წმ. იოანე ოქროპირი სოდომ-გომორელთა დასჯის შესახებ







გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





2014-09-30, 3:43 PM
შესაქმის (დაბადების) წიგნის 18-19 თავების განმარტებიდან

საშინელი სიტყვებია! ამბობს: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ“. მართალია ამ ქალაქებთან ერთად ზოგიერთი სხვაც განადგურდა, მაგრამ ვინაიდან ესენი ყველაზე სახელოვანნი იყვნენ, ამიტომაც უფალმა ისინი საგანგებოდ ახსენა. „[ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ] განმრავლებულ არს და ცოდვანი მათნი დიდ არიან“. ნახე, როგორ გაიზარდა იქ ცოდვა! დიდად გამრავლებულა არა მხოლოდ ღაღადება, არამედ უსამართლობაც; მე მგონია, სიტყვები: „ღაღადებაჲ სოდომისაჲ და გომორისაჲ განმრავლებულ არს“, ნიშნავს, რომ ცნობილ, ართქმულ უსჯულოებასთან ერთად, რომელიც არანაირ მიტევებას არ იმსახურებს, ისინი (სოდომ-გომორელები) სხვა მრავალ უსამართლობასაც სჩადიოდნენ: ძლიერნი სუსტებს ჩაგრავდნენ, მდიდრები ღარიბებს. ამრიგად, ნათქვამია, რომ არა მხოლოდ მათი ღაღადებაა გამრავლებული, არამედ – მათი ცოდვები არაა ჩვეულებრივი ცოდვები: „ცოდვანი მათნი დიდ არიან“. მათ მოიგონეს მანამდე უცნობი უსჯულოება, ბუნების საწინააღმდეგო გარყვნილი აღრევა, და ისეთი მიდრეკილნი იყვნენ ცოდვისკენ, რომ ყველანი ყოველგვარი გახრწნილებით იყვნენ აღვსილნი, და მათი გამოსწორების არანაირი საშუალება აღარ ჩანდა, სრულიად უნდა მოსპობილიყვნენ. მათი ვნებები უკურნებელი გამხდარიყვნენ და არანაირ მკურნალობას არ ექვემდებარებოდნენ. თუმცაღა, უფალი შეაგონებს ადამიანთა მთელ მოდგმას, რომ თუნდაც ვინმეს ცოდვები დიდი და ცნობილი იყოს, არ უნდა მოხდეს მათთვის მსჯავრის გამოტანა, ვიდრე აშკარა მტკიცებულებები არ წარმოდგება: „გარდავიდე და ვიხილო, უკუეთუ ღაღადებისაებრ მათისა, რომელნი მოიწევიან ჩემდა, ეგრეთ აღესრულებიან, რაჲთა ვცნა“. ეს რანაირი სიტყვათა წყობაა? – ამბობს: „გარდავიდე და ვიხილო“. ნუთუ ყოველთა ღმერთი გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე? არა, ნუ იყოფინ! ამას არ ამბობს, არამედ, როგორც ხშირად მითქვამს, ხორციელი სახის გამოსახვით სურს შეგვაგონოს, რომ საჭიროა ვიქონიოთ დიდი სიფრთხილე, და მცოდველნი მხოლოდ მოსმენილით არ განვსაჯოთ, მტკიცებულების გარეშე მსჯავრი არ გამოვიტანოთ.

... ხომ არსებობს მრავალი უგუნური, მოუთოკავი ენების მქონენი, რომელთაც (ღვთის მსჯავრის) გაკიცხვა სურთ, და ამბობენ: „რატომ დაიწვა სოდომი? იქნებ შეინანებდნენ ისინი [სოდომის მაცხოვრებლები], მათ მიმართ სულგრძელება რომ ყოფილიყო გამოჩენილი“. ღმერთი იმიტომ გვიჩვენებს ადამიანთა ასეთ სიმრავლეში ბოროტების ამგვარ გამრავლებას და სათნოების სიმწირეს, რომ საჭირო იყო მეორე ისეთივე წარღვნა, რომელმაც ადრე დაფარა მსოფლიო. მხოლოდ ღვთის აღთქმის გამო, რომ ამგვარი სასჯელი (წარღვნა) აღარ გამეორდებოდა, მან ამჯერად სხვაგვარი სახის სასჯელი გამოიყენა, სოდომელებიც დასაჯა და ყველა შემდგომ თაობას ამით სამუდამო გაკვეთილი მისცა. მათ (სოდომ-გომორელებმა) ბუნებრივი კანონები გააუკუღმართეს, უცნაური და უკანონო აღრევა მოიგონეს. ამიტომაც მოაწია ღმერთმა მათზე არაჩვეულებრივი სახის სასჯელი, მათი უსჯულოების გამო თვით მიწის წიაღი განგმირა და სამუდამო ძეგლი დატოვა მომავალი თაობებისთვის, რომ მათ არ გაბედონ ამგვარი საქმეები, რათა იგივე სასჯელი არ ეწიოთ. მსურველს შეუძლია მოინახულოს ეს ადგილები და იხილოს ის მიწა, რომელიც, ასე ვთქვათ, ღაღადებს და საკუთარ თავზე გამოაჩენს სასჯელის ნაკვალევს: ამდენი წლის შემდეგ ისე აშკარად ცხადდება მასზე რისხვა (ღვთისა), თითქოს სასჯელმა გუშინ ან დღეს დილით განგმირა.

ამიტომაც, გემუდარებით, სხვების მაგალითით შევიგონოთ, იმ სასჯელის მხილველებმა, რაც მათ დაატყდათ. მაგრამ შეიძლება ვინმემ იკითხოს: ეს რა არის? თუკი ისინი ამგვარად დაისაჯნენ, განა დღესაც ბევრნი არ არიან, ვინც მათნაირ უსჯულოებაშია, მაგრამ არ ისჯება? – შესაძლოა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი სასჯელი მოელის ამგვარ უსჯულოებს. რასაკვირველია, თუკი ჩვენ ვერც იმით მოვდივართ გონს, რაც სოდომელებს დაემართათ, არც ღვთის სულგრძელებით ვსარგებლობთ, დაფიქრდი, რამდენად უფრო ძლიერად აღვაგზნებთ საკუთარი თავისთვის მომავალ ჩაუქრობელ ცეცხლს და რა სასტიკ მატლს ვიმზადებთ ჩვენთვის! ხოლო მეორე მხრივ, ღვთის მადლით დღესაც არის მრავალი სათნო ადამიანი, რომლებსაც, როგორც მაშინ მამათმთავარს [აბრაამს] შეუძლიათ ლმობიერ-ყონ ღმერთი, და თუკი ჩვენ, საკუთარი თავის შემხედვარენი, ვხედავთ ჩვენს უზრუნველობას, სამართლიანად ვაღიარებთ (ქვეყნად) სათნოების დიდ სიმწირეს, – ამ (წმიდა) ადამიანების სათნოებათა გამო ღმერთი სხვების მიმართაც სულგრძელებას იჩენს.


Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: codvebi, ცოდვები, წმ. იოანე ოქროპირი, codva, სოდომ-გომორი, tsm. ioane oqropiri, sodom-gomoti, ცოდვა, codvili, ცოდვილი
Views: 1699 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: