგალითად ძილი, კვება, ძირითადი საქმიანობა), ხოლო შემდეგ დავუკავშიროთ სხვა მოვლენები, რომლებზეც გვინდა, დრო გამოვყოთ.
აბსოლუტურად ზუსტი განაწესის შედგენა და მისადმი მექანიკური დამორჩილება შეუძლებელია და არც არის სწორი, რამეთუ წესრიგის დამყარება არაა თვითმიზანი. გარკვეულ შემთხვევაში მისი დარღვევა აუცილებელიცაა, მაგრამ რომ დაარღვიო, ჯერ უნდა დაამყარო ეს წესრიგი.
თითოეული ადამიანის უფლება-მოვალეობანი და აქედან გამომდინარე, მისი დღის თუ კვირის განაწესი მეტად ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მომენტები, რომელთაც ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უნდა ეკვაოს.

2. ძილი და დასვენება

მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 6-7 საათი უნდა ეძინოს. შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ ზედმეტი ძილი არც სულისთვის და არც სხეულისთვის არაა სასარგებლო; მავნეა ისევე, როგორც უძილობა. უმჯობესია, ქრისტიანი დასაძინებლად ადრე დაწვეს და ადრე ადგეს, თუ ადამიანს ძილი აკლდება, გვიან გაღვიძებას სჯობია ადრე ადგომა და შემდეგ დღისით დასვენება (თუნდაც ერთი საათით), რამეთუ დრო დილის ლოცვებიდან საუზმემდე საუკეთესოა გონებრივი მუშაობისათვის. საზოგადოდ, კარგი იქნება, თუ დასვენებისათვის გამოვყოფთ განსაზღვრულ დროს და გვეცოდინება, რომ ამ დროს ვისვენებთ, რადგან ხშირად ხდება, რომ დაღლილობის გამო ვერც საქმეს ვაკეთებთ, დასვენებითაც ვერ ვისვენებთ და დრო კი ფუჭად იკარგება.
თუ ადამიანი დაძინებას არ აპირებს, დასვენების საუკეთესო საშუალება არის ერთი სახის საქმიანობის მეორეთი შენაცვლება.

3. კვება

კვების ჯერადობის დადგენაც ინდივიდუალურია. ადამიანი საზრდელს შეიძლება იღებდეს დღეში ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს რაოდენობაც და შეძლებისდაგვარად, დროც. მაგალითად, თუ ადამიანი დღეში 3-ჯერ იკვებება, ნუღარც მეოთხედ მიიღებს საზრდელს და ნუღარც შუალედებში (ასეთი კორექტულობა განსაკუთრებით ეფექტურია მარხვის დროს). კვების ასეთი მოწესრიგება, გარდა იმისა, რომ სხეულის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, სულიერ ასპექტშიც არსებითად მნიშვნელოვანია; იგი საფუძველია სწოორი და ნამდვილი მარხვისა, აგრეთვე ქრისტიანში შინაგანი და შესაბამისი გარეგანი წესრიგის დამკვიდრებისა.

4. ძირითადი საქმიანობა

მესამე, რაც სისტემატურად განმეორებადია ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში და ამდენად, დასაყრდენია დღის განაწესის შედგენისას, არის ძირითადი საქმიანობა, როგორც ბრძანებს უფალი: "ოფლითა პირისა შენისათა სჭამდე პურსა შენსა" (დაბადება 3.19); აგრეთვე, წმ. მოციქული პავლე: "უკეთე ვისმე არა უნებს საქმისა, ნუცა ჭამნ"* (2 თეს. 3.10).
შეძლებისდაგვარად, ადამიანმა აქაც უნდა გამიჯნოს ძირითადი საქმიანობა არაძირითადისაგან, იქნება აქაც უნდა გამიჯნოს ძირითადი საქმიანობა არაძირითადისაგან, იქნება ეს შრომა საზოგადოებრივი, თუ ინდივიდუალური.
ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც განისაზღვრება დრო ამ სამი ძირითადი მომენტისათვის - დასვენების, კვებისა და ძირითადი საქმიანობისათვის, მეტნაკლებად შესაძლებელია დროის განსაზღვრა სხვა მოვლენებისთვისაც, როგორიცაა არაძირითადი საქმიანობა - ჰობი, თვითგანათლება, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან, გართობა და სხვა.

*ცნობილი გამონათქვამი-ლოზუნგი: "ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს", რომელიც ამ 70 წლის მანძილზე ხშირად გაისმოდა, წმ. პავლე მოციქულის სწორედ ამ გამონათქვამის პერიფრაზა იყო.

5. საეკლესიო საქმის კეთება

ძირითად საქმიანობასთან ერთად ქრისტიანის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო, რომელიც მოხმარდება საეკლესიო საქმის კეთებას, რამეთუ ყოველი ქრისტიანის ვალია, წვლილი შეიტანოს ეკლესიის აღშენების საქმეში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის ცხოვრებაში. თუ რა აკეთოს კონკრეტულად, ეკლესიის თითოეულმა წევრმა უნდა შეათანხმოს მოძღვართან თავისი შესაძლებლობების მიხედვით. აქ არჩევანი დიდია: იქნება ეს საქმიანობა ფიზიკური, მაგალითად, დახმარება ტაძრის დალაგებაში, გარემონტებაში, საეკლესიო შესამოსლის შეკერვა-მოწესრიგებაში; გონებრივი, მაგალითად, სასულიერო ლიტერატურის თარგმნა-გამრავლება, თუ სულიერი: მაგალითად, მონაწილეობა ფსალმუნის კითხვის ჯგუფში, რომელიც თითქმის ყველა ტაძრის მრევლში მოქმედებს.
ყოველივე ამისათვის დროც და მისი ხანგრძლივობაც დღის განაწესში უნდა გამოიყოს, საქმიანობის შესაბამისად.

6. თვითგანათლება

ქრისტიანის ერთ-ერთი მოვალეობათაგანია ღმრთაებრივი ჭეშმარიტებების თანმიმდევრული შემეცნება - ქრისტიანი ვალდებულია, სრულყოს თავისი რწმენა და წარმოდგენები ღმერთსა და სამყაროზე.
ამისათვის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო. თუ საშუალება არის, ღმრთაებრივი სიბრძნის შესამეცნებლად, როგორც უკვე აღინიშნა, დროის საუკეთესო მონაკვეთია დილის ლოცვებიდან საუზმემდე. ამ დროს სასურველია ვიკითხოთ საღმრთო წერილი და მისი განმარტებები, წმ. მამათა თხზულებები; დასაწყისისათვის უპრიანია წმინდანთა ცხოვრების კითხვა. ამასთან, ლიტერატურე უნდა შეირჩეს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, რადგან სულიერი საზრდოს მიღებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
გარდა სარწმუნოების შემეცნებისა ქრისტიანმა დრო უნდა დაუთმოს მისთვის საჭირო სპეციალური თუ ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის შეძენას, აგრეთვე იმ პრობლემური საკითხების შესწავლას, რომლებიც აღელვებს მის მეგობრებს თუ საზოგადოებას და გაიზიაროს მათი ტკივილი და სიხარული.

7. ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან

ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის უნდა გამოყოს გარკვეული დრო, ცხადია უხერხულია, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც ჩვენი უმეტესობა დღის დიდ ნაწილს სახლის გარეთ, სამსახურში ატარებს, ხოლო საღამოს დაღლილ-დაქანცული ტელევიზორთან თვლემს, ამაზე ფიქრი მაინც გვმართებს, რამეთუ საფუძველი ნორმალური ცხოვრებისა და საერთოდ ყოველივესი სიყვარულია, რომელიც სიყვარულის საქმეში, ამ შემთხვევაში, ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება.
ასევე წინასწარ უნდა გამოიყოს კვირის განმავლობაში დრო ნათესავებთან და მეგობრებთან სტუმრობისა, თუ მათი შინ მიწვევისათვის.
აქაც, ისევე როგორც ქრისტიანული ცხოვრების სხვა ასპექტში, მთავარია ამ შეხვედრების პერიოდულობა, სისტემატიური განმეორებადობა, ხოლო სიხშირე კონკრეტული ვითარების მიხედვით შეიძლება სხვადასხვა იყოს.

8. გართობა

ამ სიტყვას, რომელიც თანამედროვე ადამიანისათვის მრავალფეროვან ატრაქციონებსა თუ ვიდეოთამაშებს გულისხმობს, დღეს ჩვენს სააზროვნო ლექსიკონში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს, ჩვენი წინაპრებისათვის კი თავისი შინაარსით და ფორმით მეტად მოკრძალებული მნიშვნელობა ჰქონდა. გართობა მაშინაა მისაღები და დასაშვები, როდესაც ის გადაღლილი ადამიანისთვის განტვირთვის საშუალებაა და ამ შემთხვევაშიც კი სიფრთხილე და ზომიერება გვმართებს; ხოლო როდესაც გართობა თვითმიზანი ხდება და ოდენ დროის გაყვანას თუ პირადი სიამოვნების მიღებას ემსახურება, როდესაც ნორმად იქცევა, ასეთი გართობა ადამიანში თანდათანობით კლავს ღმრთის ხატებას და მის სრულ სულიერ გაუცხოებას იწვევს.
ყოველივე ეს თავიდან რომ ავიცილოთ, გონებრივად უნდა ვაკონტროლოთ და წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი დასვენების დრო და ფორმა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საუკეთესო დასვენება არის ერთი საქმის მეორეთი შენაცვლება, აქტიური დასვენება, რომელსაც კვლავაც სულიერი სარგებლობა მოაქვს, მაგრამ სხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სულიერი საზრდოს მიღება ხელოვნების საშუალებით, იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერატურე, მხატვრობა, მუსიკა თუ სხვა (ცხადია იგულისხმება ჭეშმარიტი, ღმრთაებრივი მშვენიერების მადიდებელი და არა ფსევდოხელოვნება).

9. როგორ გავატაროთ კვირა დღე

"აკურთხე ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდა ჰყო იგი, რადგან იმ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისაგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა" (დაბადება 2.3)
კვირა ანუ ძველებურად კვირიაკე (ბერძნ. უფლისა) ქრისტიანმა უფალს უნდა მიუძღვნას. ყოველი ქრისტიანი უნდა დაესწროს ეკლესიაში საკვირაო წირვა-ლოცვას, ვისაც ჯანმრთელობა თუ ოჯახური პირობები უწყობს ხელს. (პირველი ქრისტიანები, მაგალითად, ეკლესიის იმ წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამ საკვირაო წირვას გააცდენდა, ძმობიდან იკვეთდნენ).
ეს ვალდებულება არის მეტად სასიხარულო და საპატიო. ქრისტიანები კვირაში ერთხელ საკვირაო წირვაზე იკრიბებიან, რათა გაიხსენონ ღმერთის - იესო ქრისტეს განკაცება, მისი ამქვეყნიური ცხოვრება, ჯვარცმა, ბრწყინვალე აღდგომა და ამაღლება და თავად მიიღონ მონაწილეობა ამ მოვლენებში; ქრისტესთან ერთად გაეკრან ჯვარს, რათა მასთან ერთად აღდგნენ მკვდრეთით. კიდევ და კიდევ რეალურად განიცადონ, რომ ყველანი ღმერთის შვილები ვართ. ყოველი კვირა დღე, რომელიც იწყება ეკლესიაში შაბათის საღამოს ლოცვით, აღდგომის დღესასწაულია (შეადარეთ რუს. "ვოსკრესენიე").
ეს სადღესასწაულო განწყობილება მთელი დღე უნდა გაგვყვეს. ამისათვის ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის რჩევით, სასურველია, მორწმუნეებმა ეს დღე ერთმანეთის საზოგადოებაში გაატარონ, მაგალითად, ეწვიონ ერთმანეთს სტუმრად.
ვინც ტაძარში რეგულარულ სიარულს ვერ ახერხებს (მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვის დედა) ეს დღე მისთვისაც განსხვავებული უნდა იყოს და არა - ჩვეულებრივი. ამ დღეს არ უნდა წამოვიწყოთ დიდი საქმე (ცხადია, წვრილმანი საქმის კეთება, მაგალითად, სახლის დალაგება თუ ჭურჭლის დარეცხვა, დასაშვებია).
ღმერთმა აკურთხოს და დალოცოს ჟამი ჩვენი ცხოვრებისა და მოგვმადლოს დროის სწორი განაწილების, მისი ფლობის ნიჭი, ამინ.

(ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი. წესი ქრისტიანის ცხოვრებისა.
გამომცემლობა "კანდელი", 1997)

მასალის წყარო - Orthodox.Ge
Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: ურთიერთობა, ieso qriste, იესო ქრისტე, qristiani, martlmadidebloba, urtiertoba, მართლმადიდებლობა, ქრისტიანი, qristianoba, ქრისტიანობა
Views: 2032 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: