იოანე ოქროპირი - იმის შესახებ, რომ ღვთის შეწევნით სათნოება ადვილია

2015-08-31, 10:47 AM


როდესაც მომხვეჭელობისადმი ბოროტი ჩვევა ან ვნება დაგიწყებს ძლიერ ცდუნებას, მის წინააღმდეგ ამგვარი აზრით შეიარაღდი:“ დროებითი სიამოვნების მომძაგებელი დიდ ჯილდოს მივიღებ“. უთხარ სულსა შენსა: „ნუ სწუხარ მასზე, რომ მე სიამოვნებას გართმევ, მაგრამ გიხაროდეს, რადგან ამ გზით ზეცას გიმზადებ. შენ იღწვი არა ადამიანისთვის, არამედ ღვთისთვის, ცოტა მოითმინე და დაინახავ როგორი დიდი სარგებლობა წარმოსდგება აქედან; მტკიცე იყავ აწინდელ ცხოვრებაში და ენით გამოუთქმელ სიამოვნებას მიიღებ“. თუკი ამგვარად ისაუბრებ სულთან და წარმოუდგენ არა მარტო სათნოების სიმძიმეს, არამედ მის გვირგვინსაც, მალე განაყენებ ყოველგვარი ბოროტებისაგან. ეშმაკი დროებით სიამოვნებას გვპირდება, ხოლო წუხილს კი საუკუნოს გვიმზადებს და მიუხედავად ამისა, გვძალავს და გვჯობნის, ხოლო ღმერთი, პირიქით, დროებით გარჯას გვთხოვს და საუკუნო სიტკბოებასა და სარგებლობას გვპირდება: რიღათი გავიმართლებთ თავს, თუკი ეგევითარი ნუგეშისცემის შემდგომ სათნოებას არ შევუდგებით? ჩვენი ღვაწლის მიზანია დავრწმუნდეთ, რომ ყოველივე ღვთისათვის გადაგვაქვს. თუკი ის, ვისაც მეფე ჰყავს მოვალე, მთელი ცხოვრების განმავლობაში ბედნიერად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მაშინ წარმოიდგინე, რამდენად ბედნიერი უნდა იყოს ის, ვინც თავისი დიდი თუ მცირე კეთილი საქმეებით თავის მოვალედ გაიხადა კაცთმოყვერე ღმერთი, მარადჟამს მყოფი!

მაშ, ნუ მეტყვი შრომისა და ღვაწლის სიმძიმილის შესახებ. ღმერთმა სათნოების ღვაწლი არა მხოლოდ მომავალ სიკეთეზე დაიმედებით შეგვიმსუბუქა, არამედ სხვაგვარადაც, ანუ ყოველჟამიერი თანაშეწევნითა და დახმარებით. საკმარისია გამოიჩინო თუნდაც მცირედი გულისმოდგინება და ყოველივე თავისთავად წარიმართება, რამეთუ, იმისთვის ითხოვს იგი შენგან თუნდაც მცირეოდენ გარჯას, რომ შენც მოგეწეროს გამარჯვება. როგორც მეფე უბრძანებს საკუთარ ძეს მყწობრში იდეგს და ისრები ისროლოს, რომ ყველამ დაინახოს და მას ჩაეთვალოს გამარჯვება, ხოლო ბრძოლას ფაქტიურად თავად წარმართავს, ასევე იქცევა ღმერთიც ჩვენს ომში ეშმაკის წინააღმდეგ. იგი მხოლოდ იმას ითხოვს, რომ შენ გადაჭრით გამოაცხადო ეშმაკი შენს მტრად,-და თუკი შენ ამას გააკეთებ, ომს უკვე თავად დაასრულებს. აენთება შენში რისხვა ან გამდიდრების დაუოკებელი სურვილი, ან გაგიჩნდება რომელიმე მტანჯველი ვნება?- იგი, როგორც კი დაგინახავს საბრძოლველად გამზადებულსა და შემართულს, მაშინვე ყველაფერს გაადვილებს და ამ ცეცხლზე მაღლა დაგაყენებს, როგორც ერთ დროს ყრმები დააყენა ბაბილონის ღუმელში, რომელთაც მოთმონებისათვის მზადყოფნის გარდა სხვა არა უჩვენებიათ.

მაშ, აქ ჩვენც რომ შევძლოთ უწესრიგო სიამოვნებათა გავარვარებული ღუმელის გაგრილება, ხოლო იქ გეენიას გადავურჩეთ, ყოველდღიურად მხოლოდ ის ვისურვოთ, ვეცადოთ და ვიზრუნოთ, რომ სიკეთისადმი გულმოდგინებითა და განუწყვეტელი ლოცვით ღვთის კეთილგანწყობა მოვიზიდოთ. ამგვარად, ყოველივე ის, რაც აუტანლად გვეჩვენება, სავსებით მოსახერხებელი გახდება, ადვილი და გულისსათქმელი. რამეთუ ჩვენ ვნებებითა ვართ გატაცებულნი, მანამდის სათნოება საძნელებლად გვეჩვენება, მოუხერხებლად და მიუდგომლად, ხოლო მანკიერება კი მიმზიდველად და სასიამოვნოდ. მაგრამ როგორც კი რამდენადმე გავექცევით ცოდვას, მანკიერება საძაგლად და უსახურად მოგვეჩვენება, ხოლო სათნოება კი ადვილად, ხელსაყრელად და სასურველად. ამაში ჩვენ იმათი მაგალითი დაგვარწმუნებს, ვინც თავიანთი ცხოვრება გამოასწორეს. ასე მაგალითად, გაიხსენე როგორ რცხვენოდათ რომაელებს თავიანთი მანკიერებების მას შემდეგაც კი, რაც მათ მანკიერებებს თავი დააღწიეს, მოციქული პავლეც გვიმოწმებს:“რაი უკვე ნაყოფი გაქუნდა მაშინ, რომლისათვის აწ ეგერა, გრცხუენის?“ (რომ. 6,21). ხოლო სათნოებას, მიუხედავად გადატანილი შრომისა, იგი სასიამოვნოდ სახელსდებს, მწუხარებას წამიერად და შრომას მსუბუქად, ხარობს ტანჯვათა შორის, მხიარულობს მწუხარებაში და თავს იქებს იმ წყლულებით, რომელსაც ქრისტეტსათვის იღებს.

მაშ, რომ მივაღწიოთ მსგავს მდგომარეობას, მოვაწყოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფლის რჩევებისაებრ, რომელიც ჩვენ გვესმა, და ძველის დამვიწყებელთა წინ ვისწრაფოთ, უმაღლესი წოდებისკენ მივილტვოდეთ, რომლის ღირსნიც ჩვენ ყოველნი შევიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და პატივი უკუნითი უკუნისამდე. ამენ.



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: nikolozqartveli | Tags: ioane oqropiri, religia, ioane okropiri, satnoeba, martlmadidebloba, ღვთის შეწევნა, სათნოება, advili, იოანე ოქროპირი Views: 2410 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: