მიცვალებულთა მოხსენიება / micvalebulta mokhsenieba

2014-03-24, 9:32 AM


დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე კვირის შაბათი დღეები მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია. კანდელი რამდენად მნიშვნელოვანია ეკლესიაში მიცვალებულის სახელზე პანაშვიდის გადახდა და როგორი უნდა იყოს საკურთხის სუფრა? ამ თემებთან დაკავშირებით “ამბიონი” წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზს ალექსი ადამაშვილს ესაუბრა. მამა ალექსი (ადამაშვილი): “აღდგომის მარხვაში ლიტურგიკული მსახურება იცვლება. დიდ მარხვაში კვირაობით ბასილის დიდი წირვაა, შაბათობით – იოანე ოქროპირის. ოთხშაბათსა და პარასკევს კი – პირველშეწირულის წირვა. დანარჩენ დღეებში სრულდება სამეუფო ჟამნები. მხოლოდ ერთი დღე არის შაბათი, როდესაც მიცვალებულთა მოხსენიება არ ხდება. პირველშეწირულის წირვაზე შეწირულია ძღვენი და აქაც არ ხდება მოხსენიება. ეკლესიაში ასეთი ტრადიციაა: 40 დღიან მოსახსენიებელს აგროვებენ და ორმოცი დღის განმავლობაში ყველა ტაძარში მოძღვარი პანაშვიდს იხდის და ყველა იმ ადამიანის სახელი იკითხება, ვინც ამ მოსახსენიებელში წერია. ეკლესია გარდაცვლილთა სულისთვის განსაკუთრებით მიცვალებულთა ხსენების დღეებში ლოცულობს. დიდ მარხვაში მეორე, მესამე და მეოთხე კვირის შაბათები მიცვალებულთა მოხსენიების დღეებია. რაც შეეხება საკურთხის სუფრას, ის უნდა შედგებოდეს სამარხვო საკვებისაგან, რაც მშიერი ადამიანების დასაპურებლადაა განსაზღვრული. ასევე, მორწმუნეებს ერთი ბოთლი ზეთი და შავი ღვინო მოაქვთ ეკლესიაში. ტაძარში წირვის მერე დიდი საერთო პანაშვიდი ტარდება. ხოლო მთელი დღის განმავლობაში შეუძლია ადამიანს მიბრძანდეს ეკლესიაში და თავისი მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადოს. პანაშვიდის გადახდა მიცვალებულის სულისთვის აუცილებელია. ზოგს ჰგონია, თავისი მიცვალებულის სულს იმით შეეწევა, თუ ძვირფას ქვას დადებს, ან ძვირფას სასაფლაოს გაუკეთებს. ფიქრობს, რომ დიდი პატივი სცა ამით თავის მიცვალებულს. მიცვალებულის სულისთვის ყველაზე დიდი მისავალი არის ლოცვა და მოწყალება, ლოცვა სულისთვის და მოწყალება მისი სახელით. სწავლების მიხედვით, თუ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხვდა, შესაძლებელია ლოცვამ და მოწყალებამ იქიდანაც გამოიყვანოს 19 სექტემბერს მთავარანგელოზ მიქაელის დახმარებით. ლოცვა და მოწყალება მარტო ჩვენს მიცვალებულებს არ შეეწევა. უფალი ამას ღვთის სათნო საქმედ გვითვლის. ჩვენც ვაგროვებთ იმ სულიერ მადლს, რომელიც ჩვენივე სულიერი საზრდო იქნება.”

მასალის წყარო: Ambioni.Ge - თეა სულაბერიძე




გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: didi markhva, მიცვალებულთა მოხსენიება, მართლმადიდებლობა, kvira, კვირა, shabati, დიდი მარხვა, micvalebulta moxsenieba, შაბათი, didi marxva Views: 3670 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: