მოძღვარი იღუმენი დიონისე გვიმრაძე - მოძღვრისა და მრევლის ურთიერთობის შესახებ

2014-08-26, 11:35 PM


რატომ უჭირთ ადამიანებს მოძღვართან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება? როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე “ამბიონს” დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მოძღვარი იღუმენი დიონისე გვიმრაძე ესაუბრა: “ადამიანებს ხშირად სწორი აღსარების თქმა გვიჭირს. შესაბამისად, სულიერ მოძღვართან ჩვენი დამოკიდებულება არ იღებს ისეთ ჯანსაღ სახეს, როგორიც ეკლესიური ცხოვრების შედეგად უნდა გვქონდეს. აღნიშნული ურთიერთობა თითოეული ადამიანის სულიერი მდგომარეობითაა განპირობებული.

ჩვენი ერის ისტორიაში იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც ქართველმა ხალხმა თითქმის დაკარგა ღვთის რწმენა, ამასთანავე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდნენ სასულიერო პირები და მოქმედი ტაძრები. შემდგომ, ღვთის მადლით, ფეხზე დავდექით, ბევრი ახალი ტაძარი იკურთხა, აღდგა ძველი ტაძრებიც, მომრავლდნენ სასულიერო პირები, განახლდა ღვთისმსახურება და ეკლესიაში მრევლმა იმატა. მიუხედავად ამისა, ხშირად ადამიანებს მოძღვართან სწორად დამოკიდებულების ჩამოყალიბება მაინც გვიჭირს, სწორი აღსარების თქმას ვერ ვსწავლობთ.

ჩვენს რეალობაში მრევლის უმრავლესობა სულიერ დანაკლისს განიცდის. იყო დრო, როცა ადამიანის პიროვნების სულიერსა და ზნეობრივ ჩამოყალიბებაზე ეკლესიასთან ერთად ოჯახი, სკოლა, სასწავლებელი და სახელმწიფო ზრუნავდა. სახელმწიფო მორწმუნე ერს ყოველმხრივ უწყობდა ხელს, თავისი რელიგიური მოთხოვნილებები მაქსიმალურად დაეკმაყოფილებინა, დღეს კი ისეთი სისტემაა შექმნილი, რომ რთულდება რელიგიურად მოაზროვნე ადამიანთა ჩამოყალიბება, რადგან პრიორიტებები უფრო მეტად სხვა მიმართულებებს ენიჭება.

ამავე დროს, საზოგადოება ისეთ საქმიანობაშია ჩართული, იმდენად არის გადაღლილი და დატვირთული მათი გონება, რომ, ფაქტობრივად, ღმერთზე ფიქრის დრო და საშუალებაც კი არ რჩება. თუ ადამიანი სულ მცირე კვირაში ერთხელ არ მივა ეკლესიაში წირვა-ლოცვაზე, ყოველდღიურად არ წაიკითხავს ლოცვებს, ხშირად არ იტყვის აღსარებას და ვერ მიიღებს წმიდა ზიარებას, მაშინ პიროვნების სულიერი განვითარება ვერ მოხერხდება. დღეს ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს დედამიწაზე სამოთხის მოწყობის სურვილიც კი გაუჩნდათ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია. თუ მორწმუნე ადამიანები შექმნილ ვითარებას ჯანსაღად არ განვსჯით, შეიძლება ჩვენც დაუფიქრებლად გავხდეთ ამ უაზრო პრინციპების მონაწილე და დაგვავიწყდეს მთავარი – პიროვნების სრულყოფა, სულიერი და ზნეობრივი განვითარება. ამ საკითხში უმნიშვნელოვანესი როლი მოძღვართან ურთიერთობას ეკისრება. სასულიერო პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც ღვთის სიტყვის ქადაგებით თვალის ახელასა და სწორი გზის პოვნაში გვეხმარებიან.

რატომ გვიჭირს ადამიანებს მოძღვართან სწორი აღსარების თქმა?

აღსარების თქმა იმიტომ გვიჭირს, რომ ამ საიდუმლოს არსი და მნიშვნელობა სიღრმისეულად არ გვაქვს გათავისებული.

დღევანდელობაში ძალიან რთულია სასულიერო პირის მოვალეობის ღირსეულად შესრულება. თუ ადრე მოძღვართან მოდიოდა განსწავლული და მეტ-ნაკლებად სასულიერო საკითხებში გათვითცნობიერებული ადამიანი, დღეს ეკლესიაში მოდის პიროვნება, რომელსაც, როგორც იტყვიან, ყოველივეს შესწავლა ანბანიდან უნდა დავაწყებინოთ. შემდგომში თუ მისი ათვისება შეძლო და ადამიანმა მექანიკურად არ იარა ტაძარში, შესაძლოა მასში სიღრმისეული ხედვა განვითარდეს, მრევლმა მოძღვართან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ნელ-ნელა დაიწყოს და სწორი აღსარების თქმა ისწავლოს. ზოგს მოძღვრად ის სასულიერო პირი მიაჩნია, რომელთანაც რამდენიმეჯერ აღსარება ჩაუბარებია, ან უსაუბრია, სულიერ წინამძღოლს კი სულ სხვა დატვირთვა გააჩნია. თუ ადამიანი ეკლესიაში იშვიათად გამოჩნდება და მაშინაც მხოლოდ თავის გარეგნულ პრობლემებზე ესაუბრება მოძღვარს, ასეთ შემთხვევაში თავად სასულიერო პირიც ვერ იგრძნობს თავს მის სულიერ მოძღვრად.

მამა დიონისე, როგორი უნდა იყოს სულიერი მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა?

სულიერი მამისა და სულიერი შვილის ურთიერთობა რამდენიმე პირობით ეტაპად შეგვიძლია დავყოთ.

პირველ ეტაპს მრევლის ის კატეგორია მიეკუთვნება, რომელიც შეიძლება აქტიურად დადიოდეს ეკლესიაში, მაგრამ მის აღსარებას მექანიკური ხასიათი ჰქონდეს. ადამიანს აღსარებაზე მიაქვს ცოდვების ჩამონათვალიდან ამოკრებილი ნუსხა და მას მოძღვრის წინაშე წარმოთქვამს. ამ დროს სასულიერო პირსა და სულიერ შვილს შორის ცოდვათა შესახებ არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს. ეს მოძღვრის ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც თვითონ აღმსარებლისა, რადგან მას არ უჩნდება საჭიროება და სურვილი, რაიმე უფრო დააკონკრეტოს და მოძღვრისაგან რჩევა იკითხოს. ვერ გრძნობს, რომ თუნდაც მისი პრობლემების მოგვარებაში მოძღვრის რჩევა-დარიგებამ შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. თუ მოძღვართან მუდმივად ამგვარი ურთიერთობა გვექნება, ვერანაირად ვერ გადავალთ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე.

მეორე ეტაპზე აღმსარებელი ცდილობს, ამა თუ იმ სულიერ საკითხზე მოძღვრის აზრი გაიგოს, რომელიც შეეხება სულის სნეულებებს, მანკიერებებს, ვნებებს, მათთან ბრძოლის მეთოდებს და არა ოჯახში შექმნილ ყოფით თუ მატერიალურ პრობლემებს. ურთიერთობის ამ ეტაპზე ადამიანს სურვილი უჩნდება, მოძღვრის აზრი მოისმინოს, თუმცა მუდმივად განიხილავს, განსჯის, თუ რამდენად მართებული და ჭეშმარიტია მისი რჩევა. სულიერი ცხოვრება ისეთი თავისებურებებით გამოირჩევა, რომ ერთი შეხედვით, ის პასუხი, რომელიც მოძღვრისგან მივიღეთ, შეიძლება უცნაურადაც მოგვეჩვენოს, ამიტომ ზოგჯერ ადამიანი არ უჯერებს მოძღვარს, თვითონ ცდილობს საკუთარი გადაწყვეტილებით იმოქმედოს. მაგრამ სულიერი შვილი აღმოაჩენს, რომ როგორც კი თავისი ნებით იმოქმედა და სულიერ ცხოვრებასთან მიმართებაში მოძღვრის რჩევა არ გაითვალისწინა, თავს დიდი უბედურება და მარცხი დაატყდა. როდესაც ამგვარი რამ რამდენჯერმე განმეორდება, წესით, ურთიერთობამ უფრო ღრმა ხასიათი უნდა მიიღოს, განვითარდეს და გადაიზარდოს მესამე ეტაპზე. თუმცა თუ მოძღვარი შესაბამის რჩევას ვერ იძლევა და მრევლი კვლავ პრობლემებს აწყდება, მას ამ სასულიერო პირთან ურთიერთობისა და რაიმე რჩევის მიღების სურვილი აღარ აქვს. ასეთ შემთხვევაში სჯობს, ადამიანმა სხვა მოძღვრის ძიება დაიწყოს, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება ექნება. თუ მოძღვრის რჩევა ყოველთვის კეთილია და ჩვენი სულისათვის სასარგებლო, მაშინ მოძღვრისადმი ჩვენი ნდობა ნელ-ნელა იზრდება და გონებაში აღარ მიმდინარეობს იმის განხილვა, სწორი გვითხრა თუ არა მან.

მესამე ეტაპზე ადამიანი მთლიანად ენდობა მოძღვრის რჩევას და თუ მისთვის რაიმე გაუგებარი იქნება, ჩაეძიება კიდეც. წესით, გამოცდილი მოძღვარი რთული საკითხის განმარტებასაც უნდა ახერხებდეს. თუ მოძღვარი ამას შეძლებს, სულიერი შვილი მეტი ნდობით, სიყვარულით განიმსჭვალება და საბოლოო ჯამში, მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის უფრო სიღრმისეული ურთიერთობა ჩამოყალიბდება.

მეოთხე – სრულყოფილი ეტაპი დამახასითებელია მონასტრებისთვის, როდესაც ადამიანის მოძღვართან ურთიერთობა არა მხოლოდ რჩევების მიღებით შემოიფარგლება, არამედ საკუთარი ნების სრული უარყოფითა და მოძღვრის ნებისადმი განუსჯელი მორჩილებით გამოიხატება. თუმცა ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის მონაზვნური ცხოვრების ამგვარი წესის შემოღება მართებული არ არის.

ამდენად, სულიერ მოძღვარსა და მრევლს შორის ურთიერთობის ეს ოთხი პირობითი ეტაპი არსებობს: პირველი – მექანიკური აღსარება ყოველგვარი რჩევებისა და გასაუბრების გარეშე; მეორე – როდესაც ადამიანი რჩევებს კითხულობს, მაგრამ მაინცდამაინც ყველაფერს არ ითვალისწინებს, მაინც თავისი ანალიზის, ცოდნისა და გამოცდილების იმედი უფრო მეტად აქვს; მესამე – როდესაც ადამიანი მთლიანად იზიარებს მოძღვრის აზრს, თუ რაიმეს ვერ გაიგებს, მის განმარტებას ითხოვს და ასე თავისუფლად ცხოვრობს; მეოთხე – საკუთარი ნების სრული უარყოფა.

რას გულისხმობს მოძღვართან მამაშვილური ურთიერთობა?

მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობის პირველი ეტაპი მხოლოდ ღვთისმსახურისა და მრევლის ურთიერთობას ჰგავს; არანაირი მამაშვილური, მზრუნველობითი ხასიათი არ გააჩნია. ამ დროს მორწმუნე ადამიანი სასულიერო პირს არანაირ პასუხისმგებლობას არ აკისრებს და ამ ურთიერთობას მხოლოდ გარეგნული ხასიათი გააჩნია. მეორე ეტაპი უფრო სიღრმისეულია. ამ ურთიერთობას შეგვიძლია ვუწოდოთ მოძღვრის, როგორც კეთილი მასწავლებლის ურთიერთობა თავის მოწაფესთან. მესამე ეტაპი კი უკვე მამაშვილური ურთიერთობაა. შვილი მამას ბოლომდე ენდობა და მისი ნათქვამის მართებულობაში ეჭვი არც კი ეპარება. სულიერი მამაც, საჭიროების შემთხვევაში, თავს შვილის გაკიცხვის უფლებასაც აძლევს, რასაც შვილი, მამისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, უდრტვინველად იღებს.

თუ გვსურს სწორი სულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ და განვვითარდეთ, უნდა ვეცადოთ, მოძღვრებთან ურთიერთობაში სწორედ ასეთ მამაშვილურ დამოკიდებულებას მივაღწიოთ. სხვაგვარად გამოდის, რომ აღსარების თქმა ვერ ვისწავლეთ, საკუთარი მანკიერებები ვერ დავინახეთ; მოძღვრის მცდელობის მიუხედავად იმ დონეზე დავრჩით, რომ რჩევებს საერთოდ არ ვეკითხებით, ან ვეკითხებით, მაგრამ არ ვითვალისწინებთ, უფრო მეტად საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების იმედი გვაქვს.

როგორ განვავითაროთ მოძღვართან ჩვენი ურთიერთობა?

უნდა ვეცადოთ, რომ სულიერ მოძღვართან მექანიკური, გარეგნული აღსარებიდან რჩევით ურთიერთობის ფორმაზე გადავიდეთ და თუ რაიმე გაუგებარი, მიუღებელი იქნება, მასთანვე გავარკვიოთ, ჩავეძიოთ. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ საკუთარ თავს უფრო მეტად კრიტიკულად ჩავუღრმავდებით, ჩვენში არსებულ უამრავ შინაგან მანკიერებას აღმოვაჩენთ და მათთან ბრძოლის თავისებურებების ძიებას დავიწყებთ. ამის შედეგად თუ ვფიქრობთ, რომ ღვთის მცნების საწინააღმდეგო რჩევებს გვაძლევს მოძღვარი, შეგვიძლია მას არ დავუჯეროთ. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ხშირად თავად არ ვიცით ღვთის მცნებების არსი და როგორ შევამოწმებთ და შევაფასებთ მის ნათქვამს?! ამიტომ მოძღვართან სიღრმისეული ურთიერთობისა და სულიერი განვითარებისთვის აუცილებელია, თავადაც ვფლობდეთ გარკვეულ ცოდნას.

წმიდა მამები ამბობენ: თუ ღმერთს აწყენინებთ, სულიერი მოძღვრის ლოცვა ღმერთთან შეგარიგებთ, მაგრამ მოძღვრის განაწყენების შემთხვევაში ღმერთთან ვინღა გვიშუამდგომლებსო?!

ამდენად, ჩვენს ცხოვრებაში სულიერ მოძღვარს უდიდესი როლი აკისრია. სწორედ ის ფიქრობს ჩვენს სულიერ ზრდაზე და თუ მასთან სიღრმისეულ ურთიერთობას ვერ მოვახერხებთ, მაშინ ჩვენი სულიერი ფერისცვალება, განვითარება და მადლის მოპოვება ყოვლად წარმოუდგენელი იქნება.

თეონა ნოზაძე - Ambioni.Ge



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: religia, mrevli, მრევლი, modzgvari, ighumeni, რელიგია, modzghvari, martlmadidebloba, მოძღვარი, იღუმენი Views: 2167 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: