წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - ცხოვრების ამაოების შესახებ

2014-01-20, 8:41 PM


ნეტავი ვიქცე ლაღად მფრენ მტრედად ან მერცხლად, რათა გავერიდო ადამიანურ ყოფას ან დავსახლდე სადმე უდაბნოში და ბუნაგში მხეცებთან დავიდო ბინა, რადგან ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ გავატარებდი ჩემს მსწრაფლწარმავალ ცხოვრებას უცრემლოდ, უზრუნველად და შიში არ მექნებოდა სასჯელისა. მხეცებთან შედარებით მაქვს ერთი უპირატესობა - გონება, რომელმაც იცის ღვთაება, მაგრამ თავად არაღვთაებრივია. იქ, მშვიდად მყოფი, მოვიკრებდი ადამიანებს ყოველივე კუთხიდან, ან ავიდოდი რომელიმე მაღალ სვეტზე და ხმამაღლა მოვუხმობდი ამქვეყნად მცხოვრებთ:

მოკვდავნო, დაღვრილი სითხისგან ნაშობნო, უბადრუკნო, თქვენ, სიკვდილით მცხოვრებნი, ამაოებით ქედმაღლობთ! თქვენ, ვინც ძილში და ცხადად წარმოსახული მოლანდებების სათამაშოდ ქცეულნი და მათით მოთამაშენი ხართ, დიდხანს უნდა იხეტიალოთ დედამიწაზე უმიზნოდ? იცოდეთ, გონებით ამაღლებული ყველას აღემატება. ასე ავმაღლდი მეც, რადგან ღმერთმა მომანიჭა დიდი ცოდნა იმისა, თუ რა არის სასარგებლო და რა მავნე. გონება კი ყველაზე მაღლა დაფრინავს.

ის, ვინც იყო ახალგაზრდა და ძლიერი, მეგობართათვის საამაყო, დადიოდა თავაწეული და ჰქონდა მოქნილი სხეული; იყო დილის ცისკარზე მშვენიერი, გაზაფხულის ყვავილივით თვალწარმტაცი მამაკაცთა შორის, რომლისკენაც მიმართული იყო ყველას მზერა; ვის საგმირო საქმეებსაც ადიდებდნენ, ვინც საჭურველასხმულ არესს ჰგავდა; ვინც ასპარეზზე საუცხოოდ ერკინებოდა მხეცებს, მთებში კი მათ დიდებას ეცილებოდა. ვისაც იზიდავდა ნადიმები და მდიდრული ვახშმები, ვისი სტომაქიც ხმელეთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან იღებდა შესაწირს - ის ახლა დანაოჭებული და მიხრწნილია. ყოველივე დაჭკნა, მოვიდა სიბერე და სილამაზეც განქარდა. სტომაქმა სამსახურზე უარი თქვა, ამ ადამიანის მცირედი ნაწილი კიდევ ცოცხლობს, უდიდესი კი უკვე სამარეშია.

ვინც ქედმაღლობს განსწავლულობით, ოცნებობს თავისი კეთილშობილებისთვის შესაფერის მდიდრულ განსასვენებელზე, ან იმაზე, რომ მანაც შეძლოს საკუთარი სისხლით დაწეროს მომცრო გრაგნილები; ვინც ქალაქებში გაითქვა სახელი თავისი რჩევების შეუვალობით, ვის შესახებაც ყველა ლაპარაკობს; ვინც შეაგროვა უთვალავი სიმდიდრე და გონებაში კვლავ მის გამრავლებაზე ფიქრობს; ვისაც, მაღალ ტახტზე მჯდომს, აღაფრთოვანებს მისთვის ჩაბარებული სასწორი მართლმსაჯულებისა; ვინც მეწამული სამოსითა და შუბლზე დიადემით მეფობს ამქვეყნად, მას არად მიაჩნია ზეცა, თავად მოკვდავი უკვდავების იმედით არის აღზევებული.

-ეს ყოველივე ახლა ხდება; მაგრამ გაივლის მცირე ხანი და მისგან მხოლოდ ნეშტი დარჩება; მონები და კვერთხის მპყრობელნი, დაქირავებულნი და სიმდიდრით გაამაყებულნი - ყველა გათანაბრდება, ყველასთვის იარსებებს ერთი წყვდიადი, ერთი სავანე, ხოლო ამპარტავანთ დარჩებათ ერთი უპირატესობა: მათ უფრო ხმამაღლა დაიტირებენ - განსასვენებელიც უფრო მდიდრული ექნებათ და მათი საფლავის ქვაზე ამოტვიფრული წარწერა უფრო გამძლე გამოდგება.

ადრე თუ გვიან ყველა მოკვდავს ერთი ხვედრი ეწევა, ყოველი მათგანისგან საბოლოოდ დარჩება ოდენ მყიფე, სანახევროდ გახრწნილი ძვლები და შიშველი თავის ქალა.

დასრულდა (მდიდართა) ფუფუნება; მაგრამ აღარც ღატაკთ აწუხებთ ჯაფა, სახადი, სიძულვილი, ახირება, მეტის შეძენის სურვილი, დაუოკებელი თავხედობა. ყველაფერი მიცვალებულებთან ერთად მოკვდა, დასრულდა.... იმ ჟამამდე, სანამ აღმდგართა გზას არ გაუყვება.

ამ ყოველივეს მხილველნი თქვენ ხართ, შვილნო ჩემნო (მე შემიძლია ასე მოგმართოთ, რაკი ამქვეყნად თქვენზე დიდხანს ვიცხოვრე), ამიტომ ისმინეთ ჩემი რჩევები: უარვყოთ მთელი ქვეყანა და ყველაფერი, რაც ამსოფლად შფოთავს, რითაც გვხიბლავს მიწიერი ხელმწიფე - ეს მტაცებელი სხვისი საკუთრებისა, მავნებელი და კაცთა მკვლელი, განვუდგეთ სიმდიდრეს, დიდებას, პირველმჯდომობას, სახელოვან ჩამომავლობას, წარმავალ ბედნიერებას; რაც შეიძლება სწრაფად გავიქცეთ ზეცად, სადაც სამების აღუწერელი ნათლით ბრწყინავს ულევი მშვენიერება. სხვები, დაე, სათამაშო ქვებივით ცვიოდნენ აქეთ-იქით და სიამოვნებაც ჰპოვონ ამგვარ დაცემაში, ან სქელი საბურავით დაიბნელონ თვალები და კედელზე ხელის ცეცებით მიჰყვნენ ურთიერთს!

წიგნიდან: სიტყვა ნუგეშისცემისა
მთარგმნელები: რუსუდან ბუაჩიძე, ნინო ბელთაძე, ლონდა ჯიქია






გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი აზრი მოცემულ მასალაზე კომენტარის სახით!..





მსგავსი მასალები ტეგების მიხედვით:





Category: საკითხავი თემები | Added by: InterestingSite | Tags: cxovreba, ckhovrebis amaoeba, ckhovreba, წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, sicocxle, cm grigol gvtismetyveli, cxovrebis amaoeba, ცხოვრების ამაოება, sicockhle Views: 2028 | Downloads: 0 | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: