წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი) - ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ

2014-02-02, 10:47 PM


ყველა წმ. მამა, ვინც სულიერი ლოცვის შესახებ წერდა, არა მარტო ოცნების სურათების განზრახ დახატვას გვიკრძალავს, არამედ გვასწავლის, ჩვენი ნებითა და თანაგრძნობით არ მივიდრიკოთ იმ ოცნებებისა და ჩვენებების მისაღებად, რომლებიც ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად, მოულოდნელად გვეცხადება. ღირსი მამა გრიგოლ სინელი ამბობს: ”ნურაფრით ნუ მიიღებ, თუკი რაიმეს იხილავ ხორციელი თვალით ანდა გონებით, შენს გარეთ თუ შიგნით, სულერთია ქრისტეს სახე ექნება მას, ანგელოზის თუ რომელიმე წმინდანის, ნურც იმას მიაქცევ ყურადღებას, რაიმე ნათელი თუ გეჩვენა . . . მღვიძარე იყავ და გაფრთხილდი, ნუ მისცემ თავს ნებას რაიმეს ერწმუნო, ნუ გამოხატავ თანხმობასა და თანაგრძნობას, ნუ იჩქარებ, ენდო რაიმე ხილვას, თუნდაც იგი ჭეშმარიტი და კეთილი იყოს, განურჩეველი და გულგრილი იყავი მის მიმართ, დაიცევ გონება შენი ხილვებისაგან, ნურავითარ გამოსახულებას ნუ შეათხზვევინებ და ნურავითარ გამოსახულებას ნუ დაამჩნევ მას. ვინც რაიმეს დაინახავს გონებით ან ხორციელის თვალით, თუნდაც ეს ღმერთისგან იყოს და ნაჩქარევად მიიღებს მას, იოლად ვარდება ხიბლში ან ხიბლისადმი თავის მიდრეკილებას მაინც ამჟღავნებს, რაკი ნაჩქარევად და განუსჯელად ღებულობს ხილვებს . . . ღმერთს ისიც კი არ განარისხებს, თუ კაცი მის მიერ მივლენილ ხილვას არ შეიწყნარებს. პირიქით, აქებს მას ასეთი გონიერებისთვის”.

წმ. ამფილოქე, სიყრმიდან მონაზონი, სიჭარმაგის წლებსა და სიბერეში უდაბნოში იყო დაყუდებული. გამოქვაბულში გამოკეტილმა და მდუმარების დამმარხველმა, დიდ სულიერ საზომს მიაღწია. დაყუდებული ცხოვრების მეორმოცე წელს ღამით ანგელოზი ეჩვენა და უთხრა: ”ამფილოქე, წადი ქალაქში და დამწყსენ სულიერნი ცხოვარნი ჩემნი”. ამფილოქემ თავისი ჩვეულებრივი მოღვაწეობა განაგრძო და ყურადღება არ მიუქცევია. მას მეორედაც ეჩვენა ანგელოზი და ამჯერადაც არ მიაქცია ყურადღება, რადგან მოხიბვლის ეშინოდა და ახსოვდა მოციქულის სიტყვები ”თვით იგიცა იცვალისვე ანგელოზად ნათლისა” (2 კორ.11-14). მესამე ღამეს კვლავ გამოეცხადა ანგელოზი, დიდებისმეტყველება აღუვლინა უფალს და ამით დაარწმუნა ამფილოქე, რამეთუ დაცემული სული ღმერთის დიდებას ვერ იტანს, ანგელოზმა ბერი ეკლესიაში წაიყვანა და ეკლესიის კარი თავისით გაუღო. იგი ზეციური ნათლით იყო განათებული, შიგნით მრავალი წმიდა მამა იდგა, სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი, მზესავით გაბრწყინებული სახეებით. მათ ამფილოქე ქალაქ იკონიის ეპისკოპოსად აკურთხეს.

ღირსი ისაკ და ნიკიტა პეჩორელები კი პირიქით მოიქცნენ და საშინელი უბედურება დაატყდათ თავს. მათ ახალი დაწყებული ჰქონდათ დაყუდებული ცხოვრება და გამოუცდელები იყვნენ, ამიტომ განუსჯელად მიენდვნენ ჩვენებას. ისააკს ეჩვენა დემონთა დასი, ნათლით შემოსილი. ერთს ქრისტეს სახე მიეღო, დანარჩენს წმ. ანგელოზთა. ნიკიტამ ჯერ კეთილსურნელება იგრძნო ჰაერში და ჩაესმა ხმა ვითომდა ღმრთისგან, მერე კი ეშმაკი გამოეცხადა ანგელოზის სახით (მღვიმის პატერიკი). წმ. გრიგოლ სინელი სიყვარულით აფრთხილებს მდუმარების ღვაწლს შემდგარ მონაზონს, ვისთვისაც მისი წიგნია დაწერილი, საცთურში არ ჩავარდეს: ”მინდა გარკვეული წარმოდგენა გქონდეს ხიბლის შესახებ. იმიტომ მინდა, რომ შეძლო ხიბლისგან თავდაცვა, რათა შესაფერისი ცოდნით აღჭურვილი მოშურნეობის საბაბით რაიმე ხიფათს არ გადააწყდე და სული არ წარიწყმინდო. კაცის თავისუფალი ნება იოლად მიიდრიკება ჩვენს მტრებთან ურთიერთობისკენ, მეტადრე ახალი, გამოუცდელი მოღვაწეების ნებაზე ითქმის ეს, რამეთუ ისინი ჯერ კიდევ ეშმაკის გავლენის ქვეშ იმყოფებიან”. მართებული ნათქვამია: ხიბლისკენ იხრება, მისკენ მიილტვის ჩვენი თავისუფალი ნება, რადგან ყოველგავრი ხიბლი ხარკს უხდის არასწორ წარმოდგენას საკუთარ თავზე, ჩვენ ცუდმედიდურობასა და ამპარტავნებას. ”მადლისმიერი ნიჭები ცხადი არიან, მათი მოცემა დემონს არ შეუძლია. ვერც სიმშვიდეს მოგცემს, ვერც მყუდროებას, ვერც სიმდაბლეს, ვერს სოფლის მოძულებას. იგი არ თრგუნავს ვნებებსა და გემოთმოყვარეობას, როგორც ამას მადლი სჩადის”. ეშმაკის ნაყოფია: განლაღება, ქედმაღლობა, მედიდურობა, ამპარტავნება, მოკლედ ბოროტების ყველა სახე. ასე რომ, იმის მიხედვით, თუ როგორ მოქმედებს შენს სულში გაბრწყინებული ნათელი, შეგიძლია შეიცნო ღმრთისაგანაა იგი თუ სატანისგან.

ყველამ იცის, თუ რა უბედურება ეწიათ იუდეველ მწიგნობრებსა და ფარისევლებს მათი არასწორი სულიერი მიმართულების გამო. ისინი არამხოლოდ უცხო ექმნენ ღმერთს, არამედ ღმრთის მტრებად და ღმრთის მკვლელებადაც იქცნენ. სწორედ ასეთ უბედურებას იტეხენ თავს მლოცველები, რომლებიც თავიანთი მოღვაწეობისაგან სინანულს გამორიცხავენ. ისინი ცდილობენ გულში ღმრთის სიყვარულის, ტკბობისა და აღტაცების განცდები გააღვიძონ და ამ დროს კი ხელს უწყობენ საკუთარ დაცემას, უცხო ექმნებიან ღმერთს, სატანასთან ამყარებენ ურთიერთობას და სულიწმინდის მტრობით სნეულდებიან. საშინელია ხიბლის ეს სახე. ხიბლის პირველი სახე მუდამ დაკავშირებულია მეორესთან. პირველისთვის, უკვე ზემოთ ვთქვით, დამახასიათებელია სურათების წარმოსახვა, ამ სურათბს ადამიანი ოცნებით ხლართავს და მთელ თავის არსებას წარმოსახვითი მხატვრობის მომხიბლავ, მძლავრ ზეგავლენას უმორჩილებს. უცილობლად წარმოიდგენს, რომ ეს მხატვრობა ღმრთაებრივი მადლითაა შექმნილი, ხოლო ოცნებით გამოწვეული განცდები მადლისმიერი განცდებია.

მეორე სახის ხიბლი ანუ ”წარმოდგენა” არ თხზავს მაცდურ სურათებს, იგი იმით კმაყოფილდება, რომ იგონებს ყალბ მადლისმიერ განცდებსა და მდგომარეობებს, რომელთაგანაც იშვება ყალბი, არასწორი წარმოდგენა საერთოდ მთელ სულიერ მოღვაწეობაზე. იგი პირველივით დამღუპველია, მაგრამ ნაკლებად თვალსაჩინო. პირველთან შედარებით, იშვიათად მთავრდება ჭკუიდან შეშლით ან თვითმკვლელობით. მაგრა სრულიად განხრწნის გულსა და გონებას. ამ მდგომარეობას წმ. მამებმა ”წარმოდგენა” უწოდეს. ამ სახის საცთურს გულისხმობს წმიდა მოციქული პავლე, როდესაც ამბობს: ”ნუვინ თქუენ მძლე გექმნებიან, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაითა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ხორცთა მისთაითა” (კოლას 2,18) ამ საცთურში ჩავარდნილ კაცს თავის თავზე ექმნება წარმოდგენა, რომ მრავალი ღირსებისა და სათნოების მფლობელია. იმასაც კი ფიქრობს, რომ სულიწმინდის ნიჭები აქვს მიმადლებული. წარმოდგენა შედგება ყალბი ცნებებისა და ყალბი განცდებისაგან, და ამ თვისებით მთლიანად ტყუილის მამის - ეშმაკის სფეროს ეკუთვნის. წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ”წარმოდგენა არ აძლევს საშუალებას კაცს, რომ მართლაც ის იყოს, რადაც თავი წარმოუდგენია”. ვისაც თავისი თავი უვნებო ჰგონია, ვერასოდეს განიწმინდება ვნებათაგან, ვინც ფიქრობს, რომ სულიწმიდის მადლითაა სავსე, ვერასოდეს მოიხვეჭს მას, ვისაც თავი წმიდათა შორის შეურაცხავს, ვერასოდეს მოიპოვებს სიწმინდეს. წარმოდგენით შეპყრობილებს არავითარი ძალა არ შესწევთ სულიერი წარმატებისა. მათ მოსპეს ამის საშუალება, რამეთუ ტყუილის სამსხვერპლოზე მიიტანეს ადამიანის მთელი მოღვაწეობისა და ცხოვნების საწყისი - წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ. საოცარი სილაღე უჩნდებათ ამ ხიბლით შეპყრობილებს. ისინი თითქოს ტკბებიან თავიანთი თავით, თავიანთი მაცდუნებელი მდგომარეობით და ეს მდგომარეობა მადლისმიერი ჰგონიათ, ამპარტავნებით არიან სავსე, შესახედავად კი მდაბალნი ჩანან იმათ თვალში, ვინც მხოლოდ გარეგნობის მიხედვით მსჯელობს და არა ნაყოფით. ესაია წინასწარმეტყველმა კარგად აღწერა ”წარმოდგენის” ხიბლის მოქმედება დაცემულ ანგელოზში, მოქმედება, რომელმაც აცდუნა და დაღუპა ეს მთავარანგელოზი : ”ხოლო შენ სთქუა გულსა შინა შენსა: ზეცად მიმართ აღვიდე, ზედაით ვარსკვლავთა ცისათა დავდვა საყდარი ჩემი, დავჯდე მთასა ზედა მაღალსა, მთათა ზედა მაღალთა ჩრდილოთ, აღვიდე ზედა ღრუბელთა და ვიყო მსგავს მაღლისა.ხოლო აწ ჯოჯოხეთადმი შთახდე და საფუძველთა მიმართ ქუეყანისათა” (ესაია 14, 13-15). ყოველი კაცი, ვისაც არ გააჩნია შემუსვრილი სული (50-ე ფს), ვინც თავის თავს რაიმე ღირსებებსა და დამსახურებებს მიაკუთვნებს, ყოველი, ვინც განუხრელად კი არ მისდევს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას, არემდ თავისი გონებით, თავისი აზრით ან უცხო სჯულის მოძღვრების მიხედვით განიხილავს ამა თუ იმ დოგმატს და გადმოცემას, ”წარმოდგენითაა” სნეული.

წმ. მაკარი დიდი შენიშნავს, რომ არ არსებობს კაცი სრულიად თავისუფალი ამპარტავნების ვნებისაგან და არც ”წარმოდგენის” ხიბლისგან თავისუფალი კაცი არ არსებობს სადმე. იგი თვით პავლე მოციქულს ებრძოდა და საკურნებლად ღმერთი მძიმე განსაცდელებს მოუვლენდა ხოლმე. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული წერს: ,,რამეთუ არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, ჭირისა მისთვის ჩვენისა, რომელი-იგი შეგვემთხვია ჩვენ ასიას შინა, რამეთუ გარდარეულად დაგვიმძიმდა ჩვენ უფროის ძალისა ჩუენისა ვიდრე წარწირვადმდე ჩვენდა ცხოვრებისაცა, არამედ თვით თავით თვისით განჩინებაი იგი სიკუდილისაი მოგუეღო, რაითა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი” (2კორ. 1,8-9). ამიტომ უნდა ვიღვიძოთ, რომ რაიმე კეთილი საქმე, ან რაიმე ნიჭი არ მივაკუთვნოთ საკუთარ თავს, მოკლედ არანაირი ღირსება არ მივაწეროთ. ,,ანუ რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს?” (1 კორ.4,7). სწორედ ამ თვალთახედვიდან აღმოცენდება ჩვენი მდგომარეობა, რომელსაც უფალმა ,,გულის სიგლახაკე” უწოდა და რომელიც ,,წარმოდგენის” ხიბლის საპირისპიროა, მისი დამარხვა გვამცნო და მას ნეტარება უწოდა ღმერთმა (მათე 5,3). დიდი უბედურებაა, როდესაც ადამიანები ეკლესიაში დოგმატებიდან და ზნეობრივი სწავლებიდან უხვევენ თავიანთი მჩხრეკელი გონების კარნახით. ესაა ,,სიმაღლე ამაღლებული მეცნიერებასა ღმრთისასა” (2 კორ. 10,5). ასეთი ამაღლებული გონება უნდა დავამდაბლოთ და ქრისტეს დავუმორჩილოთ. ,,წარმოდგენის” ხიბლში ჩავარდნილი ადამიანი იშვიათად ან საერთოდ არ წარმოიდგენს სამოთხეს, ზეციურ სავანეებს და სამყოფელებს, არაამქვეყნიურ სინათლესა და სურნელებას, ქრისტეს ანგელოზებსა და წმიდანებს, მაგრამ იგონებენ ყალბ სულიერ მდგომარეობებს: ახლო მეგობრობას იესოსთან, შინაგან საუბარს მასთან (თომა კემპელის ,,ქრისტეს მიბაძვა“), საიდუმლო გამოცხადებებს, ხმებს, ტკბობას. აქედან უჩნდება ყალბი წარმოდგენა საკუთარ თავსა და ქრისტიანულ მოღვაწეობაზე, საერთოდ არასწორი აზროვნება და არასწორი განწყობა, და ხან საკუთარი თავით ტკბობას ეძლევა, ხან განხურვებასა და აღტაცებას. ეს მრავალფეროვანი განცდები დახვეწილი ცუდმედიდობისა და გემოთმოყვარეობის ნაყოფია, მათი ზემოქმედების შედეგად სისხლში ცოდვა და ხიბლი იბუდებს, კაცს კი ყოველივე ეს მადლისმიერ ტკბობად მიაჩნია. თვით ცუდმედიდობასა და გემოთმოყვარეობას აღვიძებს ამპარტავნება - ,,წარმოდგენის” ხიბლის ეს განუყრელი თანამგზავრი. პირველი სახის ხიბლს ამპარტავნები აშკარა შეშლილობამდე მიჰყავთ. მეორე სახის ხიბლით, ,,წარმოდგენით” დაავადებულთა მდგომარეობა კი, რომელსაც საღმრთო წერილი ,,გონების განხრწნას” უწოდებს (2 ტიმ.3.8) ნაკლებად თვალში საცემია. გარეგნულად სიმდაბლის, სიბრძნის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ხიბლი ნაყოფით იგრძნობა. ამ მდგომარეობაში კაცი მზადაა ყველაფრისთვის: მზაკვრობის, ორგულობის, ტყულისა და უსჯულოებისათვის.

ასეთები მტრობით არიან აღვსილი ჭეშმარიტების მსახურთა მიმართ და საშინელი სიძულვილით ესხმიან თავს, რაკიღა ისინი არ აღიარებენ მოხიბლულებში იმ მდგომარეობას, რომელსაც თვითონ მადლისმიერად მიიჩნევენ და ასეთადვე წარუდგენენ დაბრავებულ სოფელს. ამ ხიბლისაგან წარმოიშვა მრავალი დამღუპველი წვალება, განხეთქილება, უსჯულოება, ღმრთის გმობა. ,,წარმოდგენის“ ხიბლს გონება საშინელ შეცოდებამდე მიჰყავს, შეშლამდე, როგორც ეს ოცნებას სჩვევია.

,,წარმოდგენის“ ხიბლს აქვს კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელშიც ჩავარდნილი ადამიანები უარყოფენ იესოს ლოცვასა და საერთოდ შინაგან ლოცვას, და მხოლოდ გარეგნული მოღვაწეობით კმაყოფილდებიან: არ აცდენენ საეკლესიო წირვა-ლოცვებს, რომელიც მარტოოდენ ფსალმუნების და ზეპირი ლოცვებისაგან შედგება. ასეთები ვერ გაექცევიან ,,წარმოდგენის“ ხიბლს, როგორც ამას ბერი ბასილი გვიხსნის გრიგოლ სინელის წიგნის წინასიტყვაობაში, თვით ბასილი კი ძირითადად ეყდრნობა ღირსი გრიგოლ სინელის და ღირი სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის ნაწერებს. ნიშანი იმისა, რომ ,,წარმოდგენა“ შეეპარა, მოღვაწისათვის ეს უნდა იყოს: იწყებს ფიქრს, რომ უკვე მღვიძარე ცხოვრებით ცხოვრობს, ამპარტავნება იპყრობს, და არაფრად აგდებს და აუგად მოიხსენიებს სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს კი სამწყსოს გაძღოლისა და პატრონობის ღირსად მიიჩნევს იმ ბრმის მსგავსად, სხვა ბრმებს რომ მიუძღვის (ფილოკალია. ტ. 1. ,,ყურადღებისა და ლოცვის მეორე სახისათვის). ზეპირი და ხმამაღალი ლოცვა მაშინაა შედეგიანი, როდესაც იგი ყურადრებასთანაა შეერთებული, რაც ერთობ იშვიათად გვხვდება, რამეთუ ყურადღებას ძირითადად ისეოს ლოცვის შემწეობით ვსწავლობთ.

თავის ცდუნებისა და ეშმაკის საცთურის ყველა კერძო სახე ხიბლის ამ ორ სახეში შედის და ჩნდება ან გონების, ან გულის არასწორი მიმართულებისაგან. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული ,,წარმოდგენის“ ხიბლი. ღირსი გრიგოლ სინელი ამბობს: ,,ხიბლის მიზეზი ერთია - ამპარტავნება“.

ყოველი კაცი ცოტად თუ ბევრად ხიბლისკენაა მიდრეკილი, რამეთუ ყველაზე წმიდა კაცის ბუნებაშიც კი არსებობს რაღაც ნაშთი ამპარტავნებისა, ამბობს მაკარი დიდი.

ამ ცოდვისაგან თავის დაღწევა მხოლოდ ცოდვებზე ტირილით შეიძლება, რის გარეშეც ვერავინ გადარჩება. მაცხოვარმა პირველ მცნებად სინანული დაგვიდო. როცა მან იწყო ქადაგება, პირველად თქვა: ,,მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი“ (მათე 4,17).

ეს მცნება თავის თავში მოიცავს ყველა სხვა მცნებას. ვთხოვოთ ღმერთს, რათა გაგვიძლიეროს ცოდვათა გამო სინანული და მოგვცეს თავმდაბლობა, რომელიც ხიბლისაგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა.

მასალა მოამზადა მღვდელმა გიორგი რაზმაძემ
გაზეთი „მრევლი“



გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: cminda, chven yvelani xiblshi vart, tsmida egnate brianchaninovi, wmida egnate brianchaninovi, ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ, წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი Views: 2816 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: